„ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის!“ – თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფარი დახურა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, თავშესაფრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ძაღლების თავშესაფარი დახურა. ამის შესახებ ელიზბარაშვილმა პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– ბატონო თამაზ, ვინ იყო ეს მამაკაცი, ასე რატომ მოექეცით?

– ეს მამაკაცი, ბადრი 18 წლის ასაკიდან ჩემთან მუშაობს. ახლა 53 წლის არის. მე ვამუშავებ, 1600 ლარს ვაძლევ ხელფასს. ორჯერ იწვა საავადმყოფოში. სასმლის მიმართ აქვს მიდრეკილება. ორჯერ ჩავუდგი ალკოჰოლის საწინააღმდეგო კაფსულა, მაგრამ მაინც არ უშველა…

– კონკრეტულად იმ დღეს რა მოხდა?

– იმ დღეს აღმაშენებლის ხეივნიდან შემოვიდა ზარი. ძაღლი ქუჩაში იყო ჯაჭვით დაბმული. მთხოვეს მიგვეხედა და თავშესაფარში გადაგვეყვანა. მოგეხსენებათ, მე ჩემი ნებით ჩემი ფინანსებით საქართველოს მასშტაბით ვეხმარები ტრავმირებულ ძაღლებს. მოვიდა სამაშველო ჯგუფი. მე პირველი მივედი იმ ადგილას. ბადრი იყო მთვრალი, არ ჰქონდა თან შესაბამისი აღჭურვილობა. როცა ძაღლი ასეთ მდგომარეობაშია, ორი დღე დაბმული, მშიერი, აგრესიულია და საშიში. ამ დროს ნასვამი ადამიანი ძაღლზე ცუდად მოქმედებს, ორმაგად აგრესიული ხდება. ვინც ძაღლი არ იცის, ამას ვერ მიხვდება. სამუშაო საათებში თანამშრომელი მთვრალი მოვიდა. ვუთხარი, შენმა ამ საქციელმა შეიძლება სერიოზული ტრავმა მოგვაყენოს მეც და ქეთისაც. მან საფრთხეში ჩააგდო ჩვენი სიცოცხლე, მოუმზადებელი მოვიდა და ნასვამი იჯდა საჭესთანაც. ამ შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა, მადლობა გამომეცხადებინა თუ პატრულისთვის დამერეკა და დამეჯარიმებინა ჩემი თანამშრომელი?!

– გასაგებია, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლის მიმართ მოპყრობა გადამეტებული იყო?

– გადამეტებული კი არა, მე უფრო კარგი გადაწყვეტილება მივიღე. დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თევშასაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ. მე ჩემს შვილებსა და ჩემს ოჯახს ვაკლებდი, ვინმე კი არ მიხდიდა ფულს.

– ანუ ახლა თავშესაფარი დახურულია?

– დღეიდან მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ლოთის გამო, რომელიც, თავის დროზე შემეცოდა და სამსახურიდან არ გავაგდე, ამხელა ამბავი ამიტეხეს! თქვენ რისი ღირსები ხართ?! საზოგადოებას მივმართავ, ხართ, ღირსი ჩემნაირი ადამიანის?!

– ეს ჩვენმა მკითხველმა განსაზღვროს…

– ხოდა რადგანაც თვენმა მკითხველმა და ყველამ მაგინა, მივიღე გადაწყვეტილება, თავში ქვა გიხლიათ! რადგანაც ამ ქვეყანაში ბოროტება ბოგინებს და სიკეთის დანახვა არავის არ უნდა, სულ კარგად იყავით. მშვიდობით, თქვენი თამაზ ელიზბარაშვილი.

– რა ბედი ეწევათ ძაღლებს, რომლებიც უკვე არიან თავშესაფარში?

– არსებობს ცხოველთ მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო სტუქტურაა, მერიის სამსახური. თუ წაიყვანენ, წაიყვანენ, თუ არა და გაუშვებ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს თავშესაფარში ბინადრობს ქუჩის ძაღლია, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. ზოგს ხელრხემალი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს – ფეხი, ზოგს – კისერი. ჩემი ხარჯით ვუმკურნალე, დავაყენე ფეხზე და გავუშვებ ისევ. 350 ძაღლია, ცოტა კი არ არის. რა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს.

წყარო:http://www.info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები