ჯონი დეპი ავსტრალიის მოსახლეობისთვის ჩაწერილი ვიდეომიმართვის გამო გააკრიტიკეს

 

ჯონი დეპის და მისი მეუღლის ვიდეომიმართვა, რომელიც ავსტრალიის მოსახლეობისთვის ჩაიწერა, საზოგადოებამ ჰოლივუდის ვარსკვლავის ყველაზე ცუდ როლად დაასახელა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა მიმართვა, რომელშიც ავსტრალიის მოსახლეობას კონტინენტის ბუნების დაცვისკენ მიუწოდებს, მას მერე გამოაქვეყნა, რაც დეპის მეუღლე ავსტრალიის ტერიტორიაზე საკუთარი ძაღლების უკანონო ჩაყვანის გამო ციხეს გადაურჩა.

უცხოური მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ჯონი დეპი და მისი მეუღლე ჩანაწერის გამო გააკრიტიკეს და დასცინეს კიდეც.

ერთ-ერთ კომენტარში სოციალური ქსელის მომხმარებელმა დეპის ყველაზე ცუდი როლების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის ვიდეომიმართვა მეორე ადგილზე მოხვდა, პირველზე კი – ფილმი „მორდეკაი“.

ხალხის მოსაზრებით, ავსტრალიის მოსახლეობის მიმართ ჯონი დეპის მიმართვა „მარტოხელა რეინჯერის“ პერიოდის ყველაზე ცუდი როლია. ვიდეოს ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წყვილი ტყვედაა აყვანილი, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები. ზოგმა კი ჩანაწერს დაარქვა პროპაგანდა ჩინეთის ან ჩრდილოეთ კორეის სტილში, – აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები