როგორ აწვალებს მძღოლებს ჯანეტ ქერდიყოშვილი – ”საჭესთან ქალებს ცუდი რეაქციები გვაქვს..”

”მანქანა ჩემი სახეა, ჩემი მეგობარი, მეორე მე; ნივთი, რომელიც კომფორტს გიქმნის, უნდა გიყვარდეს. ვერ ვიტყვი, რომ მანქანა ჩემი მეორე სახლია, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა, რომ ესაა ადგილი, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა, თუნდაც მარტოს”, – აღნიშნავს მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.

– ყოველთვის მომწონდა ქალი საჭესთან, ოღონდ თავდაჯერებული ქალი, რომელიც მანქანას მამაკაცივით მართავს. მეც სკოლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი კარგი მძღოლი და მყოლოდა ჩემი მანქანა. მამა კი მსვამდა საჭესთან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ხშირად. თან, დიდად არ მომწონდა მასთან ერთად მანქანის ტარება, რადგან მაშინაც კი ვიძაბებოდი, როცა გვერდით ჩუმად მეჯდა და შენიშვნასაც არ მაძლევდა. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა მართვის მოწმობის ასაღებად ვემზადებოდი, ავტოსკოლაში დავიწყე სიარული და პირველივე გაკვეთილზე მშვენივრად ავითვისე ყველაფერი, სამი გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა, მზად ხარ გამოცდაზე გასასვლელადო. თეორიის ჩაბარების უფრო მეშინოდა, ვიდრე პრაქტიკის, რის გამოც თითქმის ყველა ჯგუფელი დამცინოდა, მეუბნებოდნენ, შენ რა ყველაფერი პირიქით გაქვსო. საბოლოო ჯამში პირველივე ჯერზე ჩავაბარე ორივე, დედა და ძმა მახლდნენ თან. როგორც კი მართვის მოწმობა ავიღე, მამასთან მივედი და მაგიდაზე დავუდე. მანამდე მეუბნებოდა, შენით ვერ აიღებ, მე გაგიკეთებ რუსულ ”პრავას” და მერე იმით ივლი აქაცო. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვუთხარი, ხომ ხედავ, ჩემით ავიღე მართვის მოწმობა, ახლა შენი ჯერია, დაპირება შეასრულო და მანქანა მაჩუქო-მეთქი.

– შეასრულა დანაპირები?
– 2012 წლის ”ჰიუნდაი” მიყიდა, ყვითელი, სამკარიანი, ძალიან უცხო, სწრაფი სპორტული მანქანა, რომელიც მართლა ძალიან მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ პირველი იყო. პირველი სისწრაფის შეგრძნება, კურიოზები, ზრუნვა, პასუხისმგებლობა სწორედ მის მიმართ ვიგრძენი. ამის შემდეგ ისევ მამიკომ 2014 წლის ”ტოიოტა პრადო” მაჩუქა, თეთრი და უკვე ოთხკარიანი, ოდნავ უფრო ძლიერი და სწრაფი. როგორც უნდა მიყვარდეს ჩემი პირველი სპორტული მანქანა, ჯიპი მაინც სულ სხვაა. ბევრად უფრო დაცულად გრძნობ თავს, უფრო მშვიდად, წყნარად, თა-ვდაჯერებულად დადიხარ. ადრე თუ გზაზე ვცელქობდი, ახლა პირიქით, ძალიან ნელა ვატარებ და მომწონს, რომ აღარ მიჩნდება სურვილი, მანქანა სწრაფად ვატარო. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ სისწრაფე არ მიყვარს. ექსტრიმის მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ ვიცი, მანქანა ახალი და ტექნიკურად გამართულია, საჭესთან გამოცდილი მძღოლი ზის, სიამოვნებით მივუჯდები გვერდით, ან თავად დავჯდები სამართავად. ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, ვისწავლო ავტორალიზე სპორტული მანქანის ტარება და ალბათ, ამ სურვილს მალე ავისრულებ.

– სანამ მანქანა გეყოლებოდა, რით გადაადგილდებოდი?
– ძირითადად, ტაქსით, მიმგზავრია ავტობუსითაც, რუსეთში კი – მეტროთიც.

– კანონმორჩილი მძღოლი ხარ, თუ ხშირად გაჯარიმებენ?
– კანონს ყოველთვის ვიცავ, ღვედს აუცილებლად ვიკეთებ, ოღონდ ამას უფრო ჩემი უსაფრთხოების გამო ვაკეთებ და არა 40-ლარიანი ჯარიმის გამო. ვცდილობ, კანონმორჩილი მძღოლი ვიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის ქუჩებში ძალიან რთულია, იარო სწორად, წესების დაცვით. რაც შეეხება პატრულს, მაჩერებს მხოლოდ ორი მიზეზით: ესაა ტელეფონზე ლაპარაკი და არასწორი დგომა. უმეტესწილად მცნობენ. ერთხელ გზის სავალ ნაწილზე ვიდექი, დედაჩემს ველოდებოდი, უცებ პატრულმა მოაყენა მანქანა, გადმოდის თანამშრომელი და მეუბნება, დიდი ბოდიში, ჯანეტ, მე თქვენ ძალიან მომწონხართ, მთელი ჩემი ოჯახი გგულშემატკივრობთ, მაგრამ უფროსმა, ანუ ოცმეთაურმა, გადმომცა, რომ ჯარიმა გამომეწერა თქვენთვის მანქანის არასწორი დგომის გამოო. ვიცი, რომ ვიმსახურებ დაჯარიმებას და ვიხდი კიდეც.

– ”სითი პარკს” წაუყვანია შენი მანქანა?
– პირველი მანქანა ბევრჯერ ჰყავთ წაყვანილი, რასაც მე მაინც მის ფერს ვაბრალებ, ძალიან მყვირალა ფერი ჰქონდა და მაშინვე თვალში ხვდებოდა. სამაგიეროდ, ახლა დამშვიდებული ვარ. ჯიპი მყავს და არ მეცოდება, ყველგან დავძვრები, ვიცი მისი შესაძლებლობები და პარკინგის დროს შეიძლება, ისეთ ადგილას ჩავაყენო, თავადაც გამიკვირდეს, როგორ მოვახერხე ასე პროფესიონალურად გაჩერება.

– ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?
– ერთადერთი უსიამოვნო შემთხვევა პირველ მანქანაზე მქონდა. გავაჩერე მრგვალ ბაღთან, როგორც კი კარი გავაღე, სხვა მანქანამ ისე ახლოს გაიარა, ჩემი კარი ”გაიტანა”, თითქმის მოსძვრა, ძალიან სასაცილო სანახაობა იყო. ყველა იმას ამბობდა, ეგრე როგორ მოგიახლოვდა, რომ გაიარა და კარიც ”გააყოლაო”.

– საჭესთან მჯდომი როგორ გამოხატავ გაბრაზებას?
– ჩემი აზრით, ბილწი სიტყვები ქალის პირიდან ამაზრზენად ჟღერს, ამიტომ ვცდილობ, ამ ხერხს არ მივმართო. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი მომენტი ჩამივარდება ხელში, ცუდად მოძრავ მძღოლს წინ ვუჩერებ მანქანას, მის წინ ნელა ვმოძრაობ და რამდენიმე წუთი ასე ვაწვალებ (იღიმის).

– ფიქრობ, რომ ქალები მანქანას ცუდად მართავენ?
– ამ საკითხზე გავრცელებულ სტერეოტიპს ვეთანხმები. საჭესთან ქალებს ცუდი რეაქციები გვაქვს, მალე ვიბნევით, დაძაბულები დავდივართ, არ ვინტერესდებით, რა ხდება გვერდით, რადგან ვფიქრობთ, ჩვენს გზაზე სწორად მივდივართ. პირადად მე გამოუცდელი მძღოლები მაღიზიანებენ, თან, მანქანას მაშინვე ვატყობ, ქალი მართავს თუ კაცი. როცა რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს, უეჭველად ქალია. არ დაგვავიწყდეს, რომ გამონაკლისი ყველაფერში არსებობს, არიან ისეთი ქალი მძღოლები, რომლებიც ამ სტერეოტიპს არღვევენ და როგორც სხვები ამბობენ, მეც ასეთი ვარ.

– დასასრულ, მანქანის ნომრებზეც გკითხავ.
– წესით, კარგ მანქანას კარგი ნომერიც უხდება, მაგრამ არა სახელი. ჩვენთან ახალი სანომრე ნიშნები რომ შემოიღეს, თითქმის ყველამ თავისი სახელი ან უაზრო სიტყვები: ლორდ, ამინ, მამა და ა.შ. დააწერა, ეს არ მომწონს. მე სპეციალურად ავირჩიე ისეთი ასოები, რაც არაფერს ნიშნავს, ოღონდ ოთხივე ერთნაირია, ხოლო რიცხვი 021-ია, რადგან, ჩემი აზრით, 21 იღბლიანი რიცხვია.

 

წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები