„როსპოტრებნადზორი“ მოქალაქეებს ურჩევს, სექსის დროს პრეზერვატივები გამოიყენონ და პარტნიორს არ აკოცონ

„როსპოტრებნადზორის“ ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრაზილიიდან და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციები „ზიკას“ ვირუსისგან დაცვას ეხება. სპეციალისტები ურჩევენ რუსეთის მოქალაქეებს, იმ ქვეყნებში ჩასვლისას, სადაც „ზიკას“ ვირუსია გავრცელებული, სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივი გამოიყენონ და პატრნიორებს არ აკოცონ.

„დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6-7 დღეს შეადგენს. თუ თქვენ დაავადდით, გამოჯანმრთელების შემდეგაც ორი კვირის განმავლობაში თავი უნდა დაიცვათ. ვირუსი ჯერ არასათანადოდ არის შესწავლილი და რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს რჩება ის ბოილოგიურ გარემოში“, – ამბობენ რუსი ეპიდემიოლოგები.

ამასთანავე, სპეციალისტები აცხადებენ, რომ „ზიკას“ ვირუსის კონცენტრაცია ნერწყვში ბევრად მაღალია, ვიდრე სპერმაში, ამიტომ მიზანშეწონილია კოცნაზე უარის თქმა.

ცნობისთვის, სქესობრივი აქტის დროს „ზიკას“ ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები