„დიდი მუტაციის“ დაწყება – რამაზ გიგაური 2020 წლის მოვლენებზე

2020 წელი – „დიდი მუტაციის“ დაწყება

© რამაზ გიგაური
ბევრი ასტროლოგი (მათ შორის მეც) 2019 წლის დეკემბერში მიუთითებდა, რომ 2020 წელი კრიზისული და რთული იქნებოდა.
მე მაშინ პარალელი გავავლე 2008 წელთან (ანუ წინა ვირთხის წელთან), როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო. რეალურად, მსოფლიო ახალი კრიზისის წინაშე დგას და ეს ვლინდება ყველა მიმართულებით.
კოვიდ19 – მსოფლიო გლობალური კრიზისის საწყისი წერტილი გამოდგა.
განვიხილოთ (უფრო სწორედ გავიხსენოთ) 2020 წლის ძირითადი ასტროლოგიური მახასიათებლები.

იუპიტერი-სატურნის შეერთება
2020 წლის პირველი ასტრომოვლენა, რომლის სახელწოდება („დიდი მუტაცია“) სტატიის სათაურშია გამოტანილი – ეს არის იუპიტერისა და სატურნის შეერთება. ეს ასტროლოგიური მოვლენა 20 წელში ერთხელ ხდება, თუმცა დაახლოებით 200 წელი სჭირდება, რომ ეს შეერთება განსხვავებულ სტიქიაში მოხდეს (2020 წელს ეს უკავშირდება ჰაერის სტიქიას).
იუპიტერისა და სატურნის შეერთება მსოფლიო (მუნდანურ) ასტროლოგიაში უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, მის შესახებ კი ჯერ საქვეყნოდ ცნობილი არაბი ასტროლოგები – აბუ მაშარი (VIII-IX ს.ს.) და ალ-ბირუნი (X-XI ს.ს.) წერდნენ.
ეს ასტროლოგიური მოვლენა პოეტურ ხერხად მოხსენიებული აქვს შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანში“: „ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“.
იუპიტერი-სატურნის შეერთების გავლენა გრძელდება 20 წელს, თუმცა განსხვავებულ სტიქიაში პირველი შეერთების გავლენა – დაახლოებით 200 წელს(!!!).
2020 წლის დასაწყისში იუპიტერ-სატურნის არაზუსტ შეერთებას 2020 წლის 21 დეკემბერს მოჰყვება ამ ორი პლანეტის ზუსტი შეერთება (მერწყულის ზოდიაქოში). ამით ფორმალურად დასრულდება „მიწის სტიქია“ და დაიწყება ახალი „ჰაერის სტიქია“. სწორედ ამას ეწოდება „დიდი მუტაცია“ (ლათ. mutatio — ცვლილება).

როდის იყოს ბოლოს „ჰაერის სტიქიის“ „დიდი მუტაცია“?! 1226-1425 წლებში.
კიდევ ერთი „ჰაერის სტიქიის“ „დიდი მუტაცია“ იყო 452-630 წლებში.
ისტორიის ზედაპირული ცოდნაც კი საკმარისია რომ მივხვდეთ რა მოვლენებს უკავშირდება ეს პერიოდები. ეს არის „იუსტინიანეს ჭირი“ და „შავი ჭირი“.
ორივე პანდემიის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ უდიდესი გავლენა მოახდინა მაშინდელ გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნების განვითარებაზე. მაგალითად, „იუსტინიანეს ჭირმა“ (რომელიც მსოფლიოში პირველი დადასტურებული ეპიდემიაა) ეკონომიკურად დაანგრია მთელი ევროპა და განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერია. „შავი ჭირის“ გამო კი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფმა საფრანგეთმა და ინგლისმა ზავი დადეს, რადგან ფაქტობრივად ბრძოლა აღარ შეეძლოთ (პანდემიის ამ ტალღამ ვიკინგებამდეც კი მიაღწია და მათი დასუსტება გამოიწვია).

„დიდი მუტაციის“ დროს იცვლება ენერგეტიკა და იცვლება „დრო“.
„მიწის სტიქიის“ „ჰაერის სტიქიაში“ გადასვლა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო („მცირე მუტაცია“), თუმცა მაშინდელი ციკლი მხოლოდ 20 წელს გაგრძელდა და გეოპოლიტიკური კუთხით რა ცვლილებები მოხდა 1980-2000 წლებში ალბათ ამის განხილვაც კი ზედმეტია.
შემდეგი „შეერთება“ ისევ მიწის სტიქიაში იყო და უკვე 2020 წლიდან იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა გაგრძელდება დაახლოებით 200 წელი.
ასე რომ, 2020 წლიდან იწყება ახალი რეალობის ფორმირება, იქნება ახალი გამოწვევები, ახალი კრიზისები და საჭირო გახდება ამ კრიზისების სწორედ ახალი გადაჭრის გზები, რომლებიც „ახლებურ აზროვნებას“ მოითხოვს (ეს შეიძლება შევადაროთ მობილური ტელეფონის განახლებას, როდესაც აპლიკაციების „აფდეითი“ ხდება).

სატურნი-პლუტონის შეერთება
აუცილებლად უნდა ვახსენოთ 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა. ეს არის ასტროლოგიური თვალსაზრისით მასშტაბური კრიზისის მაჩვენებელი სატურნი-პლუტონის შეერთება (ზუსტი შეერთება 2020 წლის 12 იანვარს იყო). ამ ასტროლოგიურ მოვლენას „ტრანსფორმაციის“, „ნგრევა-აშენების“ ასპექტს უწოდებენ. რეალურად, ეს ასპექტი „ადასტურებს“ 2020 წელს არსებულ კრიზისს. ის მიმანიშნებელია იმისა, რომ ბევრ სისტემა დაიშლება (რათა ახლიდან აშენდეს) ან მის ტრანსფორმაცია მოხდება.
ეს ასპექტი გარკვეულწილად მიუთითებს გარკვეულ კრიზისზე, დაპირისპირებებზე (მათ შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე) და თავი რომ დავანებოთ წლის დასაწყისში ამერიკა-ირანის დაპირისპირებას ან 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ საფრთხეებს (ამაზე ცოტა მოგვიანებით), ეს უკვე ომია. ომი, რომლის ერთ მხარეს არის ვირუსი და მეორე მხარეს კაცობრიობა.

ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზი
> ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, სატურნს, რომელიც მარტის ბოლოს მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, გარკვეული პოზიტივი უნდა მოეტანა. თუ გავიხსენებთ, სწორედ ჯერ მარტის ბოლოს და აპრილის პირველ ნახევარში იტალიაში და ესპანეთში (სადაც კოვიდით დავირუსების პიკი იყო) გამოითქვა იმის ვარაუდი, რომ ვირუსი უკან იხევდა. მაისში და ივნისი ყოველდღიური დავირუსებულების და გარდაცვლილების რაოდენობა ძალიან შემცირდა. ამ სცენარის მიხედვით პანდემია ძალას დაკარგავს და მისი გავლენა 2020 წლის მეორე ნახევარში მინიმალური იქნება.
> პესიმისტური პროგნოზის მიხედვით, პანდემიის გავლენა 2021 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება, ანუ იქამდე სანამ რეტროგრადულად მოძრავი სატურნი დირექტიულად არ დაიწყებს მოძრაობას და მერწყულის ზოდიაქოში საბოლოოდ არ გადავა (ეს 2020 წლის 17 დეკემბერს მოხდება).

მარსი ვერძში
2020 წლის მეორე ნახევრის ერთგვარი აგრესიული ლაიტმოტივი იქნება აგრესიის, ბრძოლის, ომის პლანეტა მარსის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში. ეს 28 ივნისს მოხდება.
როგორც წესი, მარსი ერთ ზოდიაქოს ნიშანში ორი თვე მოძრაობს. თუმცა ამჯერად ის სამჯერ მეტ პერიოდს დაჰყოფს და ვერძს 2021 წლის 7 იანვარს დატოვებს.
ამას განაპირობებს მარსის რეტროგრადული („მარყუჟისებური“) მოძრაობა.
მარსი – ვერძის ზოდიაქოში ძალიან ხისტი და აგრესიული მოქმედებებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის მეორე ნახევარი დინამიკური, აქტიური, ენერგიული და ხისტი იქნება. როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გართულდება ურთიერთობები და მოსალოდნელია მხარეებმა უპირატესობა აგრესიულ მოქმედებებს მიანიჭონ. რაც ბუნებრივია, გაზრდის კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობას.
აქედან ყველაზე რთულ თვეებად უნდა მივიჩნიოთ აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, როდესაც მარსი კვადრატულ ასპექტებს შექმნის იუპიტერთან, სატურნთან და პლუტონთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ივნისის მესამე დეკადიდან მოიმატებს ზემოთ აღწერილი ტენდენციები, პიკად მაინც აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი უნდა მივიჩნიოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კრიზისი. არ გამოირიცხება ტექნიკური ავარიები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება აღმოსავლეთ აფრიკაში (ზაირი, სუდანი, ეთიოპია), არაბეთის ნახევარკუნძულზე (იემენი, ომანი), პაკისტანში, ინდოეთში და ჩინეთში).

პოზიტიური ტენდენციები
მარსის ეს ინგრესია მოიტანს ჰიპერაქტიურობას, რასაც გაბედული და ინიცივიატიანი ადამიანები სასიკეთოდ გამოიყენებენ. ადამიანებში მოიმატებს თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა, ბევრი ადამიანი დაიწყებს ახალ პროექტს ან უკვე არსებულში შეიტანს ახალ იმპულსებს. ბევრი მიმართულებით მოსალოდნელია „მეორე სუნთქვის“ გახსნა და მოვლენების დინამიკური განვითარება.
2020 წლის მეორე ნახევარი ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის ზოდიაქოში მარსი ან სტელიუმი აქვთ განთავსებული. ეს ადამიანები ბევრი პრობლემის ახლებურად დანახვას შეძლებენ და ეს მათთვის განახლების, ერთგვარი „რეფრეშის“ პერიოდი გახდება. მთავარია, არ იყვნენ იმპულსურები და აჩქარებულები. ასე შექმნილ პერსპექტივებს უფრო სასიკეთოდ გამოიყენებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები