კოლორადოში პატიმარი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პრინცის შვილია

კოლორადოში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული 39 წლის კარლინ უილიამსი აცხადებს, რომ ის მომღერალი პრინცის შვილი და ერთადერთი მემკვიდრეა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, უილიამსის ადვოკატმა დნმ-ის ანალიზის ჩატარების მოთხოვნით მინესოტის სასამართლოში დოკუმენტები უკვე შეიტანა.

თავად უილიამსის განცხადებით, მისმა დედამ, მარშა ჰენსონმა, 1976 წლის ივლისში კანზას ერთ-ერთ სასტუმროში მაშინ უცნობი მომღერალი პრინცი გაიცნო და მასთან სექსი ჰქონდა. მარშა ჰენსონი დარწმუნებულია, რომ უილიამსი პრინცის შვილია, რადგან ქალის მტკიცებით, მას იმ პერიოდში სექსუალური კავშირი არავისთან ჰქონია. იმ პერიოდში მომღერალი დაახლოებით 17-18 წლის იქნებოდა. მარშამ ბავშვი 1977 წლის 8 აპრილს გააჩინა.

შეგახსენებთ, ამერიკელი მომღერალი პრინცი მიმდინარე წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. პრინცს შვილი არ ჰყავდა, მას არც ანდერძი დაუტოვებია. მომღერლის ერთადერთი მემკვიდრე, ამ ეტაპზე, მისი და – თაიკა ნელსონია. გასულ კვირას, მინესოტის სასამართლომ კომპანია Bremer Trust-ს პრინცის სისხლის ანალიზის აღება ყველა სავარაუდო მემკვიდრის დადგენის მიზნით დაავალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები