“მეგონა, სახანძრო მანქანების სირენების ხმა ისმოდა, ბომბების აფეთქება კი ფეიერვერკად მივიჩნიე…” – რას ჰყვება ისრაელიდან დაბრუნებული მომღერალი?

“ადამიანს იმედი ერთმევა და სიტუაციის სიმძაფრეს აცნობიერებ…”

მოგეხსენებათ, ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყო, საპასუხოდ კი ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მოქმედება გამოაცხადა… ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმისას, ქვეყანაში ცნობილი ქართველებიც იმყოფებოდნენ. მათ საქართველოში დაბრუნება მოახერხეს…

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:

ქეთი კვირკველია, ანსაბლ “გორდელას” წევრი:

“5 ოქტომბერს “გორდელა” იერუსალიმში, ძალიან კარგ ფესტივალზე მიიწვიეს. სცენაზე ფანტასტიკურად გამოვედით. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ რომელიმე ბენდისთვის, მონაწილისთვის ეთხოვათ, პროგრამა ცოტა კიდევ გაეგრძელებინათ. ჩვენთვის 40-წუთანი პროგრამა იყო გათვალისწინებული, მაგრამ გვთხოვეს, – იქნებ 20 წუთი კიდევ დაამატოთო… აღელვებულები, ეიფორიაში ვიყავით: წმინდა მიწაზე გახლდით, კონცერტმაც კარგად ჩაიარა…”

“დაღლილები, ემოციებით სავსე ვიყავით. გასტროლზე მყოფი ადამიანი ეშურები, რომ ყველაფრის ნახვა, ყველასთვის პასუხის გაცემა და მოფერება მოასწრო. იქ თითოეული ქართული სიტყვის გაგონება უხარიათ… 7-ში დილით იქაურმა მეგობრებმა გამაღვიძეს. თავად მეგონა, რომ სახანძრო მანქანების სირენების ხმა ისმოდა, ბომბების აფეთქება კი ფეიერვერკად მივიჩნიე…”

“გვეუბნებოდნენ, – მიჰყევით პროტოკოლს, ბუნკერში უნდა ჩახვიდეთო. ბუნკერი დაცული ოთახია, რომელიც აბსოლუტურად ყველა შენობას აქვს. ჩვენს ახლობლებს სიტყვა “ბუნკერის” ეშინოდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვიდეო გადაგვეღო, რომელიც შემდეგ ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს გავრცელებამდე დღეში თუ 10 ადამიანი გვირეკავდა, მერე კი ტელეფონი აღარ გაჩერებულა… მთავარი იყო საქართველოში წამოვსულიყავით…”

“აეროპორტში მისული იმედიანად ხარ, მაგრამ შევესწარით, რომ ჩვენი მეგობრების რეისი გადაიდო. ასეთ დროს მათზე ღელავ. იმასაც ფიქრობ – ჩემი ფრენაც არ გადაიდოსო. ადამიანს იმედი გერთმევა და სიტუაციის სიმძაფრეს მძაფრად შეიგრძნობ… საბოლოო ჯამში, საელჩოს და საკონსულოს დახმარებით, მათი გამოფრენაც მოხერხდა – საქართველოში ახლახან დაბრუნდნენ… ტერორიზმი საშინელებაა! დანარჩენი – პოლიტიკოსების კომპეტენციაა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით…”

სტატიას სრულად ჟურნალ “გზის” 12 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

წყარო: ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები