მცირე გაკვეთილი სასწავლებლად ჩამოსულ პროვინციელებს

თუ რომელიმე არათბილისელ აბიტურიენტს მიმართავ კითხვით: „სად აბარებ?“ პასუხად რომელიმე უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტის ნაცვლად მიიღებთ: „თბილისში,“ თან ისეთი სახით გეტყვის, დაეჭვდები, თბილისი რამე უნივერსიტეტს ხომ არ ჰქვიაო.
თბილისი, ოოო…. დიადი თბილისი, ეს არის, რაც არის, აქ გოგოები იძლევიან, მაგარი პონტებია, ღამის კლუბები, დალევა და რამე. ამ სტერეოტიპს უკვე გასტუდენტებული პროვინციელები აყალიბებენ, როდესაც ბრუნდებიან მშობლიურ მხარეში და ყვებიან თავის სადედაქალაქო საგმირო საქმეების შესახებ, როგორ გაჟიმა კურსელი გოგო და მერე როგორ ეტენებოდა, როგორ ესროლეს მას და მის ძმაკაცებს უნივერსიტეტის ეზოში და მერე ამათ „აბაროტი“ რო აიღეს (რა თქმა უნდა, იტყუებიან). უსმენენ გაბრწყინებული თვალებით მომავალი პინგვინები და ერთი სული აქვთ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ყოველივე. ფიქრობენ, მთავარია ჩავაბარო და თბილისში ყველაფერი თავისით მოვა, თბილისი ხომ ოცნებების ქარხანაა. ისე ოცნებობენ თბილისზე, თითქოს სადღაც შორეული ქვეყნის ქალაქი იყოს  (საერთოდ, პროვინციელი აბიტურიენტებისა და სტუდენტების ფსიქოლოგია ცალკე კვლევის საგანია, ახლა არ მინდა თემას გადავუხვიო).
ასე ვიყავი მეც, რიგითი პროვინციელი აბიტურიენტი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ისეთი ვარდისფერი არ არის. როგორც აბიტურიენტობისას გეჩვენება, ჰოდა, მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო პროვინციელ აბიტურიენტებს, რათა ჩემნაირ „ჩეპეებში“ არ გაეხვიონ.
მაშ ასე, იწყება თხრობაი საკვირველი.
არაფერი განსაკუთრებული, „მოვეწყვე“ თბილისში და შევუდექი თბილისური ოცნების ასრულებას, ოცნების ასასრულებლად საჭირო იყო ფული და ხალხის გაცნობა. ფულს ათასი ტყუილის საშუალებით ვცანცლავდი საცოდავ მამაჩემს, ხან ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, ხან ექსკურსიაზე მივდიოდი, ხან გასვენებაში და ა.შ. თანხა შეადგენდა ასე 20-30 ლარს, ამას ემატებოდა ჩემი ყოველკვირეული ბიუჯეტი ოცი ლარის ოდენობით და მეტი არც მინდოდა. ხანდახან იყო სიტუაცია, როდესაც მარტო ამ ოცი ლარის იმედზე უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ტყუილს ვერ ვიტყოდი, „დავიწვებოდი.“
ერთი ასეთი უტყუილო კვირა დაიწყო, გორიდან აღგზენებული ჩამოვედი ოცი ლარითურთ. ჩემს გორელ „ვზროსლ“ მეგობართან ერთად, მივაშურე უნივერსიტეტს. სავარაუდოდ, შორიდან ისეთ „ვიდზე“ ვარ, როგორც „ადნაკლასნიკებზე“ არიან, ოღონდ აწითლებული ლოყებისა და იარაღის გარეშე.
ჩემი „ვზროსლი“ მეგობარი „ჯეოსტარელია“, ასე თუ ისე, იცნობს ხალხი და მაგასთან ერთად მოძრაობა ჩემს თბილისურ ოცნებას უფრო რეალურს ხდის. „სასტავში“ დამკვიდრება არ მიჭირს, ნუ, ახლა უნდა ვაღიარო, მერე რა რომ სოფლელი ვარ და ლაპარაკი არ ვიცი, „ზატო“ სიპათიური ვარ და გოგოები ეგრევე არ გარბიან ჩემთან ურთიერთობისას. ერთი გოგო უკვე გაცნობილი მყავს, იმას კარგად აქვს ფეხი მოკიდებული, როგორც ვატყობ, და „ჩერეზ“ მაგითი გავალ, თან კაი „სვეცკია“, საკაიფოდ წელავს ასოებს.
მივედი, ვნახე ეს უკვე გაცნობილი გოგო, მარტო არ იყო, როგორც ყოველთვის, შევთავაზე, წამო, რამე ვჭამოთ-მეთქი  (ნუ, რა თქმა უნდა, ჭამაში „ნიკორას“ და მეორე კორპუსის წინს მდებარე სახაჭაპურეს ვგულისხმობდი). შენი მეგობარიც წამოიყვანე-მეთქი, ამასობაში ერთი ჩემი კურსელი ბიჭიც შემოგვემატა და პირველი კორპუსის ეზოში უკვე ხუთნი ვიყავით. დავიძარით, ეზოდან გამოვედით, წინ გოგოები მიდიან, უკან ჩვენ, რაღაცას ვღიღინებთ. ვჩერდებით პირველი კორპუსის შესასვლელთან და ვსვამ კითხვას: „სად წავიდეთ?“ იმ იმედით, რომ პასუხად ან „ნიკორას“ მივიღებ ან „კოკა – კოლას“ (იმ სახაჭაპურეს ეგრე ვეძახდით), „ნიკორა“ უფრო მაწყობს, ჩაი უფასოა. „წამო „კოელიოში“, აქვეა“, – ამბობს ახალი გოგო, ახალი გოგო უნდა ითქვას, რომ ვიზუალურად არ მომწონს, მაგრამ თბილისელია და ეგ მხიბლავს.
ვა… „კოელიო“ არ ვიცი, მე კიდე მგონია, რო ყველა „საკიშკაო ზავეძენია“ მოვლილი მაქვს უნივერსიტეტთან.
ავდივართ კეკელიძეზე, ჩვენ წინ მივდივართ, რაღაცას ვღიღინებთ, გოგოების ხმა გვესმის უკნიდან, სადღა მიდიხართ, აქ არისო, ვბრუნდებით. ავდივართ კიბეებზე და ვიღაც ჭაღარა სანდომიანი მამაკაცი იმზირება, ვერ მივხვდი, რა ხდება, თან მაგრად მაინტერესებს, ეს კაცი ვინაა, მაგრამ მიტყდება, კითხვა რო დავსვა.
მოვთავსდით, ძალიან მშია. მოვიდა მიმტანი და რას ინებებთო, კი ვეტყვი, ერთი ლობიანი და ერთიც ფენოვანი თავისი „კოკა-კოლით“- მეთქი, მაგრამ, ვაითუ, დამცინონ. ეს რაღაც „ძერსკი“ „ზავეძენია“ ჩანს-მეთქი, ვფიქრობ, გადავწყვიტე, რომ კარტოფილი უეჭველი უნდა ჰქონოდათ, შევუკვეთეთ 2 ჩაი და 3 კარტოფილი „ფრი.“
შეკვეთა იგვიანებს, სალაპარაკოდ საკმაო დრო გვაქვს, გოგოები თავისთვის ლაპარაკობენ, ჩვენ ჩვენთვის ვიცინით, შიგადაშიგ ჩემს ჯეოსტარელ მეგობარს კითხვებს უსვამენ: „რა უნდა იმღერო შემდეგ ტურზე?“ და ა.შ.
ამასობაში ჩვენი შეკვეთაც მოვიდა: 2 ჩაი, 3 ფრი, კეჩუპი და პური.
„პური ვის უნდა?“ გაკვირვებისგან პირი დააღო და თვალები დააჭყიტა ახალმა გოგომ. „მე“, – მორცხვად ვუპასუხე და გავიღიმე. არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა, სახეზე ეწერა, ეს გოიმი და სოფლელი ვინ არი, ამასთან ერთად რა მინდაო, აპრუწა ტუჩები და ჩანგალი ერთ საცოდავ კარტოფილს ჩაარჭო.
მიწა გამსკდომოდა, მერჩივნა, არ ვიცოდი, კარტოფილზე პურის შეტანება თუ გოიმობა იყო, ბებიაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ბევრი პური ჭამე და „მუსკულები“ გექნებაო.
რადგან ჩემი გოიმობის ლუსტრაცია უკვე მოხდა, გადავწყვიტე, ცნობისმოყვარეობა მაინც დამეკმაყოფილებინა და მეკითხა ამ ჭაღარა კაცის ამბავი. საბედნიეროდ, არ დამცალდა კითხვა და თვითონ ჩამოაგდეს საუბარი კოელიოზე, „იცი, გოგო, კოელიომ რა თქვა? ვინც მე არ წამიკითხავს, ის გოიმიაო, არადა თავიდან ძალიან თავმდაბალი იყო, ეხლა კიდე თავში აუვარდაო, მარა მაინც საყვარელია.“
ამ დიალოგის საფუძველზე დავასკვენი, რომ ეს ჭაღარა კაცი მწერალი უნდა იყოს, თან საკმაოდ პოპულარული, მაგის სახელობის კაფეც კი გახსნილა თბილისში. „მე არ მაქვს წაკითხული კოელიო-მეთქი“, – რაღაც სითამამემ იმძლავრა ჩემში და ეს ფრაზა დასცდა ბაგესა ჩემსა, „უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი, რა აქვს დაწერილი, პირველად გავიგე – მეთქი.“ მეორე მზერა, რომელიც ორივე გოგომ ერთად მესროლა, უფრო დამთრგუნველი და აბუჩად ამგდები იყო, სავარაუდოდ, ასეთ მზერას მივიღებდი მაშინ, თუ ხაშს მოვითხოვდი ამ დიადი მწერლის სახელობის კაფეში. ამასობაში ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღო და ანგარიში მოვიდა, გავიბრიქე და მე გამოვართვი, ნაზად გადავშალე და, მგონი, სახეზე მჭმუნვარება არ შევიმჩნიე ისე ჩავდე ჩემი ბედკრული და დედისერთა ოცლარიანი, ხურდას აღარ დაველოდე, ან კი 20 თეთრი რა გამოსართმევი იყო, ეჰჰ… გავმძღარიყავი მაინც.
მთელი კვირა რითი ვიცოცხლო-მეთქი, წავიშინე ხელები, აი ასე დავრჩი უგზისფულოდ. თავს ვიმშვიდებდი, „ზატო“ კაი „სვეცკი“ გოგოები გაიცანი, მათე, ეგ არაფერი-მეთქი, მაგრამ მეორე მე ჩამძახოდა, მაგ გოგოებს მაგრად კიდიხარ, შენ ხო კარტოფილს და პურს ერთად ჭამ და არც კოელიო იცი, ვინააო. ასეთი კვირები კიდე მრავალი იყო ჩემს პირველსემეტრულ კარიერაში, მერე ცოტა გავიქექე.
და ამ ავბედითი დღის მეორე დღეს, მივაშურე უნივერსიტეტს, გადავაგდე ავტობუსი (მაშინ ფული მძღოლისთვის უნდა მიგეცა). მეორე კორპუსის კიბეზე ის გოგო დავლანდე. წინა დღეს რომ გავიცანი, მარტო იყო. სიგარეტს ეწეოდა და მუსიკას უსმენდა.
წინ გადავუდექი, გამარჯობა. როგორ ხარ-მეთქი, გაოგნებული მზერა უკვე მესამედ მესროლა, „რომეეეელიიი ხაარ?“ ენა დაება. „ნაუშნიკი“ მოიხსნა და ოდნავ უკან გადაიხარა, ცისფერი ლინზები გაუკეთებია, არ უხდებოდა.
ავიქნიე ხელი, ზურგი შევაქციე და წამოვედი.
იმის მერე გამოხდა ხანი, წიგნების კითხვასაც მოვუმატე, მაგრამ ამ სიმპათიური მამაკაცის არაფერი წამიკითხავს, მან ხო საცოდავი ოცი ლარი დამცინცლა.

წყარო: endeblogi.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები