ქალზე ძალადობის 9 მაგალითი – ქართულ სასკოლო ლიტერატურაში და მათი გავლენა ზრდასრულ ასაკში

საქართველოში ქალზე ძალადობის თემაზე, ერთხელ უკვე დავწერე, სადაც საუბარი იყო კონკრეტულ შედეგებზე, თუმცა აღნიშნულზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის მიზეზები, რომლებიც მამაკაცებს ძალადობისკენ უბიძგებს. მიმდინარე პერიოდში საკმაოდ დიდია ე.წ. ქალების მორჩილებისკენ მიმართული პროპაგანდა, ისევე, როგორც ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე აზრთა სხვადასხვაობა:
ერთნი ამაში, ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადანაშაულებენ და არგუმენტად მოჰყავთ ფაქტი, რომ ქალმა საკუთარი ინიციატივით აირჩია „ასეთ“ კაცთან ურთიერთობა;
მეორენი ისევ ქალებს, ამჯერად დედებს ადანაშაულებენ შვილების მოძალადეებად გაზრდაში;
ეკლესიაც ქალებს მამაკაცებისკენ მორჩილებისკენ მოუწოდებს და ამით კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპს მამაკაცებში, რომ „ურჩი“ ქალი – „დასჯას“ იმსახურებს;
საინტერესო იქნება ვეძიოთ მსგავსი სტერეოტიპების ჩამოყალიბების სათავეები ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, კერძოდ – მიმოვიხილოთ სასკოლო ლიტერატურა, სადაც მოყვანილი სახეები, ქვეცნობიერად ისევ ქალის მორჩილების „დაკანონებას“ უწყობს ხელს მამაკაცის ნობერებაში…mmarita
დავიწყოთ ქრესტომათიიდან, ყველას კარგად გვახსოვს შუშანიკი, მისი ფრაზა „როდის იყო დედათა და მამათ ერთად ეჭამოს პური“, შემდეგ ვარსქენის ძალადობა მასზე და თითქოს არაფერი… ქმარმა საჭიროდ მიიჩნია დაესაჯა ცოლი და ეს ნორმალურია, აქცენტები კი – სულ სხვა თემებზეა დასმული, მიუხედავად წარმომავლობისა, მას არავინ იცავს, რადგან ქმრის გადაწყვეტილებაა და არც არის განხილული სხვისი ჩარევა;

  1. აკაკის „გამზრდელი“, სადაც ძალადობის მსხვერპლი ნაზიბროლა „ჩუმად ტირის და თავს ახლის ტინის კედელს“, ნაცვლად იმისა, რომ თავის დაცვას შეეცადოს, თავსაც თავად გრძნობს დამნაშავედ, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე იძალადეს. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ კი, სულგრძელი ქმარი „აპატიებს“ ყველაფერს და შერცხვენილ ნაზიბროლასთან რჩება;
  2. კიდევ უფრო მძაფრ ფორმებშია გამოხატული „ჯაყოს ხიზნებში“, მარგოს სახე… ჯაყო სამჯერ ადის ეტლში და ძალადობს მარგოზე, სადაც პირველად ქალი წინააღმდგეგობას უწევს, მეორედ – აღარ აპროტესტებს, ხოლო „მესამე წრეზე“ უკვე თავადაც კომფორტულად გრძნობს თავს იმით, რომ მასზე იძალადეს. ის მოძალადე კაცში, ნამდვილ მამაკაცს ხედავს და უყვარდება, ბოლოს კი ისევ მონობით ასრულებს… აღნიშნული ნაწილიდან, თითქოს ლოგიკურად გამოდის, რომ ქალი მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგია, ბოლოს მაინც ეგუება ბედს და უფრო მეტიც, შეიძლება ეს მოვაწონოთ კიდეც, შესაბამისად – ერთხელ ცდა საკმარისი არ არის, მასზე რამდენჯერმეა საჭირო ძალადობა?!
  3. „ნატვრის ხე“, სადაც ასევე კარგად გვახსოვს მარიტას „ სამაგალითო დასჯა“ და სასჯელის გამომწვევი მიზეზებიც… მეზობლებიც, რომლებიც ამ ყველაფერს სამართლიანად თვლიან და ის, რომ მხარს, ფაქტიურად მხოლოდ ფუფალა უჭერს, გვეცოდება, მაგრამ თითქოს თავისი საქციელით დაიმსახურა. ან იმიტომ გვეცოდება, რომ არც არაფერი ჩაუდენია, ხოლო აი, რომ ჩაედინა – მაშინ უკვე ნამდვილად ღირსი იქნებოდა… ემოციურად ეს ნაწარმოებიც, არც ისე პოზიტიური სტერეოტიპების მატარებელია ქალების მისამართით.
  4. მსგავსი სიტუაციაა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებშიც, სადაც ძალადობენ დაუცველ ქალებზე, ფაქტიურად ყველა ქალი დაუცველია, ხოლო ქალი ელოდება ქმარს, იმისთვის, რომ მის ნაცვლად „სამართალი აღასრულოს“, მაგალითად: მზაღოს და „ნაჩალნიკის“ ინციდენტი, ან ჯაჯალა, რომელიც თითქოს ძლიერი ქალის როლში გვევლინება, მაგრამ მამაკაცთან მიმართებაში ისიც მარცხდება…
  5. ცალკე გამოყოფას იმსახურებს ძიძია, ნაწარმოებიდან „ხევისბერი გოჩა“, რომლის ბედიც ტრაგიკულია და ინციდენტის შემდეგ უკვალოდ ქრება, მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი, რომელსაც მისი სურვილის მიუხედავად, მაინც მიათხოვეს – არ უყვარდა და სხვა მამაკაცი შეუყვარდა.
  6. შემდეგია, ვაჟას შემოქმედება, სადაც „წყალმა წაიღო აღაზა, ლამსა და ქვიშას შაჰრია“ და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ქალი და მან ცრემლი დაღვარა უცნობი მამაკაცისთვის…
  7. ილიას „განდეგილი“, სადაც მწყემსი ქალია ყველაფერში დამნაშავე, იმიტომ, რომ მან თავშესაფარი ითხოვა და კარგი გარეგნობა ჰქონდა. სწორად ის აღმოჩნდა, განდეგილის ცდუნება და მისი დამღუპველი, რამაც ის ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა, აქაც ქალია ყველაფერში დამნაშავე… საბედნიეროდ, ამ ნაწარმოებში მწყემსი ქალი დაუსჯელი რჩება და მისი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი ნაწარმოებში…
  8. „დიდოსტატის მარჯვენა“ – აქ ფაქტიურად ერთადერთი დადებითი პერსონაჟი შორენაა, რომელიც გამოირჩევა მამაკაცებისადმი მორჩილებით, ხოლო სხვა დანარჩენი – მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები, შესაბამისად უარყოფითი პერსონაჟები არიან… (ცოქალა, ნათია, ფანასკერტელის ქალი, ვარდისახარი…)dzaladoba
    და მაინც, სასკოლო ლიტერატურაში, ქალთა ძლიერი სახეებიც გვხვდება: ოთარაანთ ქვრივი, თავსაფრიანი დედაკაცი, თინათინი, ნესტან-დარეჯანი და სხვა, თუმცა მათი პროცენტული წილი, მეტისმეტად მცირეა, აქცენტები კი – ძირითადად, ქალის მორჩილებაზეა გადატანილი.

რაკი, პოსტში აქცენტი ძირითადად სხვა თემაზეა დასმული, ძლიერ ქალებთა სახეების განხილვა, მორიგი ბლოგპოსტისთვის შემოვინახოთ…

აქვს თუ არა ამას გავლენა, მოსწავლის ადრეულ ასაკში და შეიძლება თუ არა, გარკვეული სტერეოტიპები ჩამოგვიყალიბოს – ეს თავად განსაჯეთ.

თუ რამე გამომრჩა – თქვენ დაამატეთ…

წყარო:http://guramsherozia.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები