წერილი ემიგრანტების სახელით

თავს უფლებას ვაძლევ, ემიგრანტების სახელით გიპასუხოთ ყველას, ვისაც მიგაჩნივართ ქვეყნის მოღალატეებად, ადვილი ცხოვრების მაძიებლებად, მხდალებად და ქვეყნიდან გაქცეულებად!
თავს უფლებას ვაძლევ იმიტომ, რომ სხვაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანების ცხოვრებას და თავადაც ემიგრანტი ვარ, რომელიც მთელი ათეული წელია უანგაროდ ვემსახურები საკუთარ მამულიშვილებს უცხო მიწაზე. ვცხოვრობ მათი ტკივილითა და სიხარულით. ჩვენ გავიქეცით? არა, ბატონებო, ცდებით! ჩვენ არ გამოვქცეულვართ. ჩვენ იძულებით გამოგვაძევეს თქვენნაირმა უგულო და უსინდისო ადამიანებმა, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმისთვის, რომ სახელმწიფო შიმშილისგან გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმიტომ, რომ თქვენ “ვესტერ უნიონით” გზავნილები მიგეღოთ და, იცით, რის ხარჯზე?! თითოეული დამცირებული, განადგურებული, გაწამებული დედის, დის, ბებიის, ძმის, მამის, მეზობლის თუ ნათესავის ხარჯზე! სწორედ ემიგრანტების წამებით ღებულობს სახელმწიფო ყოველწლიურად მილიარდზე მეტ დოლარ შემოსავალს, საიდანაც თქვენი ჯანდაცვის პრობლემების უზრუნველყოფა ხდება. საიდანაც იღებთ პენსიებს, სახელმწიფოს უხდით გადასახადებს და საიდანაც თქვენი მუქთახორა მთავრობა ღორივით ძღება!
პირი გამოირეცხეთ, როდესაც ემიგრანტების ღალატზე საუბრობთ! ისინი უსახელო გმირები არიან, რომლებმაც საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ფეხი ჰკრეს და თავი გადადეს მილიონობით ადამიანის გადასარჩენად! მაშინ, როდესაც თქვენ გაშლილ სუფრებთან სხედხართ და სამშობლოს სადღეგრძელოს ბანალური ფრაზებით სვამთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები საკუთარ დაკარგულ ადამიანურ ცხოვრებას ნატრულობენ და ტირიან! უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მათ ცრემლებს სვამთ და მათი ოფლით ივსებთ სტომაქს!
ემიგრანტები?! ისინი გმირები არიან! ადვილია, არა, ცოლის გამოგზავნილ ფულს ძმაკაცებში ამაყად რომ ხარჯავ და „პუტანკებს“ სტენი?! ადვილია, არა, ბებიის ნაყიდი „მერსედესით“ გრიალი?! ადვილია, არა თქვენი შვილების გამწარებული ახალგაზრდობის წლებზე პირადი სიცოცხლის გახანგრძლივება?! ადვილია, არა, სუპერმარკეტებში კალათების გავსება?! კი, ადვილია, რადგან თქვენ არ იცით და ვერც ვერასოდეს შეიგნებთ იმ ფულის გემოს, რომელიც თქვენივე ახლობლებლის ცრემლით არის გაჟღენთილი! არცერთი ემიგრანტი პირადი ბედნიერების გამო არ წამოსულა საქართველოდან. ისინი თქვენ გამოაძევეთ, იმიტომ რომ თავად გადარჩენილიყავით!

ავტორი: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები