“ყველაფერი, რაც სახიფათო იყო – ლიმფურ კვანძებზე გადასული მეტასტაზები, ბოლომდე ამოკვეთილია”- როგორია გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მომღერალი გიორგი გილიგაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მოულოდნელად გაიგო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. ასეც მოხდა და დღეს, საბედნიეროდ, როგორც გიორგი ამბობს, ყველაფერი ლეგენდარულად არის.
გიორგი გილიგაშვილი: განსაცდელამდე ასეთი ლექსი დამაწერინა უფალმა: „ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი,/ მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება,/ მე შეგიყვარებთ, აღარ დავიცდი,/ ლაღი იქნება ხვალ გათენება,/ ჩვენ შევიყვაროთ, ნუღარ დავიცდით,/ ლაღი იქნება ხვალ გათენება“. ეს პოეზია, დიდება უფალს, საკუთარ თავზე განმაცდევინა და აღმასრულებინა მანამდე დაწერილი სიტყვა. მადლობა უფალს ამისთვის. 33 წლის გახლავართ და ვამბობ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ. „ჩემს სამარეში არ ცივა,/ ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ,/ ჩემი სამშობლოს ფარი ვარ, მარადიული ქარი ვარ“ – თუ ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ და ქრისტეს მქადაგებელი ვარ, მეც უნდა მიმეღო 33 წლის ასაკში ჩემი წილი ჯვარცმა. მცირედი განსაცდელი იმ დიდ განსაცდელთან, რაც უფალმა მიიღო და იტვირთა კაცთა მოდგმისთვის. მე ველოდი, სიმართლე გითხრათ, ამ განსაცდელს. გულითად აღსარებას გეუბნებით. არ მსურდა, როგორც ქალაქურად ამბობენ, ქვემოდან გამოსვლა მხოლოდ კბილის ტკივილით. მინდოდა, რაღაც ისეთი მიმეღო, რაც ახლიდან დამბადებდა 33 წლის ასაკში და ცხოვრებას თავიდან დამაწყებინებდა. ღმერთის აღდგომას განმაცდევინებდა ჩემს თავში. „სამოსელი პირველის“ ჩოხით შევიმოსე. ჩემმა ლუარსაბ ტოგონიძემ საჩუქრად მომართვა. მაგას ვენაცვალე და სტამბოლში – კონსტანტინოპოლში, პირველ მართლმადიდებლურ კერაში წავედი ჯვარსამკლაურებით, სადაც ეს განსაცდელი სიყვარულით განვიცადე და დავძლიე ღმერთის სახელით. გულითადი მადლობა მლოცველთა მთელ არმიას, ჩემი ტაძრით დაწყებული, ერისა და ბერის ერთობით გაგრძელებული, რომელსაც ვგრძნობდი და გრძნობდა მთელი ჩემი ოჯახი. სამშობლოდან შორს დედაჩემი მახლდა თან, ჩემი მეგობრები, რომელთა ზარები არ წყდებოდა დედაჩემისა და ჩემი ოჯახის სანუგეშოდ. არის ასეთი ფილმი „ცხრა ძმა“, რომელზედაც ვმუშაობთ და „ცხრა ძმის“ გუნდის თაოსნობით, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე, ყველა გაერთიანდა. მთელი ქალაქი გაერთიანდა, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მხარე, რომელიც ჩემთვის კიდევ უფრო მეტად ნამდვილია. ადამიანები, ვინც მე და ჩემს ლამაზ ოჯახს გვერდით დაგვიდგნენ, არ იქნება სათქმელად მარტივი, როგორი დიდსულოვნები არიან. მოერიდებათ ვიცი. ასე რომ, მეც არ გავამხელ მათ სახელ-გვარებს. შესაწირი ვინც გაიღო გულწრფელად, შეეწირებათ ღვთის წინაშე. თავს ლეგენდარულად ვგრძნობ. ყველაფერი, რაც სახიფათო იყო – ლიმფურ კვანძებზე გადასული მეტასტაზები, ბოლომდე ამოკვეთილია. დიდება უფალს, ხმაც დამიბრუნდება როგორც ჩემი ქირურგი ამბობს. შემდეგ ჩემს ალბომს ჩემი ავტოგრაფით ელოდება, როგორც თვითონ მითხრა (იცინის).
– ეს მსმენელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ გამოვლინდა ეს პრობლემა?
– სამი წლის წინ, „იმედზე“ იყო ასეთი პროექტი „ყველაზე ძლიერი“. სანამ პროექტის ნაწილები გავხდებოდით, მონაწილეებს სრული გამოკვლევა უნდა ჩაგვეტარებინა. ერთ-ერთმა ქალბატონმა გამოკვლევებისას მითხრა: გიორგი, რაღაც კვანძები ჩანს, არ არის ზერელე, ყურადღებამისაქცევია და გთხოვ, მიაქციეო. კეთილი-მეთქი, – ვუთხარი ქალბატონს. შემდეგ დაიწყო კოვიდი, გავიდა ერთი წელი, ორი და ისე უჭირდათ სამედიცინო პერსონალს, მე აღარ მივედი ჩემი მიზეზით. ხალხი ძალიან ცუდ დღეში იყო და ზოგს ჩემზე მეტი პრობლემა ჰქონდა კოვიდის გამო. გადატვირთული იყო საავადმყოფოები და მათი ყურადღება და დრო დავზოგე. მაგრამ დიდება უფალს, ჩემს ძმა ირაკლი მაქაცარიასთან ვთქვი ეს სიტყვა – საუბარმა მოიტანა. მითხრეს, რომ რაღაც კვანძები მაქვს-მეთქი. იმდენად ვუყვარვარ მას ძმური სიყვარულით, რომ მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა. მისი მშვენიერის დედა არის ცნობილი ენდოკრინოლოგი და სასწრაფოდ შეყვარებულის დედიკოსთან მასტუმრა. ისეთი სურათი დაგვხვდა, რომ სასწრაფო ბიოფსია იყო საჭირო. ჩემი მეგობრები, ძმები გაერთიანდნენ წვეროსანი ძმისთვის და მითხრეს: გილიგ, მოდი, გაიკეთე ეს ოპერაცია კონსტანტინოპოლს თავის ბიოფსიით. ასე მოხდა ჩემი გამგზავრება თურქეთში. პირველი კვანძის ბიოფსიიდან გახდა ცნობილი, რომ ავთვისებიანი კარცენომა იყო, ფარისებრის კვანძებშიც იყო მეტასტაზები და აღარ გადავდეთ ოპერაცია. ამოიკვეთა სრული წილი ფარისებრი. მარჯვენა მხარეს დაზიანებული 12 კვანძიდან 8 იყო უკვე სიმსივნური, როგორც ექიმებმა მომახსენეს და სრულად ამოკვეთეს. როგორც მეუბნებიან, ეს ბარი ვაითის ხმაც, ცოტა ხანში აღარ მექნება (იცინის).
– რა იყო პირველი ემოცია, როგორი იყო ამის გაცნობიერება?
– მე მამზადებდა უფალი ამისთვის, რაღაცნაირად ვგრძნობდი სულ. თუნდაც ხვალ რომ სიკვდილს შევეყარო, კვლავ ღიმილი მექნება სახეზე ქრისტეს სიყვარულით. რადგან ყოველ დილით და საღამოს „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობ და მივმართავ ღმერთს, როგორც მამას ჩვენსას, მე თუ ღვთის შვილი ვარ, განა რისი უნდა მქონდეს შიში ამ წუთისოფელში?!. მხოლოდ და მხოლოდ სანუგეშოდ, საკურნებლად და გასაძლიერებლად არის ეს საჭირო.
– მკურნალობის პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდა?
– ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთი კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია. ახლა ჩამოვფრინდი საქართველოში. ეს საოცარი დღესასწაულები და ტკივილები მართლმადიდებლურ წიაღში ვეცდები, რომ გავატარო მარხვითა და ლოცვით. აღდგომის შემდეგ, მეორე კვირას, 10 რიცხვისთვის, კვლავ კონსტანტინოპოლს უნდა ვეახლო და როგორც მითხრეს, რამდენიმე დღე იზოლაციაში რადიაციული იოდით მკურნალობა ჩავიტარო. თუ სადმე მეტასტაზი არის დარჩენილი, იქაც რომ მოკლას, ასე ამიხსნეს ექიმებმა. ყველაფერი არის ლეგენდარულად, კარგად იქნება ღმერთით. რაც იქნება, იმას ვიღებ სიყვარულით.
– რა შეგვიძლია ვუთხრათ მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს?
– დღე და ღამე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ვიყავი. სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი, თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ასე რომ, არავინ თქვას, რომ ჩვენ ვერას დაგვაკლებს სნეულება. ყველას სამარე მიგველის, ვინც დედის მუცლით შობილაო, – ჩვენი ვაჟა ამბობს. ჩემი სათქმელის მიზანი ვინმეს შეშინება არ არის. უბრალოდ, თუ გინდა, სიცოცხლე უფრო დატკბეს და გალამაზდეს, გახსოვდეს, რომ გარდაცვალების ჟამი ახლოა. აუცილებელი არ არის სიმსივნე გჭირდეს, ყველა ცოცხალი სიკვდილს ვატარებთ. როდის გვაძგერებს გულში ის ბასრ მახვილს, ღმერთმა იცის. ასე რომ, ყოველი გათენებული ღამისა და ყოველი დაღამებული დღისთვის მადლიერები ვიყოთ. მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ 33 წელი მეცოცხლა, 33 წელი მეხარა, ამდენი ადამიანის სიყვარული მიმეღო. ცრემლიც ვღვარე, მაგრამ სიცოცხლე შევიგრძენი.
წყარო: თბილისელები