“სადღეგრძელოს ვამბობდი ოჯახის შესახებ, უცებ მეგობრები მოვიდნენ და გადამკოცნეს… სამ დღეში შევქმენით ოჯახი“- ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას სიყვარულის ისტორია
ლევან ჭოლა წულაძემ გადაცემა „მთავარ როლში“ მისი და მეუღლის გაცნობის ისტორია გაიხსენა და მათი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა:
„თეატრალურში მე უკვე პედაგოგი ვიყავი და მანანა იყო შესანიშნავი, მზეთუნახავი სტუდენტი, ოღონდ ჩემი არა. ერთ მშვენიერ დღეს გოგი მარგველაშვილმა მითხრა, მშვენიერი გოგოა, მოიყვანე ცოლად, სად იყურებიო. ისე მოხდა, რომ მივესალმეთ ერთმანეთს და რამდენიმე დღეში დასალევადაც წავედით მეგობრებთან ერთად. სამ დღეში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. სადღეგრძელოს ვამბობდი ოჯახის შესახებ. უცებ ყველა მოვიდა და გადამკოცნეს. ყველა კარგ ხასიათზე დადგა და ვიფიქრე, სანამ არ გადაუფიქრებია ამ კარგ გოგოს-მეთქი, ნახევრად ხუმრობაში მეორე დღეს ვიყავით უკვე ცოლ-ქმარი. თავქარიანად მოვიქეცი, მაგრამ მანანაც თავქარიანად მოიქცა.“ – აღნიშნავს მსახიობი.
მან ასევე გაიხსენა ის დროც, როდესაც დაფინანსების მისაღებად 2 თვით გერმანიაში წასვლა მოუწია:
„მანანა როდესაც ორსულად იყო, 2 თვით მომიწია გერმანიაში წასვლა. ძალიან მტკივნეული იყო ამ პერიოდში ჩემთვის წასვლა, თუმცა მანანამ გმირულად მიიღო ეს ამბავი და გამატანა ჩვენი ოჯახის რელიქვია, ყვითელი ჩემოდანი. ძალიან რთული იყო ეს განშორება. რომანტიკულ ფილმებში რომ არის, ასე წავედი“, – იხსენებს ლევანი.
წყარო: მარაო