სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს?

როგორც „ალია“ წერს, მალე მიხეილ სააკაშვილის ბევრი მომხრე დარწმუნდება, რომ მას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.
„სააკაშვილი დარწმუნდა, რომ არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებს, ახალი რევოლუცია კი ან გამოუვა, ან არა. ამიტომ, პეტრო პოროშენკოს თვითონვე წაუყენა „ულტიმატუმი“, ამ თანამდებობაზე დანიშნოს. კი, ბატონო, ის ფორმალურად კი გაივლის კონკურსს, მაგრამ, ფაქტობრივად, დანიშნავენ. ამ შემთხვევაში არის ერთი მომენტი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ეს დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობის სურვილზე. თუკი ჩვენ თეორიულად დავუშვებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნებში მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ მათ შეუძლიათ, ჩამოიყვანონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი და დანიშნონ პრემიერ-მინისტრად. თავის დროზე, ეს ცვლილება კანონში შევიდა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ხელი ეშლებოდა თანამდებობის დაკავებაში, მაგრამ ახლა იგივე კანონში დიდი შავი ხვრელია დარჩენილი. ეს ისე, ცნობისთვის. რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მამა-მარჩენალის გადაწყვეტილების თაობაზე? წყაროს ცნობით, ამ მხრივ ცოტა გაუგებრობაა, დაბნეულები არიან, აღარ იციან, საერთოდ არჩევნებზე უნდა იფიქრონ თუ არა. საბოლოო ჯამში, მაინც 12 თებერვალს ელოდებიან, სწორედ ამ დღეს გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი. მართლაც ბრძნული ნათქვამია, დრონი მეფობენ, არა მეფენიო. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ სააკაშვილს შეეძლო, მოქალაქეობა ნებისმიერისთვის ან მიეცა, ან ჩამოერთმია, თვით ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი. ახლა თვითონ დგას დილემის წინაშე, ასე თუ ისე, საქართველოს მოქალაქეობის დათმობით მაინც ზარალობს არა მხოლოდ თვითონ, „ნაცმოძრაობაც“, მისი ბევრი მომხრე იფიქრებს, რომ მიშას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს და ხელს ჩაიქნევს“, – წერს „ალია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები