საშობაო ზღაპარი სიყვარულზე

ერთი ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, ახალ წელს ტრადიცია მაქვს – დეკემბრის მიწურულს, თაროდან ღია ფერის, ყდაშემოცრეცილ წიგნს გადმოვიღებ და პატარა, სულ ორიოდე ფურცლიან მოთხრობას, ვინ იცის, მერამდენედ ვკითხულობ.
ვინმე რომ დაინტერესდეს, ვერც კი ვუპასუხებ, ასე რატომ ვიქცევი… იმ დროს, როდესაც ირგვლივ სადღესასწაულო სამზადისია გაჩაღებული, სამზარეულოში ათასნაირი გემრიელი სურნელი ტრიალებს და მისაღებ ოთახში კოპწია ნაძვის ხე მხიარულად გვიპაჭუნებს ფერად-ფერად ნათურებს, მე ჩემს საყვარელ სავარძელში ფეხმორთხმული ვზივარ და ლამის გაზეპირებულ სტრიქონებს გულაჩუყებული დავცქერი.
განა თავად არ ვიცი, რომ უცნაური ჩვევაა, მაგრამ რა ვქნა – ო’ჰენრის “მოგვების ძღვენი” თუ არ გადავიკითხე, ჩემს შობას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დააკლდება.
მეასედ უნდა მივადგე გულგატეხილ, დანაღვლიანებულ დელასთან ერთად ფანჯარას და თვეების მანძილზე გაჭირვებით დაზოგილი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი გადავთვალო… მერე უმწეოდ უნდა ვადევნო თვალი, როგორ წავა პატარა დიასახლისი მადამ სოფრონიესთან და თავის არაჩვეულებრივ, ულამაზეს თმას დაუფიქრებლად გაიმეტებს – მან ხომ საყვარელ ქმარს საჩუქარი უნდა უყიდოს.
საჩუქარიც აქვეა – მაღაზიის ვიტრინაში პლატინის ძეწკვი იწონებს თავს. ახლა ახალგაზრდა მისტერ დილინგემი იმ საძაგელ ტყავის თასმას გადააგდებს და მამა-პაპეულ ოქროს საათს ყველგან თამამად გამოამზეურებს. ჰოდა, თმა, თუნდაც ასეთი მშვენიერი, იშვიათი და უჩვეულოდ მბზინავი, ამასთან რაღა მოსატანია. მერე რა, რომ ის დელას ერთადერთი განძია…
საკუთარი თავით კმაყოფილი მისის დილინგემი შინისაკენ მიიჩქარის, მეც ფეხდაფეხ მივყვები და ყელში მობჯენილი ბურთის გადაგორებას ამაოდ ვცდილობ – დელამ ჯერ არ იცის, რომ ჯეიმსის მთელი მემკვიდრეობა – ოქროს საათი – უკვე შეეწირა მის საშობაო საჩუქარს – ძვირფასი ქვებით მოოჭვილ, კუს ბაკნის სავარცხლებს, ასე რომ დაშვენდებოდა გრძელ, წაბლისფერ თმას.
როგორც ამბობენ, საშობაო საჩუქრების ტრადიციას იმ მოგვებმა დაუდეს სათავე, ბაგაში მწოლარე ახალშობილს რომ მიართვეს ძღვენი. თავად იმ ჩვილმა კი უხვად დააბერტყა ჯეიმსსა და დელას ყველაზე ძვირფასი, სანატრელი და სანუკვარი ნიჭი – დიდი სიყვარული. ამ საჩუქარმა აქცია ეს ისტორია საშობაო ზღაპრად, რომელიც ისეთი ნათელი, ლამაზი სევდითაა გაჯერებული, ღიმილსა და ცრემლს ერთდროულად რომ მოჰგვრის ადამიანს…

წყარო: http://mollybloomsday.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები