რას უკავშირდება ლევან ჯიბღაშვილს იმიჯის რადიკალური ცვლილება

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს თურქულ სერიალში იღებენ. მუსლიმანური სამყაროს (თურქულ-არაბული) კინოკომპანია, რომელიც ძირითადად მაღალბიუჯეტიანი, ისტორიული სერიალების შეკვეთებზე მუშაობს, ახალი დოკუმენტური სერიალის გადაღებას იწყებს. სერიალის მთავარი მოქმედი გმირი მუსლიმანური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული პიროვნებაა, რომელსაც ქართული ფესვები და საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ როლს სთავაზობენ ლევან ჯიბღაშვილს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ის კინოკომპანიაა, რომელმაც გადაიღო სერიალები: „ქოსემის რისხვა“ და „დიდებული საუკუნე“, არ გამოვრიცხავთ, რომ ახალი თურქული სერიალი ქართულ ტელესივრცეშიც მოხვდეს.
ლევან ჯიბღაშვილი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა თურქეთში. როგორც გავიგეთ, ლევანს საინტერესო და ორიგინალური დახვედრა მოუწყვეს. შეხვედრა კონტრაქტის პირობების შეთანხმებას ემსახურებოდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ჩვენ ლევან ჯიბღაშვილს დავუკავშირდით.
– ლევან, თურქულ სერიალში გიღებენ, გავიგეთ…
– არა, არა, მსგავსი არაფერია…
– ინფორმაცია სანდო წყაროსგან მაქვს, უბრალოდ, პირველწყაროსგან მინდა დადასტურება…
– (იცინის) ნუ, თუ სანდო წყაროსგან გაქვთ… იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
– კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდით თუ…
– რაღაცები არ მომეწონა, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, გადაწყვეტილი არაფერია.
– შენი იმიჯის რადიკალური ცვლილებაც ამ ფილმს ხომ არ უკავშირდება?
– არა, არა, წვერს სულ ვატარებდი, უბრალოდ, ცოტა მოვუშვი ახლა.
– როგორ გმირს ითამაშებ, თუ შემოთავაზებას დასთანხმდები ?
– საინტერესოს (იცინის).
– წარმატებები.
– მადლობა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს, როგორც ჩანს, ლევანი წინადადებაზე მაინც ფიქრობს. სავარაუდოდ, შეთანხმების შემთხვევაში ლევანს საქართველოში არსებული ბიზნესების დიდი ხნით დატოვება არ უნდა.
ალბათ, თურქული კომპანია ჯიბღაშვილის ყველა პირობას დასთანხმდება. ვინაიდან მათ უკვე ნანახი აქვთ, როგორ განასახიერა მსახიობმა ცნობილი ქართველის – სტალინის როლი.

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები