„მესამე თვეა, სანგარში ვცხოვრობ…“ – გაიცანით ლუგანსკში მებრძოლი ქართველი ქალი

„ხედავათ ამ პატარა გოგოს? ეს ქართველი რუსკა ივანეიშვილია, ჩვენი მეომარი გოგო, ენაცვალოს ვანო ძია!!.“, – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე 26 წლის რუსკა ივანეიშვილზე.
რუსკა ივანეიშვილი ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც, 33 წლის მეუღლე – სამხედრო გელა ბეგლარაშვილთან ერთად, ქალაქ ლუგანსკში სანგარში მესამე თვეა, ცხოვრობს.
„ყველა დღე განსხვავებულია ჩვენთვის. აქ ყოველთვის მზადყოფნაში ვართ და არ ვიცით, როდის რა მოხდება.
რამდენიმე დღის წინ საველე მეთაური მოგვიკლა სნაიპერმა – მაქსიმ პოლოვი, ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე, ყველაზე აქ ვინც ვდგავართ, ლუგანსკში ფრონტის წინა ხაზზე. იძახიან, რომ ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაა დადებული, მაგრამ ფაქტი სახეზეა – თითქმის ყოველ ღამე გვაქვს შეტაკებები”, – ამბობს რუსკა “პრაიმტაიმთან“.
უკრაინაში მისი ჩასვლის ისტორია მეუღლეს უკავშირდება. მანამდე კი 5 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
„მესამე თვეა, სანგარში ვცხოვრობ. ეს კი წელიწადი გაგრძელდება. ღირსების განცდაა ჩემთვის პირადად და დიდი პატივში ვიმყოფებოდი აქ, აღმოსავლეთ უკრაინის მიწაზე. ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს და ეს არის რუსეთი!
ვცდილობთ მე და ჩემი მეუღლე, გადავიხადოთ იმ ქართველი და უკრაინელი გმირების ვალი, რომლებიც 1992-2008 წლიდან მოყოლებული იდგნენ ჩვენ გვერდით საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ”, – აცხადებს ის.
მისი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. ჰყავს დედ-მამა და და.
„ძნელად შეეგუა ჩემს ამ ნაბიჯს ოჯახი, მაგრამ იციან, რომ ეს ჩემი მოწოდებაა და სხვაგვარად არ ძალმიძს”, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის თვის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები. უკრაინას დღეს რუსეთთან ომის შემთხვევაში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე – 7 წლის წინ. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა, რუსლან ოსიპენკომ განაცხადა.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები