ქართველი სექსუალური ლამაზმანები ჩინეთში თხოვდებიან – სამებაში მონათლული ჯეი, იოანე გახდა

მოდელ ნანუცა ტორონჯაძესთან ინტერვიუ ”რეიტინგში” წელიწადზე მეტია, რაც გამოქვეყნდა. გოგონა სხვა ქართველებთან ერთად ჩინეთში სამუშაოდ წავიდა, მაგრამ მას ძალიან გაუმართლა, რადგან კლუბებში ჩატარებული გამოსვლებიდან მალე გადაინაცვლა სამოდელო ბიზნესში და ხშირად იღებდნენ სხვადასხვა, მათ შორის თეთრეულის რეკლამაში. გოგონა არც სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას მორიდებია.
გასულ კვირას ჩინელ მეორე ნახევართან ერთად საქართველოს ესტუმრა და ჯვარი დაიწერა. გრანდიოზული ქორწილი რესტორანში აღნიშნეს. გული სწყდება, რომ ჩინეთიდან სავიზო პრობლემების გამო სტუმრები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მალე მეორე ქორწილს ჩინეთში გადაიხდიან და წყვილი ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებს.

– მე და ჯეიმ ერთმანეთი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში გავიცანით. ჩემს მეგობარს სამსახურში გავყევი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი რჩეულის კლუბი ყოფილა. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემი მეორე ნახევარი გახდებოდა. საღამოზე ”ვიქტორია სიკრეტის” თეთრეულის ჩვენება გაიმართა. მე ჩემთვის ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი ზედმეტად მაქცევდა ყურადღებას. გამოსვლა რომ დამთავრდა, მეგობარმა მითხრა, რომ კლუბის მეპატრონე შამპანურზე გვეპატიჟებოდა, ეს ადამიანი ახლა ჩემი ქმარია (იღიმის).

– თქვენი სიყვარულის ამბავი რამდენ ხანს გაგრძელდა, ჯეი ეჭვიანი შეყვარებული იყო?
– ჯეის ნათლობის სახელია იოანე, საქართველოში დაარქვეს. დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ეჭვიანია, რა თქმა უნდა. სულ მეუბნება, შენნაირი ქალი რომ ჰყავს ადამიანს გვერდით, აუცილებლად უნდა იეჭვიანო, ისე არ გამოდისო. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერს მიკეთებდა, მანებივრებდა, ყველგან დავდიოდით, სადაც გამიხარდებოდა, ვაკეთებდით ყველაფერს და ახლაც არაფერი შეცვლილა.

– შენს პროფესიაზე არ ეჭვიანობდა?
– ადრე თავადაც მოდელი იყო, ამიტომ პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, ძალიან მოსწონს.

– როგორ მიხვედით დაოჯახების გადაწყვეტილებამდე?
– 24 საათი ერთად ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არაფერს აღარ ვაკეთებდით. შემდეგ მშობლებიც გამაცნო. ისე დავახლოვდით, რომ აღარ გვინდოდა, შეყვარებულები გვრქმეოდა და დავქორწინდით. როდესაც მისმა მშობლებმა დამინახეს, ძალიან გაუხარდათ. არ ვიცი, ჩინელი რძალი უნდოდათ თუ არა, მაგრამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დედაჩემმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ საქმე თუ ასე სერიოზულად იყო, არ ეგონა. როდესაც დაქორწინების შესახებ გაიგო, მითხრა, მალე ჩამოდითო. მამა მძიმედ შეხვდა ამ ამბავს, თავიდან გაგიჟდა, მაგრამ მერე ტელეფონზე დამირეკა და მომილოცა. წყნარად მითხრა, ჩამოდით, ქორწილი გადავიხადოთო.

– მეუღლე აქ მოინათლა?
– დიახ, ულამაზესი ქორწილი გვქონდა, რესტორანში მეგობრები და ნათესავები დავპატიჟეთ. ჯვარი სამებაში დავიწერეთ. კარგი დრო გავატარეთ, ისე დავიღალეთ, რომ მეორე დღეს გაგრძელება აღარ გვინდოდა. ჯეიმ თავისი სიმღერით მუსიკოსები, მომღერლები და კომპოზიტორები გააოცა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. სამწუხაროდ, ჯვრის მონასტერში ვერ ავედით იმ დღეს, რადგან ძალიან დიდი ლიმუზინით ვიყავით.

– რა სიმღერა იმღერა?
– ქართული გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ დაგვრჩა და სწავლა ვერ მოვასწარით. ჩინური სიმღერები შეასრულა პირველ სიყვარულზე და ერთადაც შევასრულეთ. რაც შეეხება მის მონათვლას, დათანხმება არ დამჭირვებია, რადგან რელიგიის შეცვლა ისეთი რამეა, რომ ადამიანს თავად უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. ურთიერთობა რომ დავიწყეთ, ქართული ტრადიციების შესახებ მოვუყევი და ვუთხარი, რომ საქართველოში ეკლესიაში იწერდნენ ჯვარს. მიპასუხა, მთელი ცხოვრება ჩემი უნდა იყო და მინდა, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც შენ გაგიხარდებაო. ასე რომ, მონათვლა თავად გადაწყვიტა. იოანეს ძალიან მოეწონა საქართველო, ათი დღეა, აქ ვართ და უკვე სიტყვებიც ისწავლა. ჩემი ოჯახის წევრებს ინგლისურად ელაპარაკება. ტრადიციებიდან ღვინის კულტურამ გააოცა. თვითონ ერთი ჭიქა ღვინო რომ დალია, მალე მოეკიდა და ქორწილში რომ დაინახა, ხალხი ამდენს სვამდა, გაგიჟდა, როგორ არ თვრებიანო.
სამწუხაროდ, ჩინეთიდან სტუმრები სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიყვანეთ, ვიზები ჩვენც ძლივს გავაკეთეთ. ამიტომ მოვიფიქრეთ და ორი ქორწილი უნდა გადავიხადოთ, მეორე ჩინეთში გვექნება. აქ 12 მაისამდე დავრჩებით და შემდეგ ჩინეთში დავბრუნდებით. იქ ტრადიციული ქორწილი გვექნება. ძალიან დიდის გადახდას არ ვაპირებთ.

– გათხოვება კარიერაში ხელს არ შეგიშლის?
– არა, რადგან მე და ჯეის ახლა საერთო ბიზნესი გვაქვს, რასაც ორსულობა ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება სამოდელო სფეროს, რა თქმა უნდა, ცოტა ხანს პაუზა მექნება.

– ჩინეთში ბევრი ქართველი გოგონაა და ყველა არ არის კარგ პირობებში, შენ გაგიმართლა. ისინი როგორ შეხვდნენ შენს გათხოვებას?
– ჩემი მეგობრებიდან ვინც ჩინეთშია, ყველა კარგ პირობებშია. ძალიან უნდოდათ ქორწილზე დასწრება, მაგრამ მარტივი არ არის უცებ თბილისში გადმოფრენა.
დიახ, მე გამიმართლა და კარგად გავთხოვდი. ახლა ძალიან კარგ ადგილას სახლს ვიშენებთ, ბიზნესი გვაქვს, მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგი ცხოვრებისთვის არის საკმარისი. ჩემ გარდა ქართველებიდან კიდევ ორი გოგონა ვიცი, რომლებიც ჩინელებზე გათხოვდნენ, მე ალბათ მესამე ვარ. იოანე ისეთი ქმარია, სანთლით უნდა ეძებო. დაოჯახებამ კიდევ უფრო შეცვალა, უფრო ყურადღებიანი გახდა, უნდა, მეტად გამახაროს და გამაბედნიეროს. საქართველოში ალბათ წელიწადში ორჯერ ჩამოვალ. აქ გვინდოდა ცხოვრება, მაგრამ იქ იმდენი საქმეა, რომ ვერ და-ვტოვეთ. დედას წაყვანას ვაპირებ, ამის მერე ალბათ სულ ჰაერში უნდა ვიყოთ.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები