სოფო ნიჟარაძე: „იმ მომენტში ვიფიქრე, სცენის განათება, ან კამერა მომხვდა თავში“

X Factor-ის მესამე “ლაივზე“ მომხდარი ინციდენტის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ პირველი, ვრცელი კომენტარი OK!-სთან გააკეთა.
სოფო ნიჟარაძემ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს ფიზიკური ზიანი მიაყენა. როგორც სოფომ აღნიშნა, გამოძიებამ აღნიშნული პიროვნების ვინაობა მალევე დაადგინა.
„გამომდინარე იქიდან, რომ X Factor-ის წინა „ლაივზე“ მომხდარი ინციდენტის გამო მსუბუქი ტრავმა მივიღე, სამი დღის განმავლობაში გამოვეთიშე გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებოდი პოლიციაში, ჩემთან იყვნენ გამომძიებლებიც და დადგინდა, რომ ადამიანი, რომელიც თავს დამესხა, უკვე მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და ახლაც იმყოფება სამხარაულის სახელობის საექსპერტიზო სამსახურში, რომელიც დაადგენს, თუ რა მდგომარეობაში იყო ის პიროვნება იმ კონკრეტულ მომენტში.
უკვე არსებობს იმის მოცემულობა, რომ ის ერთხელ უკვე მკურნალობდა. მე გულწრფელად გეუბნებით, რომ გული დამწყდა და შემეცოდა ეს ადამიანი, რადგან შესაძლოა, აბსოლუტურად ვერ გააანალიზა ის ფაქტი, რომელიც მოხდა სცენაზე. თუმცა, ჩემთვის ეს ყველაფერი, მართლაც, წარმოუდგენელი იყო. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ იმ მომენტში ვიფიქრე, სცენის განათება, ან კამერა მომხვდა თავში, რადგან ისეთ პოზიციაში ვიყავი, რომ სახე მარჯვნივ მქონდა შებრუნებული და უცებ მარცხნიდან რომ მომხვდა თავში რაღაც, ვერაფერი დავინახე.
მადლობა ღმერთს, გადავრჩი. სერიოზული დაზიანება არ მიმიღია, კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადამიღეს. მხოლოდ მსუბუქი ტრავმით შემოვიფარგლე.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინციდენტის შემდეგ, შესაძლოა, ადამიანი გარკვეულ შიშებში ჩავარდეს. ჩემს შემთხვევაში, ეს ასე არ არის, რადგან მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაც კონკრეტული შემთხვევებით შინდება. პირველი, რაც იმ დროს გავიფიქრე, მეგონა, რომ რომელიმე კონკურსანტის გულშემატკივარი გაღიზიანდა და მსგავსი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა და სწორად იღებს მაყურებელი იმას, რასაც გადმოვცემ. მართლა გულწრფელად განვიცდი თითოეული კონკურსანტის პროექტიდან წასვლას და უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა, რატომ აღმოვჩნდი მაინცდამაინც მე თავდასხმის ობიექტი“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ OK!-სთან საუბრისას.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები