სახელი: ანა.

გვარი: კონოპლევა.

სამუშაო ადგილი: საინფორმაციო სააგენტო „კვირა“.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი…  ფსიქოლოგი. ჯერ სტომატოლოგი მინდოდა გამოვსულიყავი. მერე ისე მოხდა, რომ ჟურნალისტიკისკენ გადავიხარე.

ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს… შეიძლება გქონდეს ურთიერთობა ბევრ საინტერესო ადამიანთან და გააშუქო  ბევრი საინტერესო ამბავი. ყველაზე მეტად მაინც გადაღებისა და მონტაჟის პროცესი მომწონს. სანამ  საბოლოო შედეგს ვიღებ, ძალიან ვნერვიულობ.

ყველაზე დასამახსოვრებელი  რეპორტაჟი… გავაკეთე პორტრეტი  მუსიკოს  მაია ბარათაშვილზე.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ…  ერთგულებასა  და გულწრფელობას,

მჯერა, რომ… თუ მოინდომებს, ყველას ყველაფერი გამოუვა.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… ვარ ოპტიმისტი, მხიარული  და ბავშვური. თუკი ჩემს გარეგნობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად თვალები მომწონს.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში… ვარ ჯიუტი. ერთი  მხრივ, ეს შეიძლება დადებითი თვისებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მიშლის ხელს ურთიერთობებში.

ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, არის…  ჩემი შვილი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…  მქონოდა საკუთარი ტელევიზია.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… სადმე თბილ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სიცივეს  ვერ ვიტან.

ნიჭი, რომელსაც მინდა, ვფლობდე… ძალიან მინდა კარგად ვმღეროდე.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი… „ოსტატი და მარგარიტა“.

ამოჩემებული სამოსი… ბოლო  დროს ამოვიჩემე ზოლიანი მაისურები,

კაბა თუ შარვალი… კაბა.

ყველაზე ხშირად მავიწყდება…   დარეკვა ახლობელ ადამიანებთან და მათი მოკითხვა.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… „ასე ვთქვათ“.

ადრე ვფიქრობდი, რომ… და ახლა ვფიქრობ… ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანი არის ერთგული. ახლაც მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

თავისუფალ დროს… იმდენად ცოტა დრო მაქვს თავისუფალი, რომ  მხოლოდ და მხოლოდ შვილს  ვუთმობ.

მეშინია… ღალატის.

ვტირი მაშინ, როდესაც… ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ უკურეაქცია მაქვს ხოლმე. როდესაც  ვნერვიულობ, ვიცინი და როცა კარგ ხასიათზე ვარ, ვტირი. სიცილი არის ჩემი თავდაცვა, ასე ვთქვათ.

ვნანობ, რომ… არაფერს არ  ვნანობ არასდროს. მიმაჩნია, რომ, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, ამას დაუფიქრებლად არ აკეთებს. ასე რომ, თუ შეცდომა დაუშვი, ეს იმისთვის არის, რომ ამაზე ისწავლო.

ყველაზე მეტად განვიცდი…  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მენატრება… ბავშვობა.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… რაღაც კარგად გამომდის და ამ დროს ვიღაც წარუმატებელია. რომ ვხედავ, რომ ის ამ დროს უბედურია, მე მრცხვენია ხოლმე. უხერხულად ვგრძნობ თავს.

მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც… ძალიან დადებითი და ერთგული ადამიანი.

ყველაზე მეტად მიყვარს… ჩემი შვილის მერე მიყვარს ციგურებით სრიალი, სიმღერა, ცეკვა, შოკოლადი, ნაყინი, ზღვა, მზე და თბილი ადამიანები.

არასოდეს არ გავაკეთებ… ადამიანს უსამართლოდ  გულს  არ ვატკენ.

რის თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ იყვნენ ბოროტები, არ იყოს ზიზღი და  უყვარდეთ ერთმანეთი. ბანალურია, მაგრამ, ზოგადად, პირიქითაა და ამიტომაც მინდა, ასე იყოს.

თქვენს რუბრიკას ვუსურვებ… მსოფლიო ბაზარზე გასვლას და ბევრ ლამაზ ფოტოს.

 

 

 

წყარო:  funtime.ge