მამაკაცს სახე გადაუნერგეს

როდესაც რიჩარდ ნორისმა სამი წლის წინ სახის ტრანსპლანტაცია გაიკეთა, ამან მისი ცხოვრება შეცვალა. იმ მამაკაცის და, რომელიც ნორისის დონორი იყო, ნორისს პირველად შეხვდა.

გადაცემაში ”60 წუთი ავსტრალია” ემოციური შეხვედრა შედგა რებეკა ავერსანოსა და ნორისს შორის. ქალმა ნორისს ჰკითხა, შეეძლო თუ არა მის სახეს შეხებოდა.

”რასაკვირველია” – პასუხობს ნორისი გადაცემის კადრებში. რებეკა უყურებს მამაკაცს და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმას ახერხებს: ”ვაუ”. რამდენიმე წამის შემდეგ კი დასძენს – ”ეს ის სახეა, რომელთან ერთადაც გავიზარდე”.
21 წლის ჯოშუა ავერსანოს ოჯახმა ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ მისი სახე ტრანსპლანტაციისთვის შეწირა. 2012 წლის მარტში კი 37 წლის ნორისს 21 წლის ჯოშუას სახე გადაუნერგეს.

ნორისი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა 1997 წელს, რამაც მისი სახის სრული დეფორმაცია გამოიწვია. მან დაკარგა ქვედა ყბა, ტუჩები და ცხვირი, სუნთქვისთვის მას სპეციალური მილი ესაჭიროებოდა. 36-საათიანი ოპერაცია მერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ნორისს შეუცვალეს ყბა, ენა, კანი და ნერვული დაბოლოებები, კუნთოვანი უჯრედები და კბილები. თითქმის მთელი სახე, თვალების და ყელის გარდა.

”ბოლო 15 წლის მანძილზე დამნაშავესავით დამალული

ვცხოვრობდი, ქირურგიულ ნიღაბს ამოფარებული. გარეთ ძირითადად ღამე გავდიოდი საყიდლებზე, როდესაც ხალხი არ იყო ირგვლივ. ახლა შემიძლია გარეთ ისე გავიდე, რომ ყველა მე არ მიყურებდეს და არ მესმოდეს ჩემი მისამართით გამოთქმული კომენტარები. დიდი მადლობა ყველას, ვინც წლები დახარჯა ჩემს დასახმარებლად და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მომცა”, – განაცხადა ნორისმა.

წყარო:http://www.ambebi.ge/mozaika/132670-mamakacs-sakhe-gadaunerges.html

კომენტარები

სხვა სიახლეები