შერჩევითი შვილობილობა

დედაჩემი მხატვარია, მაგრამ აღარ ხატავს. სამი შვილი ჰყავს და თითქმის ჩვიდმეტი წელია სახლიდანაც იშვიათად გადის ანუ მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. ოთხი წლის წინ უცნაური თხოვნით მოგვმართა, გვთხოვა მე და ჩემი ორი და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გავყოლოდით,  რის შემდეგაც გამგვიტყდა რომ აპირებს „დროებითი შილობილობის“ პროექტში ჩართვას და ამ დროსითვის სამოტივაციო წერილი უკვე გაგზავნილი აქვს. იცოდა, რომ ძალიან გაგვიხარდებოდა, ამიტომ ბოლომდე სურპრიზად დატოვა. აღმოჩნდა, რომ ნარკოლოგიური ცნობაც ამიტომ სჭირდებოდა.

დროებითი შვილობილობა არის ნორვეგიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია იშვილო ერთი ან რამდენიმე ბავშვი და მისცე მას ოჯახური სითბო. შეიძლება ითქვას, ამ ამბის გააზრებაც ვერ მოვასწარით, რომ ერთ კვირაში სახლში რვა თვის რუსი  გოგონა, მოგვიყვანეს სახლში. ტასო ძალიან მოწყენილი და ძალიან ლამაზი იყო, ადამინებთან კონტაქტში შესვლა უჭირდა, მხოლოდ საჭმლის ბოთლზე ჰქონდა რეაქცია.  მისი ბავშვთა სახლიდან ჩვენთან გადმოყვანის მიზეზიც სწორედ ეს გახდა, რადგან ასეთ ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ვიდრე მომვლელებს შეუძიათ მისცენ უამრავი ატირებული ჩვილით სავსე ბავშთა სახლში.

ტასო ერთგვარ ატრაქციონად იქცა ჩემი მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის ყველანი მოდიოდნენ და ათვალიერებდნენ, ასეირნებდნენ საჩუქრები მოჰქონდათ. ტასოც გაიზარდა და ძველი პრობლემა ახალმა შეცვალა თუ ადრე ადმიანებთან კონტაქტს  ვერ ახერხებდა,  ახლა პირიქით არის, ყველასთან და ყველაფერთან უნდა ურთიერთობა, რის გამოც უფრო დიდ ატრაქციონად გადაიქცა და ყველას ძალიან უყვარს.

წელიწადნახევრის წინ კიდევ ერთი ბავშვი ვიშვილეთ. ის სულ ცხრამეტი დღის იყო და პირდაპირ სამშობიაროდან მოიყვანეს ჩვენთან, ბუბუ პატარა აზერბაიჯანელი ბიჭია და ეპილეფისური ნიშნები ქონდა ამის გამო ის ვერ იქცა ატრაქციონად. ნათესვებეის, მეზობლების, მეგობრების ცხოველი ინტერესი მის მიმართ მაშინ ჩაქრა, როცა გაიგეს, რომ არც ქართველია და არც რუსი.

დროებითი შვილობილობის პროექტი თავის თავში მოიაზრებს სახლის ტიპის ბავშთა სახლს, რაც ნიშნავს რომ ბავშვი, ბავშვთა სახლის ნაცვლად შენთან ოჯახში იზრდება და შენი სახლიდან უნდა იშვილოს მან, ვისაც შვილად აყვანა სურს. თუმცა, შენ გაქვს უფლება თვრამეტ წლამდე დაიტოვო და არც არავის მიაშვილო შენი გაზრდილი ბავშვები.

ტასოს შვილად აყვანა სურდა ნახევარ საქართველოს, ტასო არ შვილდება, რადგან მას ჰყავს მშობლები და არ აპირებენ ტასოს გაშვილებას, პირიქით ოცნებობენ, რომ ჰქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც ერთად შეძლებენ ცხოვრებას.  ბუბუს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად არის. მას მხოლოდ ეროვნების გამო იწუნებენ, ეროვნების, რომელიც საქართველოში აღმსარებლობაში ერევათ. ერთმა ქალბატონმა დედაჩემს უთხრა, მუსულმანი რომ არ იყოს, ვიშვილებდიო.  ჰო, რამდენიმე დღის ბავშვზე სწორედ ასე უთხრა – „მუსულმანი“.

სწორედ ამ ფრაზის გამო გიყვებით ჩემი ნაშვილები ბავშვების ამბებს, რადგან ძალიან მეშინია ამ ფრაზის, ეს ფრაზა სუნთქვის საშუალებას არ გავძლევს, თავისუფლად სუნთქვის. სამწუხაროდ ჩვენ მახინჯი აზროვნების საზოგადოებაში ვცხოვრობთ. საზოგადოებაში, რომელიც ფიქრობს, რომ რუსი რვა თვის ბავშვი აუცილებლად მართლმადიდებელი ქრისტიანია და  ცხრამეტი დღის აზერბაიჯანელი ბიჭი, მუსლიმი.

რა კავშირი აქვს ეროვნებას რელიგიასთან?  რატომ გვგონია, რომ რუსი არის კარგი და ჩვენიანი? რატომ გვგონია, რომ უკეთესი ერი ვართ, ვიდრე  აზერბაიჯანელები? რითი ვჯბოვართ მთელ მსოფლიოს ?

საქართველოდან ბავშვები ძირითადად საზღვარგარეთ შვილდება,  სადაც არავინ იწუნებს მათ ეროვნებისა და ჯანმრთელობის პრობლემის გამო.  საქართველოში კი  სამიათას კაციანი რიგი დგას ბავშვის აყვანაზე. არსებობენ ოჯახები, ვინც თორმეტი ან მეტი წელია ელოდება თავის რიგს, მაგრამ ისინი ჯერაც ვერ მიხვდნენ, რომ თუ შვილის აყვანა მართლა გინდა, მისი ეროვნება არ უნდა გაინტერესებდეს და არც ის, თუ რას იტყვიან შენი მეზობლები.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გვესმის, რომ ყველა ბავშვი თანასწორი მისი კანის ფერისა და თვალის ჭრილის მიუხედავად.

წყარო: liberalizmi.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები