ქალმა საკუთარი დაკრძალვა ჩაშალა

მელბურნში, ავსტრალიაში, ნოელა რუკუნდო თავისი მანქანიდან ადევნებდა თვალს, თუ როგორ იშლებოდა მგლოვიარე ხალხი და ტოვებდა მისი დაკრძალვის ცერემონიას. სულ ბოლოს მან დაინახა კაცი, რომელსაც ელოდებოდა. იგი მანქანიდან გადავიდა. თავზარდაცემულმა კაცმა შიშისგან თავში ხელები წაიშინა.

„ეს შენ ხარ? თუ აჩრდილია?“

„სიურპრიზი! მე ისევ ცოცხალი ვარ“, – უპასუხა ქალმა.

კაცი სულაც არ ჩანდა აღტაცებული, პირიქით, შეძრწუნებული იყო. ხუთი დღით ადრე მან დამნაშავეთა ბანდას რუკუნდოს მკვლელობა შეუკვეთა და მათაც უთხრეს, რომ დავალება შესრულებულია. ბანდამ დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა მოითხოვა დანაშაულის წარმატებით განხორციელებისთვის.

BBC-სთან ინტერვიუში რუკუნდო იხსენებს, თუ როგორ შეხტა და დაიწყო ყვირილი მისმა ქმარმა შიშისგან. „დამნაშავე ვარ, მაპატიე“, – ყვიროდა გამწარებული ქმარი.

მაგრამ ბოდიში უკვე გვიანი იყო. რუკუნდომ პოლიციას შეატყობინა და მის ქმარს, ბალენგა კალალას, რომელმაც დანაშაული აღიარა, ცხრა წლამდე პატიმრობა მიესაჯა მკვლელობის დაგეგმვისთვის, – იტყობინება ავსტრალიური სამაუწყებლო კომპანია the ABC.

ბედნიერი დასასრული შესაძლებელი გახდა სამი უჩვეულოდ პრინციპული „დამხმარეს“ – ბანდის წევრების, მღვდლის და ერთი ძალიან გაბედული ქალის – რუკუნდოს გამო: აი როგორ დააღწია თავი რუკუნდომ ამ ყველაფერს:

რუკუნდოს განსაცდელი მას შემდეგ დაემუქრა, როდესაც ერთი წლის წინ იგი მეუღლესთან, კალალასთან ერთად სახლში, მშობლიურ ბურუნდიში დედინაცვლის დაკრძალვაზე გაფრინდა. საღამოს დაღლილი ბუჯუმბურას სასტუმროში ისვენებდა, როდესაც ქმარმა დაურეკა და სუფთა ჰაერზე გასეირნება შესთავაზა. მაგრამ როგორც კი სასტუმროდან გარეთ გამოვიდა, მის წინ ვიღაც იარაღიანმა კაცმა უბრძანა:

„არ იყვირო, თუ იყვირებ, მოგკლავ. ისინი დაჭერას მიპირებენ, ხოლო შენ – მოკვლას“

შეშინებული რუკუნდო ისე მოიქცა, როგორც უთხრეს. ის მანქანაში ჩასვეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 30-40 წუთის შემდეგ მანქანა გაჩერდა. რუკუნდო მანქანიდან გადაიყვანეს, შენობაში შეიყვანეს და სკამზე მიაბეს. როგორც რუკუნდომ ABC-ს განუცხადა, მას ესმოდა მამაკაცების ხმები. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა:

„ასეთი რა გაუკეთე შენს ქმარს, რომ შენი მოკვლისთვის ფული გადაგვიხადა? ბალენგამ შენს მოსაკლავად გამოგვგზავნა“.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა და კაცის ხმა გაისმა: „მოკალით“, – თქვა მან. რუკუნდოს გული წაუვიდა.

რუკუნდომ და მისმა ქმარმა ერთმანეთი 11 წლის წინ გაიცნეს, რუკუნდოს ავსტრალიაში ჩასვლიდან მალევე. ქმარი კონგოდან იყო დევნილი და მათ ერთი და იგივე სოციალური თანამშრომელი ჰყავდათ განსახლების სააგენტოში, რომელიც ცხოვრების დაწყებაში ეხმარებოდათ. ვინაიდან კალალამ უკვე იცოდა ინგლისური, მათი სოციალური აგენტი ხშირად ავალებდა მას, ეთარგმნა რუკუნდოსთვის, რომელმაც სუაჰილი იცოდა.(ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებული ერთა შორის ურთიერთობის ენა. რედ.) მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ერთად გადავიდნენ მელბურნში საცხოვრებლად და სამი შვილი ეყოლათ. რუკუნდოს თავისი კიდევ 5 შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან. მან ქმრის წარსულზე მეტი შეიტყო – რომ კალალა მეამბოხეთა არმიიდან გაიქცა, მისი სოფელი განადგურდა და ცოლი და უმცროსი ვაჟი დაეღუპა. რუკუნდოსთვის მეტი გახდა ცნობილი მისი ხასიათის შესახებაც.

“ვიცოდი, რომ მოძალადე კაცის ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ჩემი მოკვლაც თუ შეეძლო, არ მეგონა“, – განუცხადა რუკუნდომ BBC-ს.

რუკუნდო გამტაცებლებს ბუჯუნდურას ახლოს ჰყავდათ შენობაში. მაგრამ ისინი მის მოკვლას არ აპირებდნენ. მათ არ სწამდათ იმ კაცების, რომლებიც ქალებს კლავენ. გარდა ამისა, ისინი რუკუნდოს ძმას იცნობდნენ. მათ გადაწყვიტეს, თანხა დაეტოვებინათ, ხოლო მისი ქმრისთვის ეთქვათ, რომ რუკუნდო მოკლეს. ორი დღის შემდეგ მათ რუკუნდო გაუშვეს და გზის პირას დატოვეს. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მას მობილური ტელეფონი, სადაც რუკუნდოს ქმართან მათი საუბრის ჩანაწერები იყო.

„ჩვენ გვინდა, რომ დაბრუნდე და სხვა შენსავით სულელ ქალებს მოუყვე, რაც მოხდა“, – განუცხადეს მას ბანდის წევრებმა, “დაქოქეს მანქანა და წავიდნენ“, – ამბობს რუკუნდო.

სრულიად შეძრულმა, მაგრამ ცოცხალმა, მტკიცე გადაწყვეტილებით – განესაზღვრა თავისი შემდგომი ნაბიჯები, რუკუნდომ დახმარება ავსტრალიაში კენიის და ბელგიის საელჩოებს სთხოვა. შემდეგ იგი მელბურნში თავისი ეკლესიის პასტორს დაუკავშირდა და აუხსნა, რაც მოხდა, – განუცხადა მან BBC-ს. მღვდელი რუკუნდოს სახლში დაბრუნებაში დაეხმარა, მაგრამ ამის შესახებ ქმარი არ გაუფრთხილებია.

ამასობაში მისმა მეუღლემ ყველას განუცხადა, რომ ცოლი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მთელი ახლო-მახლო საზოგადოება გლოვობდა  პანაშვიდებზე მის სახლში.
2015 წლის 22 თებერვლის ღამეს, როდესაც ქვრივი კალალა სანუგეშებლად მისულ მეზობლებს ემშვიდობებოდა, სწორედ მაშინ გამოეცხადა მას რუკუნდო.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კალალა ყველა ბრალდებას უარყოფდა, რუკუნდომ აიძულა ის, ეღიარებინა დანაშაული, პოლიციის მიერ ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრის მეშვეობით.

„ზოგჯერ ეშმაკი აიძულებს ადამიანს, ჩაიდინოს საშინელება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საშინელებას გააკეთებ, მერე ფიქრობ, რატომ გავაკეთე ეს?“, – განაცხადა კალალამ მოგვიანებით, როდესაც რუკუნდოს პატიებას ევედრებოდა.

კალალა დამნაშავედ ცნეს და მელბურნის სასამართლომ მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუკუნდოს თქმით, კალალა მას აბრალებდა, თითქოს იგი სხვა კაცის გამო მის მიტოვებას ცდილობდა, რაც, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. ამ მოვლენების შემდეგ ვიღაცამ მუქარის წერილები დატოვა რუკუნდოსთვის. ერთ დღეს კი, როდესაც ის სახლში დაბრუნდა, უკანა კარი გატეხილი დახვდა. ახლა რუკუნდომ მარტომ რვა ბავშვი უნდა გაზარდოს და, შექმნილი ვითარების გამო, სოციალური დაცვის დეპარტამენტს ახალი საცხოვრებლის მოძიება სთხოვა.

„როდესაც ღამე ლოგინში ვწვები, კალალას ხმა კვლავ ყურში ჩამესმის: „მოკალით, მოკალით“. ყოველ ღამე ვხედავ სცენას, რაც იმ ორი დღის განმავლობაში გამტაცებლებთან ხდებოდა“, – განუცხადა რუკუნდომ BBC-ს.

“მე, როგორც ძლიერი ქალი, ისე მოვიქცევი, ჩემი სიტუაცია და ჩემი ძველი ცხოვრება? ის წარსულშია. მე ახლა ახალ ცხოვრებას ვიწყებ“, – აცხადებს რუკუნდო, მიუხედავად ყველაფრისა.

სარა კაპლანი.

წყარო:http://www.postalioni.com

კომენტარები

სხვა სიახლეები