იქ, სადაც დავიბადე…

ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ბევრი გვაქვს საერთო, მაგრამ მანამდე…

მე რომ დედა წითელი ხიზილალით გავსებულ ფუნთუშას მაძალებდა, მას გახუხული პური ენატრებოდა. მე მურაბიან ჩაის მასმევდნენ, მას კი მხოლოდ შაქრიანს. ჩაის ფერი სათითაოდ გამოგვყავდა, ბებო გვიგზავნიდა სოფლიდან და ბევრი გვქონდა. აი მას კი ერთი ჩაის ფერი მთელი კვირა ჰყოფნიდა. ამბობენ მომავალი არაფერია წარსულის გარეშეო. ჩემთვის წარსული ერთი სენტიმენტალური მოგონებაა. სივრცეში განთხეული მოლეკულა, რომელიც ისეთი ზოგადი და ქაოტურია, რომ არც კი ღირს მასთან შეხება, აი მისთვის კი წარსული ყველაფერია. ეს არის განზომილება, სადაც იწყება მისი ისტორია. ელისო გაგრაში დაბადებული ეთნიკურად აფხაზი ქართველია. „ოქტომბრის ქუჩა N12, ჟოეკვარას ასახვევთან. ორსართულიანი აგურის სახლი, ვებერთელა მწვანე ეზოთი’’, – ასე იხსენებს დღეს ელისო იმ ადგილს, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზმა ათმა წელმა განვლო. როგორც თავად ამბობს, პატარა იყო საიმისოდ, რომ გაგრაში მომხდარი სისხლიანი მოვლენები გაეთავისებინა, მაგრამ საკმაოდ დიდი აღოჩნდა იმისთვის, რომ ყველა მოგონება, რომელიც მის მშობლიურ კუთხეს, სახლსა და ოჯახს უკავშირდებოდა, სამუდამოდ შეენახა მეხსიერებაში.
გაგრა ელისოსთვის აფხაზეთის ყველაზე ლამაზი კუთხე იყო. შავი ზღვის სანაპირო ზოლი მისი სახლიდან სულ რაღაც 20 მეტრში მდებარეობდა. ის მთელს გაგრაზე იყო გადაჭიმული და მუდამ სავსე იყო დამსვენებლებით. აფხაზები და ქართველები ერთად ატარებდნენ დროს. ქალები თამამად სეირნობდნენ ზღვის სანაპიროზე და თავი მოჰქონდათ ულამაზესი რუჯით. აი კაცები კი ან ლუდს სვამდნენ და ფრენბურთს თამაშობდნენ. ცნობილი ქართველი ფეხბურთელების, მესხის და შენგელიას მიერ გატანილ საუკეთესო გოლებსაც აუცილებლად განიხილავდნენ. სანაპიროსთან პატარა სამკუთხედი სასტუმრო იდგა, წინ გამოწეული ფართო აივნებით. არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივის, რადგანაც მას მხოლოდ ზაფხულში სტუმრობდნენ. სასტუმროს უკან კი ვიწრო ბილიკი გადიოდა, მას პირდაპირ საავტომობილო გზაზე გაყავდა ადამიანი. „ჩემს სახლში ისე ვერ მოხვდებოდით რომ ჟოეკვარას ვებერთელა სავაჭრო ცენტრთან არ გაგევლოთ, ის ყოველთვის სავსე იყო ჭრელაჭრულა საჩუქრებით და მე და დედაც მისი ხშირი სტუმრები ვიყავით. წინ ვებერთელა ლურჯი მთები იყო, უკან ლაჟვარდოვანი ზღვა, შუაში კი პატარა ოდა, რომელიც ყველზე დიდი ციხესიმაგრე იყო ჩვენთვის.’’ ორსართულიანი წითელი აგურის სახლი ვებერთელა ორღობეთი იყო გარშემორტყმული, ჭიშკარი ისეთი ჭრაჭუნა იყო, რომ წინასწარ ამცნობდა მასპინძელს სტუმრის მოახლოებას. სანამ სტუმარი სახლამდე მოვიდოდა, ყვავილებით სავსე ბილიკიც უნდა გამოევლო. ყველა ყვავილი ლამაზი და განსაკუთრებული იყო. ზამთარში ენძელა ყვაოდა, შემოდგომაზე ფირუსულა, გაზაფხულზე თეთრყვავილა და იასამანი. აი ზაფხული კი სავსე იყო ნაირფერი ყვავილებით, რას არ ნახავდით ჩვენს ეზოში, ლურჯი იები, სხვადასხვა ფერის მინდვრის ყვავილები, ყოჩივარდები, ტიტები და მიხაკები. ეზოში სამი დიდი ხე იდგა: თუ მარცხნივ წავიდოდა სტუმარი, ძველის-ძველ ორ წაბლის ხეს დაინახავდა, სადაც თეთრი კაპრონისგან დაწნული ჰამაკი ეკიდა.როგორი მცხუნვარეც არ უნდა ყოფილიყო მზე, იქ ყოველთვის გრილოდა. თუ მარჯვნივ წავიდოდა სტუმარი, აუცილებლად შეამჩნევდა კიბესთან აშოლტილ გრძელ პალმის ხეს. ხშირი და გაბურძგნული იყო. ლამის სანახევროდ ფარავდა ჩვენს კიბეს, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი თბილი, რომ მამას არასდროს უფიქრია მისი მოჭრა.
ზამთარი ცივი იყო და თოვლიანი, აი ზაფხული კი ცხელი, მაგრამ მაინც სასიამოვნო. მართალია ზამთარში თოვლი არც გაგრაში გვაკლდა, მაგრამ მშობლებს ყოველთვის ბაკურიანში დავყავდით, იქ ციგურებზე ვსრიალდებდით და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარული იყო. ზაფხულში ბებიას ვსტუმრობდით-წინანდალში. შემდეგ კი კისლაოტსკში ან ჯელეზნაოტსკში მივდიოდით, ჩემთვის ისევე, როგორც ბევრი სხვა საბჭოთა ბავშვისთვის ეს ადგილები ძალიან ნაცნობი იყო.
1992 წლის აგვისტო ელისოს კარგად ახსოვს, რადგანაც ამ წელს ის არსად წასულა. მეხუთე კლასში გადასასვლელად ემზადებოდა და ბევრს მეცადინეობდა. სულმოუთმენლად ელოდა სკოლის დაწყებას. 1 სექტემბრამდე ხომ 1 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი.
„აგვისტოს 3 რიცხვი იყო. 06:30 – ზე ტელეფონმა დარეკა, თბილისელი ნათესავები იყვნენ: „აფხაზეთი გაყიდულია და მალე დაეცემა, აზრი არ აქვს თქვენს ბრძოლას, დროზე წამოდით, სანამ ცოცხლები ხართ.’’ ყველაზე უჩვეულო ზარმა ყველაზე უჩვეული განწყობა შემოიტანა. არადა გუშინ თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. დიდი ბაბუაც კი, რომელიც ყველაზე დარბაისელი და ხანდაზმული იყო ჩვენს შორის, აღელდა. „კი მაგრამ, რა ბრძოლა, რის ბრძოლა?! დღეს ხომ პარასკევია. მატჩი მსოფლიოს პირველობაზე, მაია ჩიბურდანიძე სიე ძუნის წინააღმდეგ.’’
„საღამოს 9:00, საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო საშუალებამ კი გადმოსცა: „ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის დაწყებული ბრძოლა უკიდურეს ფაზაში გადავიდა, მეამბოხენი თავს დაესხნენ ოჩამჩირეს, სოფელ ოხურეის, დაიღუპნენ და დაშავდნენ როგორც ქართველი, ასევე აფხაზი მოქალაქეები.’’
ცოტა შიში, ცოტა ფორიაქი, ვიღაც ოქროს თხრის ხის ქვეშ, ვიღაც ბავშვებს აცმევს, მამამ არაყი გადაჰკრა, ბებია ძაღლებს ეძებს, ლადა და დიკიც ჩვენთან არიან. დედა ცხრა კლიტულით რაზავს კარს… „ვითომ გააღებენ?! ჩვენ ხომ მალე დავბრუნდებით!’’ 23 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან,იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ელისოს დედას წარმოედგინა, მაგრამ შეკითხვა, რომელიც მას სახლიდან წამოსვლისას დაებადა, დღემდე პასუხგაუცემელია.
1992 წელს მომხდარმა აფხაზეთის ომმა ისედაც ნაფრონტალ, სამმილიონიან ქვეყანას დიდი ტკივილი მიაყენა. დაიღუპა 30 ათასი ქართველი, 250 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. ბევრი მათგანი დღესაც თავშესაფრის ძიებაშია, რადგან ვერ მოახერხა იმის თავიდან აშენება, რაც ოდესღაც უკვე ჰქონდა. „რთულია იცხოვრო იქ, სადაც შენი წარსულის არც ერთ წუთს არ გაუვლია. რთულია დაიწყო მთელი ცხოვრება თავიდან“, – ამბობს ელისო.
წლების წინ საქართველოში დევნილის სტატუსი არც თუ ისე სახარბიელო იყო. ის სოციალურად გაუმართავ და არც თუ ისე კარგი რეპუტაციის მქონდე ადამიანს ახასათებდა. უკიდურესი გაჭირვება და არსებობისთვის თავდაუზოგავი შრომა. უკვე შექმნილის თავიდან შექმნა და უკვე აშენებულის თავიდან აშენება ბევრში აგრესიასაც იწვევდა. ზოგს ესმოდა ამ ადმიანების და უთანაგრძნობდა მათ, ზოგს კი არ ესმოდა და არც სურდა, რომ გაეგო. დღეს დევნილები, მაინც იმ საზოგადოების წევრები არიან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და კვლავ სულმოუთმენლად ელიან იმის დაბრუნებას, რაც წლების წინ დაკარგეს.
ელისოსთვის ის ადგილი, სადაც დაიბადა, დღემდე სამოთხეა. მოგონება, რომელსაც ისე ფრთხილად და ფაქიზად ინახავს, რომ არც კი სჯერა თუ ოდესმე ცხადად აუხდება. მანამდე კი სურვილი სურვილად რჩება და ოცნებაც ჯერ არ სრულდება.
ბრიტანული გაზეთის გარდიანის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 64 მილიონზე მეტი დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი პირია. საქართველოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისსტროს მონაცემებით, საქართველოში ეს რიცხვი 310 ათასს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 8% ია. დევნილის ყოველთვიური შემწეობა ერთ სულზე 45 ლარია, მათ გარკვეულ რაოდენობას დღესაც არ აქვთ სტაბიულური საცხოვრებელი, რადგან არასოდეს ყოფილან კომპენსირებულნი მთავრობის მხრიდან… თუ დევნილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირიც არის, მას არ აქვს უფლება ისარგებლოს სოციალური შემწეობით, რომელიც თვეში დამატებით 48 ლარს გულისმხობს.

ნინი ჯაფარიძე

 ფოტოკოლაჟში გამოყენებულია : დენიელ სილვერმენის  და ბრაინ ადრიანის ფოტოები

 

კომენტარები

სხვა სიახლეები