“ახლა უფრო ბედნიერი ვარ!”-მიშა ანდღულაძემ მეუღლესთან გაშორების შემდეგ წიგნი დაწერა

მიშა ანდღულაძის გულახდილი ინტერვიუ

“კომედი ჯგუფის” მსახიობი და სცენარისტი – მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ… მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს…

– კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით – ეს “მეორედ მოსვლა” ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ… წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს – რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე… თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა… კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. “A” ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი “ზურგზე დავაგდე”. ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება… თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა: 15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს…
– კარანტინს ვისთან ერთად ატარებთ?
– შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად… ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო.
– ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის ფონზე, განქორწინებულს შვილთან ურთიერთობისას დისკომფორტი ხომ არ გექმნებათ?
– არანაირად, პირიქით – რაც დრო გადის, ჩვენი შვილის ცხოვრებაში მშობლები უფრო მეტად ჩართულები ვართ. 10 წლის მოსე გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებს, გარკვეულს – დედასთან. შეიძლება, სადმე ერთადაც შევიკრიბოთ ხოლმე…

– შვილის ონლაინგაკვეთილებს თვალყურს ადევნებთ?
– კი, 1-2 მასწავლებელიც გავიცანი და არასწორი, “ნერვატული გამოხტომის” ფაქტზეც გამოვიჭირე, რაც მისთვისაც და ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ასე რომ, რაღაც დადებითი მხარე ონლაინგაკვეთილებსაც აქვს: შეიძლება, მშობელმა მასწავლებელში ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინო, რადგან რეალურად, ჩვენ ხომ არ ვიცით, მასწავლებლები როგორ იქცევიან, რა ფრაზებით სარგებლობენ, როცა გაკვეთილის მსვლელობისას ბრაზდებიან? თურმე, მეტი კონტროლი გვჭირდება – საკუთარი თავისაც, მასწავლებლებისაც და ბავშვებისაც.
– რა ფორმით ახვედრებთ მასწავლებელს, რომ არასწორად იქცევა?
– სკოლის ადმინისტრაციას ვუკავშირდები და კონკრეტულ ხელმძღვანელს ვეუბნები, – ეს მოხდა, მასწავლებელს დაელაპარაკეთ და გააფრთხილეთ, რომ შემდეგში იგივე არ განმეორდეს-მეთქი. პირველი ეტაპი ეს არის, რაც ჯერჯერობით, კარგად მუშაობს. ასეთი მეთოდი არა მარტო პანდემიის პერიოდში, არამედ ყოველთვის საჭიროა. ხანდახან ადამიანებს თავი უშეცდომო გვგონია. რადგან უფროსები ვართ, ვფიქრობთ, უპირატესობა გვაქვს, თუნდაც – აგრესიის გამოხატვის მხრივ. სამწუხაროდ, ხშირად ვცდებით… ალბათ, ამ პერიოდში მშობლებმა უკეთ დააფიქსირეს, რომ შვილებს მეტი ყურადღება, დახმარება და კონტროლი სჭირდებათ. “კონტროლში” იმას ვგულისხმობ, რომ მაგალითად, ბავშვების გარემო აკონტროლონ, რამდენად უსაფრთხოა. ამ მხრივ, ჩემი აზრით, შინჩაკეტილობამ ადამიანებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა.
– მართალია, აღნიშნეთ, ჩემთვის კარანტინი კომფორტულიაო, მაგრამ როცა თითქმის ყველა დაწესებულება დახურულია, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა, თუნდაც წუთიერად პანიკის შეტევები ხომ არ გაქვთ?
– არა. პანიკა გადატანილი მაქვს – მთელი ჩემი ბავშვობა პანიკაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, ისეთი “კარგი” გამოცდილება მაქვს (90-იანი წლები, მძიმე სოციალური მდგომარეობა…), რომ პირად სივრცეში ასეთი სიმშვიდე არასოდეს მქონია. ეს პანიკა იმასთან შედარებით არაფერია, რაც გამოგვივლია…
– ამჟამინდელი თვითიზოლაციის გარდა, ყველაზე ხანგრძლივად შინ რა პერიოდი გაგიტარებიათ?
– ამხელა დასვენების საშუალება, ასეთი კომფორტი მხოლოდ ბავშვობაში გვქონდა, რასაც ვერ ვაფასებდით. თურმე, თავისუფალი დრო ძალზე ძვირფასი რამ არის. ვირუსმა გვიჩვენა, რომ ცხოვრებაში ის წვრილმანები და მატერიალური მიჯაჭვულობა არც ისე მნიშვნელოვანია, რის გამოც ადამიანები ვიტანჯებით. მგონი, პანდემიამ ხალხი სიცოცხლის არსზეც დააფიქრა. შეიძლება, სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები უფრო მეტად დააფასონ. შექმნილმა სიტუაციამ ადამიანებში შემოქმედებაც “გახსნა”. ალბათ, გაისად უფრო მომზადებულები ვიქნებით, მესამე წელს კი – ვირუსს თავად შევქმნით. ყოველთვის თითქოს წარმოუდგენელი რაღაც ხდება… საინტერესო გარემოში ვცხოვრობთ.
– ეთანხმებით გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო?
– ჩემი აზრით, სამყარო არ იცვლება – სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება. გვინახავს ადამიანები, რომლებიც კარგ სივრცეში ცუდად არიან და პირიქითაც ხდება… ასე რომ, სამყაროს როგორც ვუყურებთ, ისიც ისე გვიყურებს. ვისთვის რა იცვლება, ინდივიდუალურია.
– მართალია, ზედმეტი წონის პრობლემა არასდროს გქონიათ, მაგრამ ამ მხრივ, კარანტინმა თქვენზე როგორ იმოქმედა?
– ამ მხრივაც კომფორტულად “გამოვძვერი”: მზარეულობა ვისწავლე. გამორიცხული არ არის, გაისად სახლში კარგი რესტორნის გახსნაც შევძლო. თხელი ბლინების გამოცხობაც ვისწავლე, სქელზე ხომ აღარაფერს ვამბობ… ახლა უკვე ვეგანური ბლინების “შემუშავების” პროცესში ვარ, რომ მომავალი კარანტინისთვის უკვე ვეგანურიც მზად მქონდეს…
– ვეგანი ხართ?
– არა, მაგრამ ვცდილობ, ისე ვიკვებო, რომ კომფორტულად ვიყო… კარანტინის პერიოდში, თავდაპირველად, წონაში 300 გრამი მოვიმატე, შემდეგ ჩემი წონა ისევ დავაბალანსე.

კომენტარები

სხვა სიახლეები