ავსტრალიური ბანკი Westpac-ი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი დარღვევების გამო 113 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (80 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისია (ASIC) ავრცელებს.
საერთო ჯამში რეგულატორმა ფედერალურ სასამართლოში ბანკისა და მისი 7 სტრუქტურის, მათ შორის სადაზღვევო და საპენსიო კომპანიების წინააღმდეგ 6 სარჩელი შეიტანა. ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ბანკმა 11 000 გარდაცვლილი კლიენტის „ფინანსური მომსახურებისთვის“ 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. ASIC-ის მტკიცებით, კიდევ 33 000 ადამიანი სხვადასხვა გადასახადის შესახებ შეუტყობინებლობის გამო დაზარალდა, 7000-მა კი ერთი სადაზღვევო პოლისის საფასური ორჯერ გადაიხადეს.
ASIC-თან შეთანხმების ფარგლებში Westpac-მა ყველა დარღვევა აღიარა და დათანხმდა როგორც ჯარიმის, ასევე კომპენსაციის გადახდას. კლიენტები კომპენსაციის სახით ჯამში 57 მილიონ დოლარს მიიღებენ.
Westpac-ი ავსტრალიის ყველაზე ძველი ფინანსური ორგანიზაციაა. ის 1817 წელს დაარსდა და ამჟამად ქვეყნის 4 ყველაზე მსხვილი ბანკიდან ერთ-ერთია.