„ინგამ ჩემზე კარგად იცის, რა მოხდა, მგონი, იმაზე ბევრიც იცის, ვინც უნდა იცოდეს“

ტელეკომპანია „იმედში“ მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პროექტები „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ შეეწირა. არხზე მიმდინარე მოვლენები გია ჯაჯანიძემ შეაფასა, რომელსაც „იმედზე“ რეიტინგული შოუ – „სხვა რაკურსით“ მიჰყავს.
„დავუშვათ, არხმა მიიღო გადაწყვიტილება – პროტესტი გამოვთქვა? ან კიდევ, ვთქვა „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, როგორ გაბედეს? მერე რა ვქენი ამით?! არ შემიძლია „სლავესნი ანანიზმი“… ამდენი ტყუილითა და ცრუ აზრების მოსმენით ხალხი დაიღალა. ამიტომ არ დავეძებ, რა მოხდა, მით უფრო, რომ მოხდა უკვე. ინგამ ჩემზე კარგად იცის, რა მოხდა, მგონი, იმაზე ბევრიც იცის ვინც, უნდა იცოდეს. არ შემიძლია დიპლომატიური და მიკიბულ-მოკიბული პასუხები… ჩემი კოლეგები ძირითადად არც მწვადს წვავენ და არც – შამფურს, უნდათ, მარაქაში გაერიონ და არავის აწყენინონ. გულწრფელად გეტყვით, არც ერთ ეტაპზე სიტყვის თავისუფლების არ დამიჯერებია, იქიდან მოყოლებული, რაც საქართველო „თავისუფალი“ გახდა. დღეს ყველაფერი პოლიტიკურია, რაც სამყაროში ხდება. დიახ, ასეა.
… წელს ველოდები სასწაულ წარმატებას, მაღალ რეიტინგს, ბევრ მოგზაურობას. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. სატელევიზიო წლის დაწყების წინ სწორედ ამას ვფიქრობ, მაგრამ თუ „სხვა რაკურსს“ დახურავენ, დღესვე დახურონ და აქვე გავიმეორებ ჩემს ცნობილ ფრაზას – რას დავეძებ!.. რა ვიზამ? ვერაფერსაც ვერ ვიზამ და ვერც ვინერვიულებ. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?! თან, ისეთი ხანმოკლეა ცხოვრება, რომ არ შემიძლია ტყუილ ბრძოლაში ჩავერთო. უნდათ გადაცემა, კარგია, არ უნდათ და ისიც კარგია! თუ დამიხურეს გადაცემა, გამოვალ ქუჩაში და შოუებს დავდგამ, ქუჩის არტისტები მაინც არ გვყავს, თანაც, პურის ფულს ვიშოვი და ლაღად, ხალხთან ერთად ვიცხოვრებ,“ – დასძინა გია  ჯაჯანიძემ.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები