„უკულტურო და გაუნათლებელი მაყურებელი გვყავს, სამწუხაროდ“ – იმედა არაბული

მამიდას, მსახიობ მზია არაბულს დაჰყავდა სპექტაკლებზე. ამ პერიოდში ცეკვავდა, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა და გეზი თეატრალურისკენ აიღო. თეატრალური რეალითი შოუ „დასიდან“ გაიცნო მაყურებელმა. მერე იყო „რუსთავი 2“-ის დილა. დღეს მუსკომედიისა და თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მონაწილეობს სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. იმედა არაბულისა და ქეთი ჩხეიძის წყვილმა რეკორდი მოხსნა ინტერესის თვალსაზრისით. მაყურებელს დებატებიც კი აქვს გამართული სოციალურ ქსელში, სწორად მოიქცა თუ არა ნუნუკა, როცა ფროდოს წინადადება მიიღო. დარჩება თუ არა წყვილი ერთად, ჯერ თავად მსახიობმაც არ იცის.

ჩვენი სტუმარი მსახიობი იმედა არაბულია.

– იმედა, „დასი“ – პროექტი საიდანაც გაგიცნო მაყურებელმა. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობ, დაგეხმარა ის კარიერის გაკეთებაში?

– გარკვეულწილად დამეხმარა. საინტერესო რეალითი შოუ იყო, კარგად მახსენდება. 3-4 დღეში უნდა გაგვეკეთებინა სპექტაკლი. დიდი გამოცდილება იყო. ამ პროექტით გავხდით ცნობადები. ამ პროექტის შემდეგ მიმიწვიეს „რუსთავი 2“-ში დილის გადაცემის წამყვანად. დიდი მადლობა ამისთვის ნინო არაზაშვილს. როცა დამირეკეს, მითხრეს, რომ „დასიდან“ ვახსოვდი.

– ტელეეკრანი ძალიან ეხმარება მსახიობს პოპულარობაში, თუმცა, ბევრს არ უყვარს, როცა სერიალიდან იცნობს ხალხი…

– ეგ მატრაკვეცობაა. ყველა ის მსახიობი, რომელიც ამბობს, რომ სერიალი არ ეკადრება, არის მატრაკვეცა და ტრიპაჩი. ჩვენი პროფესია თამაშია. რა მნიშვნელობა აქვს, სად ითამაშებ, სერიალში, ფილმში თუ თეატრში. სხვა თემაა, კონკრეტულად ის სერიალი მოგწონს თუ არა. მახსოვს ის პერიოდი, სერიალში წასვლა რომ ტეხავდა ვითომ და თეატრის ერთგულ ტიპად დარჩენა უფრო სვეცკი პონტი იყო, მაგრამ დღეს ძალიან გამოცდილი და ღვაწლმოსილი მსახიობები თამაშობენ სერიალებში. გადახედეთ ჰოლივუდს, 20 წელია სერიალებზეა გადასული, ნახეთ, როგორი არტისტები თამაშობენ როგორ სერიალებში და რეებს აკეთებენ. რამენაირად ჩვენ გვჯობიან განვითარებით ამ სფეროში.

– რას იტყვი ქართველი მაყურებლის კულტურაზე…

– კარგს ვერაფერს. გუშინაც სპექტაკლი გვქონდა „მეფე ლირი“, არ გაჩერდა ტელეფონები. 4-5-ჯერ იმეორებს ჩვენი რადისტი სპექტაკლის დაწყებამდე, რომ გამორთონ ტელეფონები. თუ არ იცი, ხომ გეუბნებიან?! უკულტურო და გაუნათლებელი მაყურებელი გვყავს, სამწუხაროდ. ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. ამისთანა რა საქმე გაქვთ, ან თუ ასეთი გადაუდებელი საქმე გაქვთ, რატომ მოდიხართ სპექტაკლზე. ძალიან მოქმედებს ტელეფონის ზარი მსახიობზე, ხელი გვეშლება, ცოცხალი პროცესი მიდის და ამ დროს ტელეფონის ზარი… საშინელებაა!

– „მუსიკისა და დრამის თეატრი“ „თუმანიშვილის თეატრი“ – არაერთი როლი… რას შეადარებ გრძნობას, რომელიც პრემიერის შემდეგ ფეხზე წამომდგარი მაყურებლის აცრემლებულ ან ბედნიერ თვალებს ხედავ, როცა არ წყდება ტაში, ოვაცია დარბაზში…

– ბევრი როლი არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ჩემთვის საინტერესო და ბევრისთვის საოცნებო როლის თამაშმა მომიწია. ბედნიერი ვარ ამით. ვერაფერს ვერ შევადარებ. ეს არის უდიდესი ურთიერთპატივისცემა. როცა შენს გაცემულ ემოციას ასეთივე ემოციით გიბრუნებს მაყურებელი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. „იდიოტის“ პრემიერის შემდეგ ერთმა 19 წლის გოგონამ წერილი მომწერა. ისე მომეწონა, შევინახე. წაგიკითხავთ: „ზოგჯერ ძალიან რთულია, გჯეროდეს სასწაულების, მაგრამ, როდესაც შენ ირგვლივ ცდილობენ, ამაში დაგარწმუნონ, ამის შეგრძნებაც კი საკმარისია ბევრ რამეზე დასაფიქრებლად. შეიძლება სრულიად შემთხვევით მართლა ნახო გაყვითლებული, ჩრჩილისგან ფრთებდაჭმული გედის ფიტული და დაფიქრდე, ერთდროულად იგრძნო ცრემლიც და სიცილიც. მერე სრულიად მარტო დარჩე და შეეწირო შენივე მარტოობას, მაგრამ ეს დამარცხება არ იქნება. სიკვდილზე ოცნებაც ზოგჯერ გამართლებულია, ალბათ. უბრალოდ, მგონია, რომ მსახიობებს ყველაზე მეტად უხარიათ, როცა შეუძლიათ, ბოლომდე დაიხარჯონ, ცრემლი დაღვარონ და მაყურებლის გულამდე მიაღწიონ. ამ დროს უნდა მიულოცო ალბათ“.

– უარყოფითი გმირის, ლევან ამილახვარის როლი მოირგე ძალიან პოპულარულ სერიალში „ტიფლისი“. ალბათ, გაცილებით საინტერესოა იმ ეპოქის გმირის შინაგანი მდგომარეობის გათავისება… როლში ჩარჩენას რომ ეძახიან მსახიობები, ასეთი რამ თუ დაგმართნია, ცოტა ხნით მაინც…

– ეგ ცუდი მსახიობობაა. როლში ჩარჩენა რას ნიშნავს?! თამაშის დროსაც კი ნაწილობრივ გარედან უნდა უყურებდე შენს თავს. ამას თუ ვერ აკეთებ, ცუდი მსახიობი ხარ. რაც შეეხება ჩემს გმირს სერიალში „ტიფლისი“, ძალიან მომწონს უარყოფითი პერსონაჟის თამაში. ჩვენ, ადამიანები, ხომ სულ ვთამაშობთ, გვინდა, რომ იმაზე კარგები გამოვჩნდეთ, ვიდრე ვართ. სადმე უცხო გარემოში რომ მივდივართ, ხომ არ ვფიქრობთ იმაზე, მივალ ახლა და ვაჩვენებ, როგორი ცუდი ვარ და დამპალი. შესაბამისად, კარგი ადამიანის როლის მორგება გარკვეულწილად ყველას შეგვიძლია. გაცილებით საინტერესო და რთულია, ცუდი პერსონაჟის ტყავში შეძვრე და სწორედ ისეთი დაანახო მაყურებელს, როგორიც რეჟისორს წარმოუდგენია. ამ დროს შენი უარყოფითი მხარეების ამოქაჩვა გიწევს.

– რა არის შენში უარყოფითი?

– ბევრია. ერთადერთი, რაც მომწონს, ის არის, რომ არ ვარ შურიანი, ბოღმა და ბოროტი. დანარჩენი, მგონი, ყველა თვისება უარყოფითი მაქვს. რთული ხასიათი მაქვს, უჟმური ვარ ზოგჯერ, ფიცხი, ემოციური, ფეთქებადი. ძალიან ცუდია ეს თვისებები. ხელს მიშლის და მთელი ცხოვრება ვებრძვი. ზოგჯერ ვიმარჯვებ, ზოგჯერ – ვერა. ყველაზე დიდი გამარჯვება შენს თავზე გამარჯვებაა და ეს უნდა შეძლო.

