რომეო და ჯულიეტა – როგორები არიან ახლა ლეგენდარული ფილმის გმირები

შექსპირის უკვდავი ტრაგედიის ეკრანიზება არაერთ რეჟისორს უცდია, თუმცა მხოლოდ იტალიელმა ფრანკო ძეფირელიმ მოახერხა, ლამის ისეთივე შედევრად ექცია საკუთარი ფილმი, როგორიც თვით პიესა იყო. გარდა ნინო როტას საოცარი მუსიკისა, დეკორაციებისა და მთელი სამსახიობო ანსამბლისა, ფილმის მთავარი ხიბლი სწორედ ეს წყვილი იყო – გენიალურად შერჩეული რომეო და ჯულიეტა.
ოლივია ჰასისა და ლეონარდ უაიტინგისთვის ეს როლები ცხოვრებისეულ როლებად იქცა, ამის მერე არაერთი პერსონაჟი განუსახიერებიათ, მაგრამ საბოლოოდ დარჩნენ უკვდავ შეყვარებულებად.
სხვათა შორის, ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში სტიქიურად ქორწინდებოდნენ ახალგაზრდა წყვილები, სკოლის მერხებიდან იპარებოდნენ და უფრო მეტიც – რამდენიმე წყვილს თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

ჯულიეტას როლის შემსრულებელი ოლივია ჰასი 16 წლის იყო, როცა ძეფირელიმ როლზე აარჩია. ამ ფილმის შემდეგ რეჟისორმა მას ღვთისმშობლის როლიც ანდო სურათში „იესო ნაზერეველი“. შემდეგ იყო ასევე საკმაოდ ცნობილი პერსონაჟი – დედა ტერეზას როლი ბიოგრაფიულ ფილმში. 2014 წელს კი “რომეოსთან”, ლეონარდ უაიტინგთან ისევ დააწყვილეს სურათში „სოციალური თვითმკვლელობა“.

ამ ფილმში მოთხრობილია, როგორ შეიძლება განვითარებულიყო რომეოსა და ჯულიეტას ამბავი იუთუბის ეპოქაში.
სურათში წყვილი  ჯულიეტას მშობლების როლებს განასახიერებს. ჯულიეტას როლს კი თავად ოლივიას ქალიშვილი, ინდია ეისლი ასახიერებს. სულ ოლივიას სამი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქმრისგან.
რაც შეეხება ლეონარდ უაიტინგს, მან 11 წლისამ დაიწყო კარიერა, როგორც მომღერალმა. თამაშობდა მიუზიკლებში, ძირითადად თეატრში. „რომეო და ჯულიეტასთვის“ კი ძეფირელიმ სამთვიანი გასაუბრებების შემდეგ აირჩია – 300 პრეტენდენტს შორის.

“რომეო როლი არ იყო ჩემთვის, ეს იყო სამყაროს აღქმის განცდა, თავგანწირვის წყურვილი. ძეფირელიმ გამოიცნო რომეოს მდგომარეობა და იმიტომ ამირჩია”.
ლეონარდმა ფილმის დასრულებიდან მალევე შეირთო ცოლად ფოტომოდელი კეტი დემენი, რომელმაც ქალიშვილი გაუჩინა. თუმცა კეტის რამდენიმე წელში დაშორდა და მეორედ იქორწინა თავის მენეჯერ ლინ პრესერზე, რომელთანაც ახლაც ცხოვრობს.
სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ მრავალი წელია ბავშვებისთვის ქმნის პროექტებს, სალიტერატურო მოღვაწეობას ეწევა და მუსიკას წერს.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები