მიწისძვრის შედეგად, ომბუდსმენის ოფისში ბზარები გაჩნდა – ლომჯარია ფართს ითხოვს (ფოტოკოლაჟი)

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ, ომბუდსმენის ოფისში, კედლებზე ბზარები გაჩნდა. ლომჯარია საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მიმართავს, თუ აქვთ თავისუფალი ფართი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, დროებით რომ დაუთმონ.

„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომატებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“,- წერს ლომჯარია.

სახალხო დამცველის ოფისი, ვაკეში, ნინო რამიშვილის 6 ნომერში მდებარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები