დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ყოფილი სექს-მუშაკი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

62 წლის ქეთრინ ჰეილი, რომელიც ახალ ზელანდიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის წარმატებულ კამპანიას ედგა სათავეში, სექს-მუშაკების უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
2003 წელს, მან მიაღწია იმას, რომ ახალ ზელანდიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, სექს-მუშაკების უფლებები, სხვა დასაქმებულების უფლებებთან, სრულიად გათანაბრდა.
ქეთრინ ჰეილის BBC გაესაუბრა. „შოკში ვარ, რამდენიმე კვირის წინ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ეს ცალსახად გამოხატავს ადამიანების დამოკიდებულებას და ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს“-ამბობს ყოფილი სექს-მუშაკი.
ქეთრინ ჰეილი 80-იანი წლების დასაწყისში პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ კი სექს-მუშაკი გახდა. ის ამბობს, რომ შოკირებული იყო იმით, თუ რამდენად დაუცველები იყვნენ ამ პროფესიის წარმომადგენლები. 1987 წელს მან ახალი ზელანდიის პროსტიტუტების კოლექტივი შექმნა, რომელიც სექს-მუშაკებს ადვოკატირებას უწევდა. ამ ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელი კამპანია ჩაატარა, რათა სექსუალური მომსახურების დეკრიმინალიზაცია მომხდარიყო. შედეგად, მიღებულ იქნება პროსტიტუციის რეფორმის აქტი, რომელიც ძალაში 2003 წლიდან შევიდა და ეს ბიზნესი ლეგალური გახადა. კანონში ასევე გაიწერა, რომ სექს-მუშაკებზე ვრცელდებოდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დაზღვევა, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები.
ჰეილის მიაჩნია, რომ მისი დაჯილდოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. „სექს-მუშაკების ირგვლივ ჯერ კიდევ დიდი სტიგმაა“-ამბობს უფლებადამცველი. „ვფიქრობ, სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ ახალ ზელანდიას. ჩვენ უნდა გვქონდეს ხედვა, რომელიც სექს-მუშაკებისგან საშიში პერსონების შექმნას არ გულისხმობს.“

კომენტარები

სხვა სიახლეები