რა წინასწარმეტყველებები აუხდა ბარბარე სამხარაძეს? იდუმალ ხმას ჩაუძახია გულში, ბარბარე დაარქვიო

რა წინასწარმეტყველებები აუხდა ბარბარე სამხარაძეს, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ პროექტ “ნიჭიერის“ გამარჯვებულ ბარბარე სამხარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ბარბარა ამბობს, რომ ძალიან ოპტიმისტია და წინათგრძნობის ნიჭიც აქვს.
“ოცნება არის წარმატების მოზიდვისა და გამარჯვების გენერალური რეპეტიცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის მჯეროდა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების. ჯერ კიდევ 4 წლის წინათ დედას ვეუბნებოდი, – რომ გავიზრდები, სადაც გავივლი, ყველა იტყვის შენზე, ეს ბარბარეს დედააო. მართლაც, ასე მოხდა. დედა მუსიკოს-პედაგოგია, თურმე ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს მასმენინებდა გემოვნებიან მუსიკას, სულ მიმღეროდა და მელაპარაკებოდა. ასე,რომ მუსიკის ნიჭი და მუსიკალური გემოვნება დედისგან გადმოცემული გენეტიკური საჩუქარია. მჯერა, რომ მფარველობს ღმერთი და ის წმინდანი, რომლის სახელიც დამარქვეს. დედას ჩემთვის თეკლას ან ელენეს დარქმევა უნდოდა. მამაჩემს უკითხავს, რა დავარქვათო, იდუმალ ხმას ჩაუძახია გულში, ბარბარე დაარქვიო. ამიტომაც დამარქვეს ბარბარე. ძალიან ოპტიმისტი ვარ, მაქვს წინათგრძნობის ნიჭიც, ხშირად, ხშირად ვგრძნობ, როდის და რა საგანში გამიძახებს მასწავლებელი, რა თხზულებას დაგვაწერინებს, რა შეფასებას მივიღებ. ღმერთის რწმენა პატარაობიდანვე მომყვება, ორი წლის ვიყავი, პირჯვრის წერით “მამაო ჩვენოს“ რომ ვამბობდი. ჩემი ყველა საქმე ლოცვით იწყება, პატარაობიდანვე საქმის დაწყების წინ ლოცვას ვკითხულობდი.
2012 წელს ჩვენ სოფელში დააარსეს დედათა მონასტერი,იქ მივედი, გავიცანი ღვთისმსახური დედები და გალობაც დავიწყე, ყველგან თან დამყვება გალობისა და ტაძრის მადლი. რაზეც მიოცნებია, ჯერჯერობით ყველაფერი ამიცხადდა. პროექტ “ნიჭიერში“ რომ გადავწყვიტე მონაწილეობა, დედას ვუთხარი, პირველი ოქროს ღილაკი ჩემი იქნება-მეთქი და სიმღერის დროს მქონდა ოქროს ღილაკის მოლოდინი. არ გავწბილდი, სწორედ ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა და არ გავწბილდი. სხვა მონაწილეთა პროგნოზებიც გაიმართა. ნინო წულაიას ვუთხარი ჟიური გადაგიყვანს – მეთქი, გაბრიელსა და მარის კი ვუთხარი, მათ “ზედაზენი“ გადაიყვანდა. სწორედ ასე მოხდა“, -ამბობს ბარბარა სამხარძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები