ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც არაბზე თხოვდება – “ეს ჩემი ოჯახისთვისაც ტრაგედიაა”

ია 13 წლის წინ დაქვრივდა და როცა ეგონა ყველაფერი დასრულდა, სრულიად უცხო და წარმოუდგენელი სიყვარული იპოვა.

დასრულებული ზღაპრის მოულოდნელი გაგრძელება და არაბული სიყვარული.

ია დღეს თავის საინტერესო ისტორიას გვიყვება:

– 14 წლის წინ, 20 წლის ასაკში, გავიცანი 40 წლის დათო. ყველას გასაკვირად მისით მალევე მოვიხიბლე და ძალიან შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ არც მე წარმომედგინა, თუ ოდესმე ჩემზე 20 წლით უფრო კაცს გავყვებოდი ცოლად. ყოველთვის ჩემი ასაკის ბიჭები მომწონდა. დათომ კი სულ სხვანაირად შემახედა ყველაფერზე და სიყვარულმა ასაკი გადაწონა.

– ოჯახში ეს ამბავი როგორ მიიღეს?
– მშობლები ბავშვობაში დამეღუპნენ. მეურვეობა ბიძამ და ბიცოლამ აიღეს საკუთარ თავზე. მართალია, უდედმამოდ ვიზრდებოდი, მაგრამ თავი ობლად არასდროს მიგრძნია. არაფერი მაკლდა, ვსწავლობდი, ვმუშაობდი კიდეც. ბიძაჩემი საკუთარ შვილებზე წინ მაყენებდა. მაგრამ ამ ამბავს ყველა ძალიან ცუდად შეეგუა. ბიძა საკმაოდ მკაცრი იყო მსგავს საკითხებში, ამიტომ ატყდა ერთი ამბავი. ყველა მიშლიდა, ბოლოს ისე მოხდა წავედი და სახლში აღარ დავბრუნდი. რა თქმა უნდა მიყვარდა და პატივს ვცემდი ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ დათოს ყველაზე და ყველაფერზე წინ ვაყენებდი, ამიტომ ცოლად გავყევი.

– ბიძა ალბათ ძალიან განაწყენდა…
– კი, ნამდვილად. ვერ აგიღწერთ რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა ჩემს თავს. გარდა იმისა რომ დათო ჩემზე 20 წლით იყო უფროსი, ცოლს გაშორებული იყო და შვილიც ჰყავდა. ამანაც იმოქმედა ბიძაჩემზე, ვერაფრით მოინელა ჩემი ამბავი და წლების განმავლობაში ხმას არ მცემდა.

მიუხედავად ყველაფრისა დათოსთან უბედნიერესი წლები გავატარე, ხელის გულზე მატარებდა, სულ თავს მევლებოდა, მისი ცოლობა არასდროს მინანია!

შვილი არ გვეყოლა, ბევრი ოპერაცია გავიკეთე, ორივემ ვიმკურნალეთ და ის იყო ექიმებმა იმედი მოგვცეს, რომ მალე დაფეხმძიმებას შევძლებდი, მაგრამ ზღაპარი მალე დასრულდა. დათო მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 30 წლის ასაკში დავქვრივდი. თავს ძალიან უბედურად ვგრძნობდი. ჯერ მშობლები, მერე ქმარი… ვფიქრობდი, ბედნიერებისთვის არ ვიყავი გაჩენილი და ბედს უნდა შევგუებოდი. ჩავიცვი შავები და 2 წელი არ გამიხდია. სადაც მივიდოდი ყველგან ამაზე მეჩხუბებოდნენ, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა.

– ახალი სიყვარული როდის გეწვია?
– დათოს სიკვდილის შემდეგ უძილობა დამჩემდა, დეპრესია ღამეებს მათენებინებდა. საათობით კომპიუტერთან ვიჯექი. ერთ დღეს “ფეისბუქზე” ვიღაცამ ინგლისურად მომწერა. დათოს გარდაცვალებამდე ინგლისურის კურსებზე დავდიოდი და ბევრი რამ ვისწავლე.

უცნობს ჯერ არაფერი ვუპასუხე, რადგან უცხოებს არასდროს ვწერდი, მითუმეტეს არაბებს და თურქებს. მაგრამ იმ დღეს რატომღაც მიწერა გადავწყვიტე. ვიფიქრე დროს გავიყვან, თან ინგლისურს გავიხსენებ მეთქი. ასე დავიწყეთ მიმოწერა.

ბედის ირონია ისაა, რომ რასაც ვერასდროს წარმოვიდგენ ცხოვრებაში, ყოველთვის ის მემართება. არც უფროსი კაცები მიზიდავდნენ დათომდე და სხვა სარწმუნოების მამაკაცზე, მითუმეტეს არაბზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შემიყვარდა, დიახ ის არაბია და მას ალი ჰქვია. ის ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და სიყვარული ხელახლა მაგრძნობინა. ვიცი, უმრავლესობისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია, გვერდში არავინ მყავს ვინც ამას ამართლებდეს, თუმცა ჩემთვის სიყვარული კვლავ უპირველესია და ასაკზე კი არა, თურმე რელიგიაზე, ეროვნებასა თუ სხვა ინტერესებზეც უფრო მაღლა დგას.

– ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? არაბული ქვეყნები მკაცრი კანონებითა და ტრადიციებით გამოირჩევიან, ეს არ გაშინებს?
– ალის ერთხელ უკვე შევხვდი. ჩემს სანახავად ჩამოვიდა. ჩემი მოლოდინი ყველანაირად გაამართლა. მომწონს როგორც შინაგანად ისე ფიზიკურად. გამოგიტყდებით და ასეთი თავისუფალი დათოსთანაც არ ვყოფილვარ. ჰო, მათ მკაცრ ტრადიციებზე მეც ბევრი მსმენია, ყველა მეწინააღმდეგება, მაგრამ ალი ამ საკითხში ძალიან შეგნებულია. მისთვის ჩემი ცხოვრება ყოვლად მისაღებია.

მხოლოდ ოჯახები გვეწინააღმდეგებიან. ეს ჩემი ოჯახისთვისაც ტრაგედიაა და არც ალის ოჯახს მოსწონს. მაგრამ ერთმანეთის სიყვარულში დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს გადავლახავთ.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები