მძიმე ღამეს ველოდებით, დააფასონ საქართველოში მშვიდობა – ისრაელში მცხოვრები ქართველი

ისრაელში, კერძოდ ქალაქ თელ-ავივში მცხოვრები ქართველი თეა სირაძე ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა.

სირაძის თქმით, 8 ოქტომბერს ისრაელში მშვიდი ვითარება იყო, მაგრამ მძიმე ღამის მოლოდინი აქვთ.

ამასთან, სირაძემ გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო უწყებასა და ისრაელში საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა.

„დღეს მშვიდი სიტუაციაა, არაფერი ყოფილა. არც სირენები ჩართულა, არც თავშესაფარში ჩავსულვართ ანუ დღეს სიმშვიდე გვქონდა. ქვეყანაში დღეს სამარისებური სიმშვიდეა და ეს უფრო დამთრგუნველია. მე ვიმყოფები ქალაქ თელ-ავივში, 2 ქალაქთან მქონდა შეხება და ყველგან სიმშვიდე იყო.

გუშინ იყო ძალიან მძიმე ღამე. დღესაც ველოდებით ძალიან მძიმე ღამეს. ღმერთო, არ ვიცი რა იქნება. ძალიან ბევრი მძევალია აყვანილი, ბავშვები, მოხუცები, ქალები, დაღუპულია ძალიან ბევრი სამხედრო.

ასეთი სიტუაცია არ ყოფილა, ისრაელი ყოველთვის მაგრად იდგა, ერთი ჯარისკაციც კი არ ეღუპებოდათ. ახლა ძალიან დიდია მსხვერპლი. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დააფასონ საქართველოში მშვიდობა, დააფასონ… მშვიდობაზე მაგარი არაფერია ამ ქვეყანაზე.

როგორც კი სირენები ჩაირთვება, 30 წამში თავშესაფარში უნდა იყო ჩასული. ქართველები ერთმანეთს ვეკონტაქტებით, მჭიდრო კავშირი გვაქვს. ისრაელში „თბილისობის“ მოწყობას ვაპირებდით და გვყავდა უამრავი სტუმარი, მათ შორის იყვნენ ანსამბლი „გორდელა“ და „ნიკოლშოუ“.

განვითარებული მოვლენების გამო ღონისძიება, ცხადია, ვერ შედგა. ისრაელში საქართველოს ელჩი მთელი დღის განმავლობაში იყო მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სათანადო ყურადღებას გვაქცევენ ელჩი და კონსული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი კადრისთვის. ყველა მოქალაქეს დიდ ყურადღებას აქცევენ, სასწაულებს ჩადიან“, – ამბობს თეა სირაძე.

წყარო: https://newshub.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები