”ჩანჩურა კაცის ცოლი ვარ, მამაჩემის ფულის ხათრით ქმარმა ღალატიც კი მაპატია”…

ქალბატონმა, რომელიც რედაქციაში დაგვიკავშირდა და თავი ნინიად გაგვაცნო, გვითხრა, რომ ჩვენთვის თავისი ამბის მოყოლა სურდა. მასთან სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ნინიამ გაგვიმხილა, თუ როგორ აპატია ქმარმა ღალატი…

– დედისერთა ვარ. დედაჩემი ისეთი ლამაზი ქალია, რომ დღემდე ქუჩაში ყველა თვალს აყოლებს. მამაც ძალიან სიმპათიურია, არ ვიცი, მე ვის დავემსგავსე ასეთი შეუხედავი. თუმცა ეს წლების წინ იყო, ახლა სხვანაირი ვარ. ჩემი გარეგნობა ყოველთვის მაკომპლექსებდა. საბედნიეროდ, მამაჩემს ყოველთვის კარგი შემოსავალი ჰქონდა და როგორც კი სკოლა დავამთავრე, ერთი წლით საზღვარგარეთ გავემგზავრე და იქ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. საშინელი, მძიმე დღეები გამოვიარე, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბოლოს, როცა სახე დამიცხრა და სარკეში ჩავიხედე, იქიდან სულ სხვა ქალი იყურებოდა. პირველი რამდენიმე დღე საკუთარი გარეგნობა იმდენად მეუცხოებოდა, რომ მეგონა ვერასოდეს შევეგუებოდი ახალ ნინის, მაგრამ მერე ეს განცდა გამიქრა. თმა შევიჭერი, ქერად შევიღებე, ახალი ტანსაცმელი შევიძინე და თბილისში იმიჯშეცვლილი დავბრუნდი. ნათესავებმა და მეგობრებმა ვერ მიცნეს. მამაჩემი ყოველ წუთს მათვალიერებდა, მოკლედ, ჩემით ყველა აღფრთოვანებული იყო. მეორე წელს უმაღლესში ჩავაბარე და პოპულარულიც გავხდი, მაგრამ მე არავინ მომწონდა, მეგონა, რომ ყველა მამაჩემის ფულის გამო მამჩნევდა და მე არ ვუყვარდი.
– რატომ? თქვენ ხომ თქვით, რომ ოპერაციის შემდეგ საკმაოდ მიმზიდველი გახდით?..
– კი, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ვინც კი შემხედავდა, მეგონა, რომ მამაჩემის ქონების გამო მოვწონდი. ალბათ მაინც ვერ დავძლიე ბავშვობის კომპლექსი, რაც წლების განმავლობაში მტანჯავდა.
– მეუღლე როგორ გაიცანით?
– ერთ-ერთი ჯგუფელის სახლში. ლევანი ჩემი მეგობრის ბიძაშვილი იყო. იცით, მასში რამ მომხიბლა?! ლევანი უბრალო იყო, უპრეტენზიო და მორცხვი. მშობლები სოფელში ჰყავდა, თვითონ თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისი მორთმეული გამხმარი ფოთოლიც კი ჩემთვის უფრო ღირებული იყო, ვიდრე სხვისი ნაჩუქარი ძვირად ღირებული თაიგულები. სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩვენს ურთიერთობაში ინიციატივას მე ვიჩენდი, მაგრამ მერე ისიც გააქტიურდა. ისე შევუყვარდი, ერთ დღესაც ვერ ძლებდა უჩემოდ. ოჯახის წევრებს ჩემი ამბავი რომ ვუამბე, მამაჩემმა მითხრა, სახლში მოიყვანე და გამაცანიო. პატარა სუფრა გავშალეთ და ლევანი სახლში მოვიპატიჟე. თავისი უბრალოებითა და უშუალობით მან ყველას მოაწონა თავი. მამაჩემმა მითხრა, სწორედ ასეთი კაცი მინდოდა შენ გვერდით მენახაო. მერე ჩვენ ყველანი ლევანის მშობლებთან სოფელში ჩავედით. პატარა სახლში ცხოვრობდნენ. ლევანის მამას ეზოში სხვადასხვა ხილის ხე ერგო და პატარა ბოსტანი ჰქონდა, თავი ამით გაჰქონდათ.
– თქვენი საქმრო თბილისში არ მუშაობდა?
– ბიძამისს სამკერვალო საამქრო ჰქონდა და იქ მუშაობდა ბუღალტრად. ფულს მშობლებსაც უგზავნიდა და თვითონაც ჰყოფნიდა, მაგრამ ის ფული ჩვენთვის საკმარისი ნამდვილად არ იყო. მამაჩემმა ქორწილი რომ გადაგვიხადა, ბინაც გვიყიდა, ჩემი ქმარი თავის ფირმაში წაიყვანა და მოადგილედ დანიშნა. ლევანმა კარგად აუღო ალღო საქმეს. მამაჩემმა ასწავლა ლაპარაკი, ქცევა, ჩააცვა, დაახურა და საზოგადოებაში გამოიყვანა. მერე მანქანაც აჩუქა… პირველი 4 წელი, ისევ ძველებური ლევანი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი.
– მაინც როგორ?..
– ჯერ რესტორნებსა და ბარებში სიარულს მოუხშირა. მერე კაზინოებშიც ”შეიარა”… ჩაცმა-დახურვაზე ხომ საერთოდ შეიშალა! მხოლოდ სახელობით პერანგებს იძენდა, სხვას არ კადრულობდა.
– თქვენ მიმართ ურთიერთობაშიც ხომ არ შეიცვალა?
– როგორ არა!.. ერთხელ ჩემი ბავშვობის და სკოლის პერიოდის სურათები ნახა და პირდაპირ მითხრა, ვაიმე, რა მახინჯი ყოფილხარო!
– მანამდე ეს სურათები ნანახი არ ჰქონდა?
– არა, მისთვის ნათქვამი მქონდა, რომ პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე, მაგრამ ეტყობა ვერ წარმოიდგინა, ასეთი შეუხედავი თუ ვიყავი. მერე იცით რა მითხრა?! კიდევ კარგი, ბავშვი არ გვყავს, თორემ შენ რომ დაგმსგავსებოდა, თავი უნდა მომეკლაო. ამის შემდეგ კი მეგობრების თანდასწრებით დიდი შეურაცხყოფა მომაყენა. თქვა, იმ დღეს ნინის სურათები ვნახე, თურმე რა მახინჯი ყოფილა, კიდევ კარგი მამამისს ფული აქვს, თორემ ხომ დარჩებოდა გასათხოვარიო. თავისი ჭკუით იხუმრა, არადა, მე და ჩემს მეგობრებს სახე წაგვეშალა.
– ამ უტაქტობის გამო არ უსაყვედურეთ?
– შინ რომ დავბრუნდით, მასთან ლაპარაკი ვცადე, მაგრამ ყური არ დამიგდო, კარგი რა, მამაშენი რომ არა, შენ არავინ ხარ, არც გონებით გამოირჩევი და არც გარეგნობით. მარტო მე გამომაშტერე და გამომიჭირეო. სკანდალი მოვუწყვე და სახლიდან გავაგდე. მეორე დღეს მოძუგძუგდა და პატიება მთხოვა, მაგრამ ჩემს გულს ვეღარ გაამთელებდა. ჩვენი ურთიერთობა გაცივდა. ამის შემდეგ, ისე მოხდა, რომ სამსახურში ერთმა თანამშრომელმა კაფეში დამპატიჟა. მეც უარი არ მითქვამს და გავყევი. იქ ცოტა დავლიეთ, მერე მანქანით გავისეირნეთ და… მოკლედ, იმ დღეს ჩემს ქმარს ვუღალატე. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ქმარი შეშლილი სახით მელოდებოდა. მგონი პირველად ინერვიულა ჩემ გამო. მე დავჯექი და ყველაფერი მოვუყევი. ჯერ არ დაიჯერა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არ ვატყუებდი. ვუთხარი, რომ თუ მოღალატე ცოლთან ცხოვრება არ უნდოდა, შეეძლო ბარგი ჩაელაგებინა და წასულიყო. ის კი ფეხებში ჩამივარდა და პატიება მთხოვა. დარწმუნებული ვარ, მე სულ ფეხებზე ვკიდივარ, მაგრამ ჩვენს ქონებასა და სახელს როგორ დათმობდა?! ახლა ისევ ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ლევანი არათუ მიყვარს, მეზიზღება კიდეც. მე ხომ ”ჩანჩურა კაცის ცოლი ვარ…

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები