”ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე”

მომღერალი მარიტა როხვაძეშემოქმედებითად ძალიან აქტიურია, ჰყავს ბენდი, რომელთან ერთადაც მღერის კლუბებში, თუმცა სურს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს, მალე ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას… ამასთანავე, უკვე დამუშავებული აქვს პროექტი ერთ-ერთ დიჯეისთან ერთად, რომელსაც მსმენელს სულ მალე წარუდგენს.
მომღერალს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

– ზოგადად, ტრადიციული ვარ, თუმცა არის თემები, რომლებიც არ მესმის, მაგალითად, თამადის ინსტიტუტი… თამადას კი არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, მეც ძალიან კარგი თამადობა შემიძლია და ვფიქრობ, სუფრას უნდა ჰყავდეს წინამძღოლი, რომელიც საღამოს კარგად ჩაატარებს, დამსწრე საზოგადოებას მისცემს ცეკვის, სიმღერის, გართობის საშუალებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუფრის წევრები ხელის აწევით ელაპარკონ და სულ მას უსმინონ.
– რას ფიქრობ მაჭანკლობაზე?
– მაჭანკლობის ფენომენს ვერ ჩავწვდი. ჩემი აზრით, მაჭანკალი არის ადამიანი, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებით იღებს სარგებელს. თორემ, ჩემს ბიჭ მეგობარს ჩემი მეგობარი გოგო რომ გავაცნო და ერთმანეთი შეუყვარდეთ, მეც მაჭანკალი გამოვდივარ?
– რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის თემას.
– ვეთანხმები იმას, რომ წყვილმა ოჯახის შექმნამდე გარკვეული დროით ერთად უნდა იცხოვროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჯერ ერთთან ვიცხოვრო, არ მომეწონოს, გადავინაცვლო მეორესთან, მერე მესამესთან და ა.შ. ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, პატარა გოგო-ბიჭებმა გერლფრენდ-ბოიფრენდობა სულ სხვანაირად გაიგეს და მათთვის პარტნიორის ხშირი ცვლა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც კარგი ნამდვილად არაა. როცა ადამიანი სერიოზულად მომეწონება, არ ვიცი, მასთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრებ თუ არა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, იმდენად ხშირად ვიყოთ ერთად, რომ ძალიან კარგად გავიცნო და ახლო ურთიერთობა საჭირო არ იყოს.
– ახლო ურთიერთობაში სექსუალურ კონტაქტს გულისხმობ?
– კი. მსმენია ისეთი ოჯახების შესახებ, რომლებიც წყვილის შეუთავსებლობის გამო დანგრეულა. ამ საკითხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს, ქორწილს რომ ახლავს პირველი ღამე, თუმცა წინასწარ რამეზე თავის გაგიჟება არ მინდა.
– ჩვენს რეალობაში აქტუალურია თუ არა ქალიშვილობის ინსტიტუტი?
– სიმართლე გითხრა, ამ თემაზე ცოტა მეცინება. ესაა თემა, რომელსაც ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ უყურებს და ასეც იქცევა. 13-14 წლის ბავშვები მხოლოდ იმისთვის რომ თხოვდებიან, ოღონდ საწოლის გემო გაიგონ, ეს საშინელებაა. ჩემი აზრით, ეს განათლების ნაკლებობიდან მოდის. თუმცა იმავდროულად ვიცნობ ადამიანს, რომელიც 47 წლის ასაკში გათხოვდა, ქალიშვილი გახლდათ, მაგრამ გონებრივი პრობლემები ჰქონდა. ქალიშვილობასაც აქვს ზღვარი და ასაკი, ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს, თუმცა ქართული მენტალიტეტი ცოტა სხვა რამეს გვკარნახობს, ქალი თუ ქალიშვილი არაა, ის ოჯახში როგორ შემოვიყვანოო, – ამბობენ და იწყება განხილვა, ბიჭის სანათესავოს, დედამთილ-მამამთილის ჩარევა და ა.შ. როცა გოგო თხოვდება, მიჰყვება ბიჭს და არა მის ნათესავებს, დედას ან მამას, ამიტომ წყვილმა ერთმანეთთან უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და არა სხვებთან.
– შვილის გაჩენა ქმრის გარეშე.… ამაზე რას ფიქრობ?
– ცოტა შეიცვალა დამოკიდებულბა, მაგრამ არა ბოლომდე. ვფიქრობ, მე არ დამიდგება ისეთი დრო, რომ შვილი მამის გარეშე გავზარდო. თუნდაც იმიტომ, რომ უმამობა ბავშვზე ძალიან მოქმედებს და მამას ვერავინ შეუცვლის. თუ ქალს აქვს სურვილი, შესაძლებლობა, შვილი გაზარდოს მარტომ, რატომაც არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება? მაგრამ ჩემს შვილს აუცილებლად ეყოლება დედაც და მამაც.
– მარიტა, ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
– ეს ის თემაა, რომელზეც, შეიძლება ითქვას, მაგრად ”ვჭედავ”, რას ნიშნავს, კაცი წავიდეს, გაერთოს ერთჯერადად?! თუ ქალი სრულყოფილი ხარ და შეგიძლია, ნებისმიერი სიამოვნება მიანიჭო ქმარს, რატომ უნდა გაიხედოს სხვისკენ, არ მესმის. ლამაზ ქალს ან კაცს რომ დაინახავ, შეიძლება შეხედო, თვალს წყალი დაალევინო, მაგრამ ღალატი ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია. თუ ქალი კაცს ღალტობს, კაცის ბრალია, და თუ კაცი ქალს ღალატობს, ქალის დანაშაულია, ეტყობა, მეორე ნახევარს ვერ აძლევს იმას, რაც უნდა, იმდენად თავისუფალი ვერაა მასთან, როგორც ამის სურვილი აქვს. როცა შენს საყვარელ ადამიანს გვერდით უდგახარ, ბოლომდე გესმით ერთმანეთის, ის სხვაგან არ გაიხედავს, იცის, რამდენი რამ დააკლ-დება და რა დღეში ჩავარდება შენი დაკარგვით, წყვილს ერთმანეთის დაკარგვის უნდა ეშინოდეს. ურთიერთობა ვალდებულებაში რომ გადადის, მასში უკვე ბზარია.
კიდევ განსაკუთრებულად მაღიზიანებს უარყოფითად საუბარი ყოფილ შეყვარებულზე, ცოლზე, ქმარზე და ა.შ. არ მესმის, დაშორების შემდეგ ლანძღვასა და შეურაცხყოფას სხვის თვალში რა აზრი აქვს.
– შენს მეგობრებში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები თუ არიან?
– ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ბევრი ერთგული მეგობარი მყავს, რომელიც არაა ტრადიციული ორიენტაციის. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს გამორჩეული მეგობრობა შეუძლიათ, იციან გვერდში დგომა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კაცს კაცი მოსწონს თუ ქალს ქალი, თუ მე არაფერს მიშავებს, მეტიც, მიწევს კარგ მეგობრობას, მაშინ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მის სექსუალურ ცხოვრებას?
– ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი თაობის ბიჭები შეიცვალნენ, თითქოს დასუსტდნენ, ეთანხმები ამას?
– შეიცვალნენ იმიტომ, რომ ქალები ძალიან გავძლიერდით, ხანდახან მამაკაცებზე ძლიერებიც კი ვართ. მაგალითად, ჩემ გვერდით სუსტი კაცი ვერ გაჩერდება, თუნდაც ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ვმღერი კლუბში, მაქვს გასტროლები, მივდივარ-მოვდივარ, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით არ იქნება ასეთ ვითარებაში, მაგრამ უნდა მენ-დობოდეს. როგორი შეძლებულიც გინდა იყოს, სულ სასახლეში რომ მაცხოვროს, ყველანაირად უზრუნველმყოს და მითხრას, არ იმუშაო, იყავი შვილებთანო, სულ სახლში ვერ დავჯდები. დღეში 50 ლარიც რომ მქონდეს, მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო და ჩემი შემოსავალი მქონდეს. 13 წლიდან ვმუშაობ და ჩემი ფული მაქვს, ყველანაირ სურვილს თავად ვისრულებ, ჩემს ოჯახსაც ვეხმარები და სხვაზე დამოკიდებული არ ვარ. ქალებს უკვე გვაქვს ჩვენი ადგილი და დაიმსხვრა ის სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა იყოს და სამსახურიდან მოსულ ქმარს წინდას უნდა ხდიდეს.
– ”ტეხავს” ქმრისთვის წინდის გახდა?
– არა, საჭიროების შემთხვევაში ქალმაც უნდა გახადოს კაცს წინდა და კაცმაც უნდა გააკეთოს იგივე, თუ მეორე ნახევარი სახლში დაღლილი მოდის. გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. რატომ არ შეიძლება, ქმარმა ცოლს მოუმზადოს სადილი ან ვახშამი? რატომ უნდა ემსახურებოდეს მუდმივად ცოლი ქმარს, არ შეიძლება, კაცმაც ასიამოვნოს ქალს, თუნდაც სადილით, ყურადღებით და ა.შ.?!
– დასასრულ, შენს პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხო.
– ჩემი პირადი ცხოვრება გახდა საქმე. ის, რაც იყო, დამთავრდა, ამიტომ ახლა მთლიანად საქმეზე ვარ გადართული.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები