მთვარის უნიკალური დაბნელება, დღე რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს – ასტროლოგის რჩევები

31 იანვარს, ჩვენი დროით დაახლოებით 17:20 წუთზე არის 2018 წლის მთვარის პირველი დაბნელება მერწყული (მზე) – ლომი (მთვარე) ღერძზე. ამ დროს დედამიწა მთვარეს და მზეს შორის მოექცევა და თავისი ჩრდილით მთვარის დისკოს გადაფარავს.მთვარის დაბნელების შესახებ „კვირა+“-ს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ეს დაბნელება, შეიძლება ითქვას, უნიკალურია მთვარის კალენდარში, რადგან 3 განსხვავებული მოვლენა გვექნება: პირველი მთვარის დაბნელება, მეორე სუპერმთვარე – როცა მთვარე დედამიწასთან ძალიან ახლოს არის, და ვიზუალურად დიდი ჩანს, და მესამე – ცისფერი მთვარე, რომელსაც ფერთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის მე-13 სავსე მთვარე. ბიძინაშვილის თქმით, როგორც წესი, წელიწადში 12 სავსე მთვარეა, მაგრამ ყოველ 2,7 წელიწადში ერთხელ ხდება ისე, რომ 1 თვეში ორი სავსე მთვარე გვხვდება (როგორც მაგალითად იანვარში: პირველი სავსე მთვარე იყო 1 იანვარს და მეორე კი 31 იანვარს იქნება). როგორც ასტროლოგი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ასტროლოგიური თვალსაზრისით მთვარის დაბნელება გვაშორებს ყველაფერს ძველს და დრომოჭმულს და ხელს უწყობს ხელახლა დაბადებასა და განახლებას. „ამ დღეს იქნება უარყოფითი კოსმიური ენერგიების მოჭარბების, აგრესიის, დეპრესიის, კონფლიქტების, ავარიების გამოვლინების დღე. ეს დღე მოითხოვს ყველასგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ გადაწყვიტოთ სერიოზული საქმეები, ნუ წახვალთ საყიდლებზე, უკუჩვენებები ექნება ქირურგიულ ოპერაციებს და საერთოდ თავი შეიკავეთ აქტიურობისაგან. ცუდად იმუშავებს მომსახურების სფერო”,- აცხადებს თორნიკე ბიძინაშვილი. ასტოლოგის რჩევით, ამ დღეს კარგია დასვენება, განმარტოვება, მედიტაცია, სახლის დალაგება და ძველი ნივთების გადაყრა.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გასაწმენდად, ძველის მოსაშორებლად, წერტილის დასასმელად და გამოვათავისუფლოთ ადგილი ახალი მოვლენებისთვის ჩვენს ცხოვრებაში. ყველა ეს პროცესი აუცილებელია გავაკეთოთ მშვიდი მოქმედებით და კონსტრუქციული დიალოგით. კარგია თუ მოახერხებთ დაბნელებას შეხვდეთ მშვიდ გარემოში, თუნდაც საღამოს სამსახურის მერე სახლში მისულები. აიმაღლეთ განწყობა, დაანთეთ სანთლები და დაფიქრდით, რა არის დრომოჭმული თქვენს ცხოვრებაში, რა იკავებს ზედმეტ ადგილს? რა არის გასაშვები, რომ ადგილი გამოათავისუფლოთ და დაგეგმოთ ახალი მომავალი. კარგია მედიტაციისთვის ეს დღე, სხეულის გასაწმენდად, სახლის გასაწმენდად, ზოგადად, ყველაფერი ძველი და “ცუდის” ჩამოსაშორებლად. დაიმახსოვრეთ ყველა რიტუალი, თუნდაც ლოცვა და მედიტაცია, მიმართული უნდა იყოს წმენდაზე და გათავისუფლებაზე და არაფრით მოზიდვაზე და დაგეგმვაზე”,- გვირჩევს ასტროლოგი.
თორნიკე ბიძინაშვილი „კვირა +“-ის მკითხველს მარტივ რეკომენდაციებსაც სთავაზობს: 1. მოერიდეთ ბევრ და ცხოველურ საკვებს, ასევე ალკოჰოლს; 2. მგზავრობას ნუ დაგეგმავთ ან თუ უკვე დაგეგმეთ, იყავით ყურადღებით; 3.საქმიანი შეხვედრები, ხელისმოწერები და ხალხმრავალი ადგილები ამ დღის თემა არ არის; 4.ნუ დაიწყებთ (დაგეგმავთ) ახალ საქმეებს; 5.კარგია მედიტაცია, ლოცვა, წმენდა; 6.მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება; 7.გაისტუმრეთ ვალები (მატერიალური, ემოციური); 8.გაათავისუფლეთ სახლი, სამსახური, მანქანა, ჩანთაც კი, ზედმეტი და ძველი ნივთებისგან.
”მიიღეთ კონტრასტული შხაპი (წყლით წმენდა), მარილით გაიწმინდეთ სხეული ბანაობის დროს (მიწის სტიქია), ილოცეთ და იმედიტირეთ სანთლებთან (ცეცხლით წმენდა). ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი ის, რისგანაც “თავისუფლდებით სიხარულით და მადლიერებით და ადგილს ამზადებთ სიახლეებისთვის” , უბრალოდ სიახლეებისთვის, არაფერ კონკრეტულზე არ იფიქროთ და არ დაგეგმოთ მზის დაბნელებამდე. წარმოიდგინეთ ვიზულურად, როგორ თავისუფლდებით იმ ყველაფრისგან, რაც ჩამოწერეთ ფურცელზე და დაწვით ფურცელი მედიტაციის ბოლოს. სანთლებიც ბოლომდე დაწვით”,- ამბობს თორნიკე ბიძინაშვილი. ასტროლოგ ლია ბარათაშვილის ინფორმაციით, კი თითქმის მთელი 2018 წელი მთვარის კვანძები იქნებიან ლომი-მერწყულის ღერძზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების მთავარი ცვლილებები დაკავშირებული იქნება ზუსტად ამ ნიშნებთან, კერძოდ, თვითრეალიზაციის, საკუთარი პოტენციალის გახსნის თემებთან. “ეს თემა ახალი არ არის ჩვენთვის. კვანძების ღერძი ლომი-მერწყულის ღერძზე 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ალბათ ყველას გახსოვთ აგვისტოს დაბნელებების პერიოდი, როცა კვანძების თემა განსაკუთრებული სიკაშკაშით გამოვლინდა. დაბნელებები ხდება ყოველთვის კვანძების სიახლოვეში და შესაბამისად, ზუსტად დაბნელებების პერიოდში (უკვე ერთი თვით ადრე) აქტუალიზირდება იმ ზოდიაქალური ღერძის თემა, სადაც მდებარეობენ კვანძები.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღერძი არის ისარი, რომელიც გვიჩვენებს მთავარი ცვლილებების მიმართულებებს ჩვენს ცხოვრებაში და აქ აუცილებელია იმის ახსნა, რომ კვანძების გავლენა ჩვენზე ხდება 2 ძირითად დონეზე. ეს გავლენები დაკავშირებულია იმასთან, ცნობიერების რა დონეზე დგას ადამიანი, როგორ აცნობიერებს თავის როლს ამ ცხოვრებაში. თუ ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ იმ დონეზე, რომელიც განპირობებულია მისი ფიზიოლოგიით, მაშინ კვანძების ადგილმდებარეობა გვიჩვენებს იმ თემებს, სადაც ადამიანი შეხვდება საბედისწერო სიტუაციებს, უმაღლესი ძალების ნებას, როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში. თუ ადამიანის ცნობიერება მისულია იმ დონემდე, რომ ის თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, რომ ის თვითონ წყვეტს თავისი ცხოვრების მთავარ მიმართულებებს, მაშინ კვანძების მდგომარეობა გვიჩვენებს იმ სფეროებს, სადაც მას შეუძლია განახორციელოს თავისი მთავარი ჩანაფიქრები, იპოვოს თავისი განვითარების ახალი გზები. ასტროლოგიაში ნებისმიერი ელემენტების ღერძი ითხოვს პოლუსების დაბალანსებას. რა თემებს შეეხება ლომი- მერწყულის ღერძი, რა თემების დაბალანსება მოგვიწევს 2018 წლის ნოემბრამდე, რა თემებში იქნება ძირითადი ცვლილებები? პირველ რიგში ეს არის შემოქმედება და თვითგამოვლენა, სიყვარული და საყვარელი ადამიანები, შვილები, თვითშეფასება (ლომი) და ასევე სხვა ადამიანებთან გაერთიანება, თანამოაზრეების ჯგუფები, თანამშრომლობა, ძველი შაბლონებისგან გათავისუფლება, სხვა ადამიანების შეფასების მოთხოვნილება (მერწყული). უნდა ავხსნა, როგორ გამოიყურება ბალანსის დარღვევა ამ თემებს შორის რეალურ ცხოვრებაში. თუ ადამიანის თვითრეალიზაცია, თვითშეფასება დამოკიდებულია სხვა ადამიანების შეფასებაზე, თუ ადამიანი თავის ცხოვრებაში მთლიანად ორიენტირებულია იმ საზოგადოებაზე, რომელშიც არსებობს, მაშინ შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს დარტყმები ამბიციებზე, დაკარგოს ის, რაც ადრე ხელს უწყობდა მის წარმოდგენებს საკუთარი თავის დიდებაზე. ადამიანი, დაეჯახება ისეთ საბედისწერო გარემოებებს, სადაც ის იძულებული გახდება მოიხსნას ნიღაბი და ეძებოს შემოქმედი საკუთარ თავში, ეძებოს ის, რასაც არ ესაჭიროება მტკიცებულება და საზოგადოების მხარდაჭერა.
მეორეს მხრივ, თუ ადამიანი აბსოლუტურად მოწყვეტილია საზოგადოებას, მას არ აქვს კავშირი სხვა ადამიანებთან, მაშინ მისი თვითრეალიზაციის საშუალებები დაიბლოკება მანამდე, სანამ ის ვერ გაიგებს თანამშრომლობის საჭიროებას. შემდეგი თემა, რამდენად დაბალანსებული ვართ სიყვარულის, აღიარების მიღება-გაცემის თემებში. თუ ჩვენი მოტივაციაა მხოლოდ მიღებაა, მაშინ აუცილებლად გვექნება დანაკარგები მანამ, სანამ არ დავაქვეითებთ ჩვენს პრეტენზიებს, ასევე, სიყვარული და თავისუფლების თემები. ხშირი შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანი ეჯაჭვება მეორეს. ის მზად არის მსხვერპლი გაწიოს ამ ადამიანისთვის, მსხვერპლად შეწიროს თავის თავისუფლება და ამავდროულად მას გააჩნია პრეტენზიები მეორე ადამიანის თავისუფლებაზე. (ეს ხშირად ხდება ოჯახებში, როცა დედა ეუბნება შვილს- მე შენი გულისთვის დამავიწყდა ჩემი ცხოვრება.) ამ შემთხვევაში შესაძლებელია ურთიეთობები შვილთან, ან საყვარელ ადამიანთან დაინგრეს. და პირიქით, თუ ადამიანი ჩაციკლულია საკუთარ თავისუფლებაზე და აბსოლუტურად არ ითვალისწინებს გარშემო მყოფ ხალხს, შესაძლებელია, რომ საერთოს დაკარგოს ეს თავისუფლება ნებისმიერი ფორმით, გახდეს სრულად დამოკიდებული ვიღაცაზე. და რა თქმა უნდა, კვანძების ღერძის თემები ყველაზე აქტუალური ხდება დაბნელებების მიდამოებში. ეს არის იანვარი-თებერვალი 2018 წლის და ამ დაბნელების თემებმა უკვე დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში”,- აცხადებს ასტროლოგი ლია ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთვარის პირველი დაბნელება ხვალ, 31 იანვარს იქნება, ხოლო მზის დაბნელება, _ 15 თებერვალს.

კომენტარები

სხვა სიახლეები