მე ვარ ადამიანი – და არა რასისტი

საქართველოში უკვე 25 წელიწადზე მეტია, რაც გვხვდება სრულებით აღვირახსნილი ევროპა-ცენტრისტული რასიზმი და უფრო მეტიც – აღმოსავლეთის პირდაპირი სიძულვილი. მაგრამ, ამ მოვლენას ჯერჯერობით საკუთარ სახელს ვერავინ უწოდებს. არავინ ამბობს იმას, რომ მე ვარ ქართველი – არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ „მე ვარ ევროპელი“. იგივე წარმატებით ქართველი შეიძლება იყოს სპარსელიც, მონღოლიც, არაბიც, ბიზანტიელიც, ხვარაზმელიც, თურქიც, ყივჩაღიც და ახლო აღმოსავლელიც. უფრო მეტიც, ქართულ კულტურაში ძალიან ბევრია აღმოსავლური ელემენტები – მაგრამ რატომღაც სიტყვა „აღმოსავლეთი“ ბოლო 25 წელიწადია სალანძღავ სიტყვად იქცა. არადა, ეს რომ გაქანებული რასიზმია და ედვარდ საიდის ტერმინი რომ ვიხმაროთ – „ორიენტალიზმი“ – ამას პრაქტიკულად არავინ ამბობს.
როდესაც პოლიტიკოსები ხმარობენ სიტყვას „ჩვენი ევროპული არჩევანი“ – ესეც ფრიად რასისტული განცხადებაა. რას ნიშნავს ევროპული არჩევანი? – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვირჩევთ ძლიერთან და მდიდართან ერთად ყოფნას – იმ ძლიერთან და მდიდართან, რომელმაც დანარჩენი მსოფლიო დაიმონა, ამოწყვიტა და მოიხმარა. „ჩვენი ევროპული არჩევანი“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს კულტურას მივიჩნევთ ნაწილობრივ ჰოლოკოსტის ავტორად (ამ მსოფლიოში გაუგონარი ბოროტმოქმედების, რომელიც სწორედ ერთ-ერთმა ევროპელმა ერმა ჩაიდინა), ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონკისტადორებზე, რომლებმაც ლათინურ ამერიკაში საშინელი უბედურებები დაატრიალეს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ფრანგულ, ბელგიურ, პორტუგალიურ, ჰოლანდიურ და სხვა კოლონიალიზმზე, რომელმაც მილიონობით ადგილობრივი მოსახლე გაწყვიტა და დაიმონა.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას შუასაუკუნეების ინკვიზიციაზე, სადაც ებრაელებს, მეცნიერებს, ქალებს, და უბრალოდ ერეტიკოსებს კოცონზე წვავდნენ და სადაც ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. და ბოლოს, „ჩვენი ევროპული არჩევანი“ გვინდა თუ არ გვინდა, იგივე რუსული იმპერიალიზმის პასუხისმგებლობას გვკიდებს – რუსული იმპერიალიზმის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ევროპული სულის აღმოსავლელ „ტუზემცებთან“ საბრძოლველად იქნა გამოყენებული ეგრეთ წოდებული „ევროპული განმანათლებლობის“ დასამკვიდრებლად. რაც არ უნდა გაიჭაჭონ ჩვენი საყვარელი ევროპა-ცენტრისტი რასისტები, რომ რუსეთი „ბნელი აღმოსავლეთის“ ძალად წარმოაჩინონ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე რუსეთის იმპერია ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის მონაპოვრის „ბნელ აღმოსავლეთში“ დამამკვიდრებლად ასაღებდა თავს – პეტრე პირველის ჩექმით დაწყებული, ლენინური მარქსიზმით გაგრძელებული და პუტინის ნეოლიბერალური ავტორიტარიზმით დამთავრებული. რატომ გვინდა, რომ ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ? რატომ არის, რომ ჩვენს ლექსიკაში ასეთი დიდი ადგილი უჭირავს ევროპულ რასსიზმს და ჩვენ ამას არც ვიმჩნევთ? – ასე ხომ თვითონ ევროპელები დიდი ხანია აღარ იქცევიან. 1945 წლის შემდეგ – მსოფლიოს ფაშისტური ჭირისგან განთავისუფლების შემდეგ – ევროპა არასდროს აკეთებს ისე, რომ დამამცირებლად მოიხსენიოს აღმოსავლეთის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით ნაკლები აკავშირებს აზიასთან. სწორედ ეს არის დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – უარის თქმა როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ რასსიზმზე. აღმოსავლეთის და აგრეთვე გლობალური სამხრეთის მიმართ ასეთი საშინელი დამოკიდებულება ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში ჩვენი ნამდვილი ცნობიერების ნგრევის შედეგია. ჩვენ ამ პერიოდში თითქოს დაგვავიწყდა რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები არაბები, სპარსელები და ინდოელები არიან. დაგვავიწყდა ის რომ ნესტან – დარეჯანი და ტარიელი ინდოელები არიან – და მათ რომ ჩვენს დროში ეცხოვრათ – ინდოეთში საქართველოს საელჩო დიდი შანსია მათ ქართულ ვიზაზე უარს ეტყოდა სწორედაც რომ რასისტული შეხედულებების გამო. ნესტან – დარეჯანს და ტარიელს და მათს თანამემამულეებს ქართულ ვიზაზე უარს ვეუბნებით – და ამავე დროს ქერათმიან და ცისფერთვალება ნებისმიერ იდიოტს ისე ვხვდებით, ლამისაა საკუთარ ქალიშვილს პირველ ღამესვე ლოგინში ვუწვენთ – ეს ხომ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგია. „მე ვარ ქართველი – მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ – ეს ზურაბ ჟვანიას ფრაზა რამდენადაც პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყო, იმდენად იყო კულტურის თვალსაზრისით მიუღებელი. ქართველი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპელი – ქართველი ცალსახად ევროპელი არაა. რა თქმა უნდა, ის რუსიც არაა, არც თურქია, არც სპარსელი, არც არაბი, არც მონღოლი და, მით უმეტეს, არც ხვარაზმელი. ცალ-ცალკე არვინ არ არის – მაგრამ რეალობაში ყველა მათგანის – და კიდევ ბევრი სხვა გენის ნარევია. საქართველო სინთეზის და სინერგიის ადგილია – სადაც ევროპული კულტურა ძალიან კარგად ერწყმის ორიენტს – ეს არა მარტო ორიენტის და ოქსიდენტის სინერგიაა – ეს სამხრეთის და ჩრდილოეთის სინთეზიც არის. დღეს ყველაზე დიდი დაპირისპირება სწორედ „გლობალური სამხრეთის“ (6 მილიარდი მოსახლით) და „გლობალური ჩრდილოეთის“ (1 მილიარდი „ოქროს მილიარდით“) დაპირისპირებაა მთავარი თემა. დღეს უამრავი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერი ლაპარაკობს გლობალური სამხრეთის პრობლემებზე – ის, რომ დღევანდელი დღე ნეოკოლონიალური ეპოქაა, სადაც ბევრი უძველესი კულტურა „მაკდონალდსის“ და „კენტუკის შებრაწული წიწილების“ ინდუსტრიის ფსევდოკულტურას ეწირება – დღევანდელი თეთრი კულტურული იმპერიალიზმი ძველი და ღირებული კულტურების ადგილს არ ტოვებს სასუნთქ სივრცეში. დიდი კანადელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე ჯონ როსლტონ სოული თავის წიგნში „გლობალიზმის კოლაფსი“ წინასწარმეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში ასეთი პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, მაშინ დიდი კატასტროფა გველის. როლსტონ სოული სწორედ იმ კულტურულ სინთეზს ეძებს, რომელიც ასე უხვად არის ქართულ კულტურაში. უბედურება უბრალოდ ისაა, რომ ქართულ კულტურას და მის მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვარს საქართველოშიაც კი არ აფასებენ – საზღვარგარეთზე რომ არაფერი ვთქვათ. ის ერი, რომელმაც ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის გმირები შექმნა – ინდოელი, არაბი და სპარსელი გმირების – არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცის კალთის ქვეშ აღმოჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსით. დიახ, ის ერი რომელმაც ნესტან – დარეჯანი შექმნა – არ უნდა იმალებოდეს პატარა ალპებში, მაშინ, როდესაც ჰიმალაები ჩვენგან კულტურულად მაინც ბევრად შორს არ არის და კავკასიონი კი მთლად საქართველოშია. დიახ, ქართული კულტურა და მოსფლმხედველობა მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა – და ჩვენ არავიზე ნაკლები არ ვართ. ბევრი ვერ დაიკვეხნის „ჩაკრულოს მსოფლმხედველობით“, ან „გლახის ნაამბობის“ თუ „ნატვრის ხის“ ავტორების ცხოვრებით – და ჩვენ ეს უდიდესი კაპიტალი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მაშ, რატოა, რომ ვაჟა – ფშაველა, ტერენტი გრანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ვლადიმირ მაიაკოვსკი თუ გოგლა ლეონიძე გვავიწყდება და მათზე ასჯერ უფრო მდარე ხარისხის ავტორებს სრულიად უაზროდ ვაღმერთებთ? იმიტომ, რომ ჩვენ სრულიად უაზროდ არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს, – რომელიც მხოლოდ კოლონიურ მდგომარეობაში დიდხანს ნამყოფ ერებს ახასიათებთ. დიახ, ეს არასრულფასოვნების კომპლექსი თუ არა გადავძლიეთ, ვერც ევროკავშირის წევრები გავხდებით და ვერც ნატოსი. ის ერი, რომელიც საკუთარს არ აფასებს – სხვისი დამფასებელი ვერასდროს იქნება. მაშასადამე: მე ვარ ქართველი – და მაშასადამე ადამიანი. დიახ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროპულ რასიზმზე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ძმებს მთელს მსოფლიოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები