რა გითხრათ, რით გაგაგხაროთ…

მოჯადოებული წრე

ახლა ღამეა. ოქტომბრის ბოლო. ნაცრისფერი და ღრუბლიანი ხუთშაბათის ღამე. მოწყენილობაა…საღამოს შვიდზე მეგობრის წიგნის პრეზენტაცია იყო, ვერ წავედი. ქალაქის ერთი ცენტრალური უბნიდან მეორე უბნამდე მისვლას, მტვრითა და ტრანსპორტით გაჭედილი ურბანული ჯუნგლის გადალახვას ერთი საათი მაინც სჭირდება. აზრი არ ჰქონდა. ხვედელიძე ალბათ ნაწყენი დამრჩა. მის ახალ წიგნს ჰქვია “მამაო”. მე შემიძლია წარმოვიდგინო როგორ ჩაივლიდა პრეზენტაცია. ბესო წაიკითხავდა ფრაგმენტებს. იმღერებდნენ რობი და ეკო. მეგობრები მივულოცავდით. მხარზე ხელს დავუტყაპუნებდით. დავლევდით… გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ბესოს წიგნის პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში. 12 მოთხრობა, როგორც 12 ლიტერატურული მოციქული. ამჯერად ბესო “მამაოებზე” წერს: ფსევდომოძღვრებზე, ღმერთთან შუამავლობის ცრუ პრეტენზიით, ტაძრებზე, რომლებსაც ფარისევლები ისაკუთრებენ, ტაძრებზე, სადაც ასევე აღარაა სიმშვიდე..
ჰო ასეა.. აქ არც სიმშვიდეა, აღარც სიმართლე. მხოლოდ მოწყენილობა. თქვენ რას მიკეთებთ? – მკითხავთ თქვენ. ჩვენ რა… ჩვენც ფსევდომწერლები ვართ. ცნობილი გამონათქვამის “წერე და იკითხეს” ავტომატური მსახურები. ვწერთ, საკუთარ წიგნებს ჩვენვე ვკითხულობთ, ვივიწყებთ. არაფერი იცვლება. მოწყენილობაა. მოკლედ, პრეზენტაციაზე ვერ წავედი. მაგრამ ცოტაოდენი გართობის იმედი მაინც დამრჩა. საღამოს 10 საათზე “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ვიყავი მიწვეული. უნდა გვესაუბრა ქართველ მწერლებს, რომელთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს და სხვა ყველა დანარჩენს, ვინც მათთან არ არის, ხალხის მტრებსა და ჯაშუშებს უწოდებს. ნახეთ, რა მაგარია! რა შტილია. რა სახეები. რა წითელი ინტელიგენცია. რა პოლიტიკური დაკვეთები. წუთით ისიც კი მომეჩვენა, რომ ძველი დიდება ბრუნდება და ჩვენ – სტალინის მიერ სულის ინჟინრებად მონათლული მწერლები ისევ და ისევ ვიპყრობთ სცენებს, აუდიტორიებს. ერთნი წერენ კოლექტიურ წერილებს და გვიწყობენ რეპრესიებს. მეორენი ვუპირისპირდებით მათ და ვეწირებით პროგრესს და სინათლეს!
“ერის მამების” მხარეს მწერალთა კავშირს შერჩენილი, “ასავალ დასავალის” ფურცლებსა და “ობიექტივის” ეთერში ნაწრთობი რამდენიმე წვეროსანი პოეტი წარმოადგენდა, ჯაშუშთა და ლიბერასტ-საბარასტთა მხარეს მე და ტორესა მოსი. ნამდვილად სამხიარულო რამ გამოვიდოდა, ტრაგიკომიკული ჟანრისა, მაგრამ ამ საღამოს უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც ჩვენი მწერლური ეთერი ჩაშალა. როგორც ერთი, ასევე მწერალი, იტყოდა, კარგ თემებს ცვლის უკეთესი თემები, კარგ იდეებს კლავს უკეთესი იდეები.
ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. რა თქმა უნდა, ისევ პოლიტიკოსებმა გადაგვფარეს. ახალი ჩანაწერ-მოსმენები დაიდო. სადაც ვისმინეთ, როგორ დაავალა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანიის უფროსს ტელეკომპანიის ეზოში ბარიკადების მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში ბოევიკების მობილიზებაც. ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, რომელიც მერე რა, თუ სროლებით და სისხლებით დასრულდება… და რა არის აქ ახალი? ეს კინოც ნანახი გვაქვს. რკინის გალიები, ბარიკადები. ეჰ, მოწყენილობაა…
ახლა ღამეა. ოქტომბრის ღრუბლიანი და ნაცრისფერი საღამო. აივანზე ვზივარ, ანძას და ჩემს წინ გადაშლილ ქალაქს ვუყურებ. ქალაქს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის ქუჩებშიც, როგორც დიდ ცოცხალ ეკრანზე, სხვადასხვა დროს ვნახე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ნეორეალისტური კინო: დიდი სახელმწიფო გადატრიალებები, მშვიდობიანი მიტინგების სისხლიანი დარბევები, თავისუფალი აზრის დევნა, პატარ-პატარა ლოკალური ომები, დამარცხებები, დევნილები, ათასგვარი ადამიანური ტკივილი, სიბნელე, სიღარიბე, სიცივე, სიმწრით შეკრული მუშტები, სიძულვილით მოღრეცილი სახეები და ახლაც, იგივე. ამ სიძულვილისა და აგრესიის იმედზე შენარჩუნებული ხელისუფლება… ქვეყანა, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად გამოვიარე ბევრი რთული და კიდევ უფრო რთული წელი, მაგრამ მისი დატოვება მაინც არასდროს მომსვლია აზრად.
მაგრამ ახლა ისეთი მოწყენილები ვართ, როგორც არასდროს. ან უბრალოდ, დავიღალეთ ამ ერთი და იმავე სანახაობით. ამ მარადიული, მოჯადოებული წრით. არა, არა, ასე არ შეიძლება. რამე კარგზე უნდა ვიფიქროთ. აი, მაგალითად, უნდა ვიფიქრო დასაწერ წიგნებზე. ჰო, წიგნებზე, რომლებსაც დავწერ და… იმედი მაქვს დასავლეთში მაინც გავყიდი. აბა ისევ მე ხომ არ ვიკითხავ აქ.
უნდა ვიფიქრო ჩემს პატარა სამი წლის გოგოზე, ახლა რომ სძინავს, ოქროსფერ თმას ამ ქალაქის თავზე დაკიდებული მთვარე უნათებს და ესიზმრება, როგორ დააბიჯებს პატარა ფეხებით ჩვენს ფერად ქალაქში. ბოლობოლო ხომ გვექნება ოდესმე მხიარული და ფერადი ქალაქი?
კიდევ უნდა ვიფიქრო ჩემს 14 წლის ბიჭზე, რომელიც პროგრამირების ახალ-ახალ ენებს სწავლობს. “ხელოვნური ინტელექტის შექმნა სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო. ისე ვითარდება ტექნოლოგიები, ყველაფერი შესაძლებელია,” – მეუბნება გატაცებით. (მეღიმება: ხელოვნური კი არა, ნეტა საერთოდ თუ არსებობს ინტელექტი, როგორც ასეთი) რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში წავა, ან ამერიკაში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიაღწევს, თუმცა იმაში აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ აქ დაბრუნდება…
ჰოო…კიდევ უნდა ვიფიქრო რამე მხიარულზე. პოზიტიურზე. იმაზე, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება, რომ… რომ… დამეხმარეთ… რომ ახალ დღეს მოაქვს ახალი სინათლე, ახალი სიტყვები, ახალი საქმე, ახალი სიცოცხლე. და არა მხოლოდ ვიფიქროთ. ვაკეთოთ კიდეც. რაღაც უნდა გავაკეთოთ იმათ მაინც, ვინც ხელოვნური ინტელექტის შექმნამდე ცოტა საკუთარზეც გვაქვს პრეტენზია. რომლებსაც ჯერ კიდევ შეგვრჩა საღი აზრი, სიმშვიდე, სიკეთე. რამე უნდა შევცვალოთ. შეიძლება ბანალურია, შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეგაა! სიყვარული უნდა ვაკეთოთ, სიყვარული! თორემ ასე სიძულვილით მოვკვდებით და აღარ დავრჩებით, ადამიანებო!
ძალიან დიდი მოწყენილობაა. ძალიან…

კომენტარები

სხვა სიახლეები