– მამიდა – მზია არაბული იყო მთავარი ფაქტორი, როცა ამ პროფესიას ირჩევდი?

– საბოლოო ჯამში, იყო. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდიო, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა მამიდაჩემს სულ დავყავდი სპექტაკლებზე და ძალიან მომწონდა. მზია ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალია საქართველოში. იმიტომ არ ვამბობ, რომ მამიდაჩემია, ამ შემთხვევაში ობიექტური ვარ… ათი წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. მერე მუხლის მენისკი დამემართა, ოპერაცია გავიკეთე. მეორე მუხლმაც შემაწუხა და ვეღარ გავაგრძელე. 15 წლის ასაკში გადავწყვიტე მსახიობობა. ჩემი პედაგოგების, ქეთი დოლიძისა და ნანა კვასკვაძის მადლიერი ვარ დღემდე. თუ რამეს წარმოვადგენ, მათი დიდი წვლილია ამაში. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა. მათ შორის იყო ბახალაც, რომელიც ვთვლი, რომ დღეს უკანონოდ არის დაჭერილი. გამოუშვით ბახალა! ამას ყველგან ვიტყვი, სადაც ხმა მიმიწვდება.

– ამბობენ, რომ ყოფილი მოცეკვავეები არ არსებობენ…

– მე დავამსხვრიე ეგ სტერეოტიპი (იღიმება). მე ვარ ყოფილი მოცეკვავე. სადმე კონცერტზე რომ მივდივარ და ქართული მუსიკა მესმის, სულ მეცქმუტება, მაგრამ…

– „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ არ გქონია შემოთავაზება?

– მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. არ ვთვლი თავს ისეთ მოქნილ ტიპად, რომ იქ ვიცეკვო. გასაგებია, ცეკვა არავინ იცის, ვინც იქ მიდის, მაგრამ მე ხომ ვიცი ჩემი შესაძლებლობები. მე ცოტა უხეში, მოუქნელი პლასტიკა მაქვს. თეძოს ჩატეხას ვერ გავაკეთებდი. კი არ მიტყდება, არ გამომივა, უბრალოდ, და წავიდე მარტო იმიტომ, რომ ეკრანზე გამოვჩნდე, არ მინდა.

– ძალიან პოპულარული სერიალის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ხარ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შენი გმირი მაყურებელს უყვარს. თავად როგორ აფასებ შენს ახალ პერსონაჟს?

– საინტერესო სამუშაოა ჩემთვის იმიტომ, რომ საერთოდ განსხვავებული ტიპია ჩემგან. ვინც მიცნობს, ვერ იტყვის, თავის თავს თამაშობსო. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ნათესავებთან არ კონტაქტობს, არ ჰყავს ძმაკაცი, მეგობარი, არ უყვარს სტუმრები, ხალხმრავალი ადგილები. შეყვარებულია 1950-იანი წლების ვიღაც ვარსკვლავზე, მიამსგავსა იმერელი „აქანე და იქანე“ ქალი თავის კერპს და კიდევ უფრო გადაირია მასზე. 25 წლის წინათ გარდაცვლილ მსახიობს მიამსგავსა ნუნუკა და გადაწყვიტა, რომ ეს ის არის. მანიაკია, აბა, რა არის.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რებეკა ფალცი რეალურად არ არსებობს, მაგრამ ვისი პლაკატი აქვს გაკრული თქვენს გმირს მთავარ ოთახში?

– ეს თავად ქეთი ჩხეიძეა, მისი ფოტო ვაქციეთ პლაკატად. სულ თავიდან, როცა ჩემი პერსონაჟი შემოვიდა სერიალში და გაჩნდა სახელიც, რებეკა ფალცი, ბევრი დაგუგვლა ჰქონია ამ სახელსა და გვარს, ხალხი ეძებდა თურმე (იცინის).

– რეალურ ცხოვრებაში თუ გყოლია კერპი, მსახიობის, მომღერლის ან უბრალოდ ლამაზი ქალის სახით?

– მონიკა ბელუჩი იყო ჩემი კერპი, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. ჩვენს ბავშვობაში იყო კიდევ ერთი მომღერალი – საბრინა, აი, ეგ მომწონდა კიდევ (იცინის).

– ხომ არ გაგვიხსნი კარტებს, შერიგდება თქვენი წყვილი?

– თავადაც არ ვიცი. ორშაბათის სერიით უნდა დამთავრებულიყო სეზონი. მერე ინფორმაცია მოვიდა, რომ 12 სერია დაემატა ამ სეზონს. ანუ თებერვალშიც იქნება. შემდეგ სეზონში კი არა, ამ თორმეტ სერიაში ვიქნები თუ არა, ესეც არ ვიცი. შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით, რა ბედი ეწევა ჩვენს წყვილს.

– შენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნუნუკამ ფროდო მიატოვა?

– არ არის აქ მხოლოდ ასაკი გადამწყვეტი. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შეხვდა ერთმანეთს. ნუნუკა არ არის უტვინო ქალი, ჭკვიანი ქალია…

– სულელური ნაბიჯი კი გადადგა…

– ქალია, მთელი ცხოვრება ოჯახს შეალია, სამზარეულოში გაატარა. მოეწონა მამაკაცის სითბო, გულწრფელი სიყვარული და გადადგა ნაბიჯი. ბოლოს მიხვდა, რომ არ გამოვა. ფროდოც ხვდება. გახსოვთ ის ტექსტი, – სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ გარეგნობით ჰგავხართ რებეკასო, რომ ამბობს.

– ფროდოსნაირ ტიპაჟებს შეხვედრიხარ რეალურ ცხოვრებაში?

– არა, ბიზნესმენებთან ურთიერთობა არ მაქვს… ამ პერსონაჟშიც არის დადებითი მხარეები. მომწონს ის, რომ კარგი აღზრდილია, არავისთან არაფერი არ ეშლება, მათ შორის არც ქალთან.

– შენთვის რამდენად მისაღებია წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა და თავად თუ შეგყვარებია შენზე ასაკით ბევრად უფროსი ან უმცროსი ქალი?

– 21-22 წლის ასაკში ჩემზე უფროსი ქალები მომწონდა. 35-40 წლის ქალებთან ურთიერთობას ვამჯობინებდი. მომწონდა ის, რომ არ იყვნენ ჭირვეულები პატარა გოგონებივით, გამოცდილები იყვნენ ცხოვრებაში, ურთიერთობაში, საწოლში. მავსებდა მათთან ურთიერთობა. ახლა ასაკით უმცროსი გოგონები მომწონს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზე უფროსიც მომეწონოს. ზოგადად, რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას წყვილს შორის, საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს ბარიერია. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. ამ სერიალმა დამანახა ერთი რამ. სოციალურ ქსელში ჩვენს წყვილს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა 40-50 წლის ქალების სახით. ეს ის კატეგორიაა, რომელთაც ნუნუკასავით არ გაუმართლათ და ფიქრობენ, რომ რატომაც არა, რატომ არ დაიმსახურა ამ ქალმა ბედნიერება. იყვნენ ისეთებიც, ვინ ლანძღავდნენ ქეთი ჩხეიძის გმირს, რამ გაატუტუცა ამხელა ქალიო. ვფიქრობ, რომ, ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს.

– სამომავლო გეგმებზეც გვიამბე… რა სიახლეებია თეატრებში, სადაც შენ თამაშობ.

– მუსკომედიის თეატრში ლაშა ბუღაძის პიესის „ანტი მედეა“ მიხედვით უნდა დადგმულიყო „მედეა“. ნინო კასრაძე იყო მედეა, მე – იაზონი. სამწუხაროდ, გაჩერდა და რამდენადაც ვიცი, სამუდამოდ… თუმანიშვილის თეატრში ვთამაშობ სპექტაკლებში: „მეფე ლირი“, „ტრავმაი – სურვილი“. მუსკომედიის თეატრის ორ სპექტაკლში ვარ: „ცხოვრება იდიოტისა“ და „მაგბეტი“. 8-9-ში გვაქვს „მაგბეტი“ და ველოდები კულტურულ მაყურებელს საღამოს შვიდ საათზე (იღიმება). რომ მოხვალთ, ტელეფონები გამორთეთ. ახლა თუმანიშვილში ზურა გეწაძემ დაიწყო „ვარიაციები ჰამლეტზე“. ჯერ სამაგიდო სამუშაოები მიდის. ასე რომ, წინ ბევრი სამუშაოა.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები