ნანა დოლიძე ოზურგეთელი გახლავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია. პროფესიით ექიმია, მაგრამ ახლა პენსიონერია. უამრავი ამბავი ახსოვს, რაც ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში ხდებოდა.
ქალბატონი ნანა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ორ ამბავს მოუყვა.
– რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში, სადღაც 60-იანი წლების დასაწყისში.
სამშობიაროში მუშაობდა გინეკოლოგი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ახალდაბადებულ ბავშვებს ყიდდა, მაგრამ, რეალურად, არავინ იყო მომჩივანი. ერთ დღესაც ,,გასკდა“ ერთი შემთხვევა, გამჟღავნდა ყველაფერი და დაიწყო გამოძიება. როცა მილიციამ დასაჭერად მიაკითხა, ექიმი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც ჩანს, შეიტყო, ციხე რომ ელოდა, საძილე წამლების გადაჭარბებული დოზა მიუღია და თავი მოუკლავს.
დაასაფლავეს ოზურგეთში, მოიდანახის სასაფლაოზე.
იმ წლებში მიცვალებულებს დაკრძალვამდე ყინულში დებდნენ. სასაფლაოები კი ასე კეთდებოდა: მიწაში ოთახს აკეთებდნენ და იქ ისე დგამდნენ კუბოს, მიწას არ აყრიდნენ. რაღაც, სარკოფაგისმაგვარი იყო. კუბოს ჩაუშვებდნენ, ზემოდანაც დალუქავდნენ და ეგ იყო. ჩემი მშობლებიც ეგრე არიან დასაფლავებული. დედაჩემმა ანდერძად დატოვა, მიწა არ დამაყაროთ, ისე დამასაფლვეთო, სხვათა შორის, როცა მამა გარდაიცვალა და სარკოფაგი გავხსენით, დედას კუბოს თავი ახადეს და ახლადდაკრძალულივით იყო, საერთოდ არ იყო შეცვლილი.
ეს გარდაცვლილი ექიმიც ასე დაასაფლავეს.
გავიდა 10 წელზე მეტი, გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი. ოთახი – სასაფლაოს ერთ გვერდზე საგულდაგულოდ ამოშენებული კარის ადგილი გამოამტვრიეს, რომ ამ ქალის გვერდით დაეკრძალათ. რაც იქ მესაფლავეებმა ნახეს, შოკში ჩააგდო ყველა!
ერთ მესაფლავეს კი თმა მომენტალურად გაუთეთრდა. როგორც თქვეს, გარდაცვლილი კუბოდან ამოსული იყო, სარკოფაგის კუთხეში მიყუჟულიყო და თითები სულ დაჭმული ჰქონდაო!
თქვეს კიდეც, ცოდვებმა უწიაო…
როგორც ჩანს, ქალი უბრალოდ გაითიშა წამლის დოზით და არ მოკვდა, შემდეგ ყინულში ჰყავდათ და როცა საფლავში გალღვა, გაცოცხლდა. საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა…
ამ შემზარავი ამბის შემდეგ, ოზურგეთის სამშობიაროში ყველაფერი წესრიგში იყო! ვეღარავინ ბედავდა, რომ თავის თავზე ამხელა ცოდვა აეღო.
და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აღარ აკეთებდნენ სარკოფაგებს.
ეს ამბავი ბევრ ოზურგეთელს ეცოდინება და, ალბათ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგიკავშირდებიან კიდეც.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გააშვილა ბებიამ შვილიშვილი. მშვილებელმა ოჯახმა სადგურზე დაიბარა, რომ ბავშვი მიეყვანათ. თბილისის მატარებლით უნდა წავიდეთო, უთქვამთ.
მიუყვანეს ახალშობილი, მშვილებელი ოჯახი მატარებელში ავიდა, მაგრამ მეორე კარიდან ჩასულან. აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი იქვე ცხოვრობდა და არსად გამგზავრებას არ აპირებდნენ. ბებიას კი ეგონა, რომ თბილისში გააშვილა.
წლების მერე „გასკდა“ ეს ამბავი და მაშინ გაირკვა ყველაფერი.
უამრავი ასეთი ამბავია, რაც იდუმლებითაა მოცული და შესაძლოა, სიცოხლის ბოლომდე ვერ იპოვოს ბიოლოგიური შვილი ან დედა.
წყარო: “პრაიმტაიმი”