„X – ფაქტორის“ გამარჯვებული ავთო აბესლამიძე: მეშინია, სიხარულისგან არ გავგიჟდე…

დამთავრდა „X-ფაქტორის“ მესამე სეზონი. პროექტის გამარჯვებული ბათუმელი ავთო აბესლამიძე გახდა.

მას მთავარ პრიზთან ერთად (საცხოვრებელი ბინა თბილისში), გადაეცა ავეჯი ახალი ბინის კეთილმოწყობისთვის და ორკაციანი საგზური ბარსელონაში ბიონსეს კონცერტზე. „არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს, მართლა ვერაფერს ვამბობ, იმასაც ვერ ვხვდები რატომ დამდევენ ჟურნალისტები მიკროფონით და რატომ მისვამენ კითხვებს“, – მითხრა გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში ავთომ.
დღეს ნიკა გვარამიას გუნდის წევრი „პრაიმტაიმის“ სტუმარია და უკვე დამშვიდებული გიამბობთ ემოციებზე და თავის განვლილ მუსიკალურ გზაზე.
– ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი მძღოლია, დედა – ექთანი. ლაპარაკთან ერთად დავიწყე ღიღინიც. ჩემი ბაბუა, დედაჩემის მამა, მომღერალია, ხალხურ გუნდში მღეროდა. მამაჩემის მამა კი მოცეკვავე იყო. მეც ვცეკვავ, მაგრამ არაპროფესიულად.
– მუსიკალური განათლება გაქვს?
– არა. ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. 5 წლის ასაკში სტუდიაში შემიყვანეს. მაგრამ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ გავაგრძელე სწავლა. თან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, სიყვითლე დამემართა. მაშინ მეგონა, რომ დროებით ვტოვებდი სტუდიას, მაგრამ სამუდამოდ გამოვიდა. მაინც ვერ მოვეშვი სიმღერას. დამოუკიდებლად, ჩემით ვცდილობდი დავხვეწილიყავი. დიქტოფონზე ვიწერდი ჩემს ნამღერს, მერე ვუსმენდი და რაც არ მომწონდა, ვცვლიდი. ასე მოვედი დღემდე.
– სხვა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდი?
– ოთხი წლის წინ ბათუმის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სატელევიზიო მუსიკალურ პროექტ „დილის ტალღა“-ში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ეს იყო სტიმული იმისა, რომ არ გავჩერებულიყავი. მე ეს დამოუკიდებლად შევძელი, საკუთარ თავში ძალა ვიგრძენი. ბავშვობიდან კონცერტებზე და ღონისძიებებზე ვმღეროდი, საქველმოქმედო საღამოებზე გამოვდიოდი. ამ მხრივ, სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელიც ძალიან აქტიური ვიყავი. ასე რომ, სცენა უცხო არ ყოფილა ჩემთვის.
– რა არის შენი მთავარი პროფესია?
– ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არსად მიმუშავია. ვერ ვხედავ ჩემს თავს ამ სფეროში, ახლა მით უმეტეს. მივხვდი, რომ სიმღერა არის ჩემი ჰობიც, მიზანიც, საყვარელი საქმეც და მინდა იყოს პროფესიაც. მუსიკალური განათლება არ მაქვს და ეს ყველაზე დიდი დაღია ჩემთვის. არასდროს მყოლია პედაგოგი, არასდროს მიმუშავია ხმის დახვეწაზე. ახლა უნდა დავიწყო მუშაობა და ავინაზღაურო დაკარგული წლები.
– გარდა აჭარის ტელევიზიის პროექტისა, კიდევ რა კონკურსი იყო შენს ცხოვრებაში?
– ამ კონკურსში რომ გავიმარჯვე, ბულგარეთში გამიშვეს საერთაშორისო კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი ავიღე. იქ იყო ჟიურის რუსი წევრი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგში მიმიწვია მუსიკალური კონკურსზე. იქ გრან-პრი ავიღე. სანქტ-პეტერბურგის კონკურსზე ჟიურის გერმანელ წევრს მოვეწონე და ბერლინში მიმიწვია საერთაშორისო ფესტივალზე. იქაც გრან-პრი დავიმსახურე. ეს ყველაფერი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა. ყველა კონკურსის შემდეგ ვამბობდი, რომ მუსიკალური განათლება უნდა მიმეღო, რომ ამის გარეშე კონკურსებში დიდი პერსპექტივა აქ გაქვს, მაგრამ კი მოვედი აქამდე. ყველა კონკურსზე ჩემი მთავარი კოზირი ჩემი ხმის ტემბრი იყო. დავბრუნდი საქართველოში და უკრაინულ „ვოისში“ მიმიწვიეს. სამწუხაროდ, პირველი ტურის შემდეგ გამოვეთიშე პროექტს. სულ მინდოდა საქართველოშიც მეცადა ბედი მუსიკალურ პროექტში, მაგრამ თავს ვიკავებდი სწორედ მუსიკალური განათლების გამო. ამ მხრივ ქართველები ძალიან მომთხოვნები არიან. გამიმართლა და „იქს ფაქტორზე“ მოვხვდი. აქაც ხმის ტემბრმა გადამარჩინა. ჩემს პირველ ნამღერზე ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე იდგა. აქცენტი ყველამ სწორედ ხმის ტემბრზე გააკეთა.
– როგორ გგონია, ნიკას გუნდში რომ არ მოხვედრილიყავი, ფინალამდე მიხვიდოდი?
– კი. მგონია, რომ ყველა მენტორს მოსწონდა ჩემი ხმა. ერთადერთი, მგონია, რომ ნინასთან რისკის ქვეშ ვიქნებოდი, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს.
– ყველა მენტორმა მოგილოცა გამარჯვება, შენთან მხოლოდ სოფო არ მოვიდა…
– ვერ მოვიდა. შემდეგ მომილოცა კულისებში. სიმართლე გითხრათ, გული არავისგან მტკენია.
– გიგი ადამაშვილმა მოგილოცა გამარჯვება? ის წერდა, რომ უსამართლოდ წააგო პროექტი…
– კი, მომილოცა. გიგის ადგილზე მეც იმავეს ვიტყოდი. ფინალში ყველა პოტენციურ გამარჯვებულად თვლის თავს და ორმაგად გულდასაწვეტია ამ ეტაპზე პროექტიდან გამოთიშვა. ასე რომ, საწყენი არაფერია.
– იმ მომენტში მითხარი, რომ გაოგნებული იყავი, ვერ ხვდებოდი, რა მოხდა შენს თავს.
– სიმართლე გითხრათ, დღესაც ხშირად მაქვს მსგავსი შეგრძნება. დასაძინებლად რომ ვწვები და მახსენდება რა მოხდა ჩემს თავს, ისეთი ემოცია მეუფლება, მეშინია სიხარულისგან არ გავგიჟდე. ნელ-ნელა გავაცნობიერებ ყველაფერს. იმდენად გაბნეული ვარ ცაში ემოციურად, არ ვიცი რა გითხრათ.
– თბილისში ვისთან ცხოვრობდი ამ სამი თვის განმავლობაში?
– ჩემს მეგობრებთან ვიყავი შესახლებული.
– ახლა უკვე შენი ბინა გაქვს თბილისში. ხომ არ ნახე უკვე?
– არა, ერთ კვირაში მოგვარდება რაღაც პრობლემები და მაჩვენებენ.
– ბინა მშენებარეა თუ უკვე საცხოვრებლად ვარგისი?
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ჩემთვის მთავარი არ არის არც ბინა, არც ავეჯი, არც რაიმე სახის მოგზაურობა. ჩემთვის ღირებულია ის, რომ რაც ყველაზე მეტად მიყვარს იმ საქმეში გავიმარჯვე. შეიძლება ვიღაცისთვის დაუჯერებელია ეს სიტყვები, მაგრამ მართლაც ასეა.
– ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ქართული სიმღერა ბევრად უკეთ გამოგდის, ვიდრე ინგლისური. სად მიიღე გამოცდილება ამ მხრივ?
– გაგიკვირდებათ და საერთოდ არ ვმღეროდი ქართულ ესტრადას. ამ პროექტამდე მხოლოდ ხალხურ სიმღერებს ვასრულებდი. კონკურსზე ქართული სიმღერა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამქონდა, როცა კონკურსის პირობა ჩემი ქვეყნის სიმღერის შესრულებას ითვალისწინებდა. მეც გამიკვირდა, რომ მომიწონეს ქართული სიმღერები.
– როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება, რა გეგმები გაქვს?
– მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო ფესტივალი მაქვს მოგებული, ეს პროექტი ჩემს მუსიკალურ კარიერაში ძალიან დიდი ტრამპლინია. ახლა ნამდვილად ვაპირებ, მივიღო მუსიკალური განათლება და პროფესიულად მივუდგე საქმეს. ავიყვან პედაგოგს და ვიმუშავებ მასთან ერთად. არ გავჩერდები, გავაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს.
– პროექტის განმავლობაში ვინ იყო შენი მთავარი გულშემატკივარი?
– დედა და მისი თვალები.
– სუბიექტურია დედა?
– ყველა დედა შვილის მიმართ სუბიექტურია, ჩემიც მათ შორის. სწორედ მას და ნიკა გვარამიას ეძღვნება ჩემი გამარჯვება. სამჯერ დავიბადე პროექტის განმავლობაში. პირველად მაშინ, როცა ოთხი „კი“ მივიღე, მეორედ – როცა ორ სკამზე დავრჩი და მესამედ – როცა გავიმარჯვე. ეს ყველაფერი ნიკას დამსახურებაა. მისგან ვისწავლე ბრძოლა, საკუთარი შესაძლებლობების დაფასება. არც ვიცი როგორ უნდა გადავუხადო ეს სიკეთე.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

სხვა სიახლეები