“თუ გრძნობენ, რომ შეუძლიათ, არ შეეშინდეთ” -ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც ყვითელ ავტობუსს მართავს

მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
ანა გიორგაძე 28 წლისაა.
თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში თურმე ისე უყვარდა თავისი მასწავლებელი, თვითონაც პედაგოგობაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს სურვილი ვერ აიხდინა. ანა უკვე ერთ თვეზე მეტია ყვითელი ავტობუსის მძღოლია.
მასთან შესახვედრად ავჭალაში, ავტობაზაში მივედი – კვირა დღე იყო და ავტობუსი ტექდათვალიერებაზე უნდა გაეტარებინა.
– პოლიციის აკადემიაში გავიარე კურსები და 2 წელი მანდატურად სკოლაში ვიმუშავე. მაშინ ახალი დაარსებული იყო მანდატურის სამსახური. რთული არ არის ბავშვებთან ურთიერთობა, როცა მათი გესმის. ისინი მენდობოდნენ, გულს მიშლიდნენ, ერთხანს ინკლუზიურ სკოლაშიც კი ვიმუშავე. მერე უკეთესი განრიგის გამო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი ვიყავი – 6 წელი კონდუქტორად ვიმუშავე.
მესამე შვილი რომ შემეძინა, დეკრეტის მერე ხაზის კონტროლიორად დავბრუნდი. 2012 წლიდან შეიქმნა ეს სისტემა და ვერასდროს დავივიწყებ, რა რთული იყო თავიდან ჩვენი საქმიანობა. მგზავრობა ყველას უნდოდა, გადახდა – არავის. თითოეულისთვის უნდა მიგეთითებინა, რომ საფასური გადაეხადა, ძალიან აგრესიულები იყვნენ. იყო შემთხვევა, პროტესტის ნიშნად ხელჩართული ბრძოლაც კი გაუმართავთ, მაისურები შემოუხევიათ მგზავრებსა და კონდუქტორებს 50 თეთრის გამო ერთმანეთისთვის, წარმოგიდგენიათ? ახლა უკეთესადაა საქმე, უმეტესობა უკვე დაძალების გარეშეც იღებს ბილეთს. ვცდილობდი, ნაკლებად მეკამათა მგზავრებთან. საერთოდ, ძალიან მხიარული ვარ და სამსახურშიც ვცდილობდი პოზიტიური ვყოფილიყავი.
პიკის საათებში გაჭედილ ავტობუსში რომელ წესრიგსა და ბილეთზეა საუბარი? იჩხუბე რამდენიც გინდა, რას მიაღწევ ამით.
ამიტომ ვამბობდი: ბილეთს რომ შეიძენთ, მგზავრობა უფასოა, ეცადეთ, ყველას გქონდეთ ბილეთი. ეცინებოდათ და მართლა იღებდნენ ბილეთს.
 მძღოლად მუშაობა რაღამ გადაგაწყვეტინათ?
– ერთი დაბადებული არ ვარ მანქანაში, თორემ ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი და მართვაც ვისწავლე. დედაჩემს “ვოლგა” ჰყავდა და საჭესთან მსვამდა ხოლმე. მართალია, “პედლებს” ძლივს ვწვდებოდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი. მართვის მოწმობა რომ ავიღე, ეს უკვე ჩემი მეუღლის დამსახურებაა, მან შემაგულიანა. მარტო მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს, რომ ქალაქში უსაფრთხოდ შეგიძლია მოძრაობა. ამიტომ თვითონ გვერდით მეჯდა და ისე მასწავლიდა, ქალაქში სიარულს. შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე და ვაკანსია გამოცხადდა თუ არა ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე, მგონი, პირველი მე ვიყავი, ვინც განაცხადი შეავსო.
– არ გაგიჭირდათ ამხელა ავტობუსის მართვა?
– საერთოდ არ გამჭირვებია. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტობუსის მართვა უფრო იოლია, ვიდრე მსუბუქი ავტომობილის. თუ გრძნობ მანქანას, რა მნიშვნელობა აქვს? გაბარიტებს ვგრძნობ, ერთი ეგ არის, რომ ავტობუსი უკანა ნაწილს იქნევს და ამიტომ მოსახვევში სხვანაირად უნდა შეხვიდე, გაჩერებაზე კი უნდა გათვალო, რა მანძილზე გააჩერო, უკან მომავალი ავტობუსიც რომ დაეტიოს. ეს ნიუანსები უკვე პრაქტიკაში გამოგიმუშავდება.
– მგზავრების რეაქცია როგორია, როდესაც საჭესთან გხედავენ?
– თუ ვინმეს სათვალე უკეთია, ჩამოსწევენ, შემომხედავენ, გაიხედავენ სხვა მხარეს, ვითომ არაფერიო, მერე ისევ დამაკვირდებიან… ქალები გზას მილოცავენ, წარმატებებს მისურვებენ, გოგონები ამბობენ, შენ თუ შეძელი, ესე იგი, ჩვენც შევძლებთო.
კაცები, ძირითადად, დამკვირვებლის როლში არიან (იცინის) – ერთ სული აქვთ, რამე შემეშალოს. ბოლოს მაქებენ ხოლმე.
მგზავრობისას, გვერდით მიმავალი ტრანსპორტიდან ვინც მხედავს, ხელების მოძრაობით მანიშნებენ, რა მაგარი ხარ, ყოჩაღო.
– ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?
– ვიდრე განცხადებას დავწერდი, აზრი ჩემს შვილებს ვკითხე. პატარა ბიჭები აღარ არიან – უფროსი, გიორგი 12 წლისაა, ნიკოლოზი – 11 წლის და ვიფიქრე, ხომ არ ითაკილებენ ჩემს მძღოლობას-მეთქი. პატარამ მაშინვე მითხრა, რატომ უნდა ვითაკილო, ზოგის დედა პატარა მანქანასაც ვერ მართავს და მართვის მოწმობაც ვერ აუღია, შენ კი ამხელა ავტობუსი უნდა წაიყვანოო. უფროსმაც მომიწონა გადაწყვეტილება.
– გამოდის, სკოლის ასაკში დაოჯახებულხართ.
– 15 წლის გავთხოვდი და 3 შვილი მყავს. ნაბოლარა, ქეთათო, წლისა და 9 თვისაა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სწავლის გაგრძელება არ მაცადეს (იცინის).
– მოგიტაცათ?
– არა, ყოფილი სპორტსმენი ვარ, ტაიკვანდოში ვვარჯიშობდი 7 წელი, მეუღლე კიკბოქსიორი მყავს. ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით ორივე, შეგვიყვარდა ერთმანეთი და მშობლებს პირდაპირ გამოვუცხადე, ოჯახის შექნას ვაპირებ-მეთქი. დედაჩემი ექიმია და ერთი კვირა საავადმყოფოშიც კი მოუწია წოლამ. ძალიან იდარდეს, მაგრამ როცა გაიცნეს ჩემი რჩეული და ნახეს, რომ ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, პატივი სცეს ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემს შვილს, რა თქმა უნდა, ვერ მოვუწონებ იმავე საქციელს, ახლა უკვე დედის პოზიციიდან ვამბობ. 16 წლისას უკვე შვილი მყავდა და ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, მეორეზე ფეხმძიმედ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ნაადრევად შექმნილი ოჯახი სტაბილური არ არის და ხშირ შემთხვევაში ინგრევაო, ვერ დავეთანხმები ამ აზრს. ჩემი მეუღლე ჩემზე 14 წლით დიდია.
14 წელი გახდება, რაც ერთად ვართ და 14 გადაკრული სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბავშვობაში შექმნილი ოჯახი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მეუღლე ყველაფერში მიწყობს ხელს, არ მზღუდავს, მეგობრებს ვხვდები, ბავშვების გაზრდაში მეხმარება, მოკლედ, კარგი ადამიანია და თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, დღესაც იმავე არჩევანს გავაკეთებდი.
– როგორი დედა ხართ, ასწრებთ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევას, სადილების მომზადებას?
– 19 წლიდან ვმუშაობ და მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ბავშვებს არაფერი გამოვატოვებინო, ღონისძიება იქნება თუ თეატრი.
თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ.
აი, სადილების კეთება მაინცდამაინც არ მეხერხება, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?
– როგორია მძღოლის ერთი ჩვეულებრივი დღე?
– დილის 5 საათზე ვდგები, მოსაწესრიგებლად დრო ხომ მინდა? კაცი მძღოლები ხუმრობენ, ანა ისეა ხოლმე გამოპრანჭული, გეგონება, დისკოთეკაზე მოდისო. მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, ღია ფერის, ფერადი ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ აქედან სულ გაშავებული მივდივარ და მაზუთი ძლივს ამომყავს ტანსაცმლიდან. პირველ რიგში, ქალი ვარ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი სამსახური მაქვს? 6 საათზე უკვე ავტობაზაში მოვდივარ, შევდივარ სადისპეტჩეროში და საგზურს ვიღებ, რომელზეც ჩემი მონაცემები და განრიგია მითითებული. მერე ხელთათმანებს ვიკეთებ და თვითონვე ვამოწმებ ზეთსა და წყალს, მიუხედავად იმისა, რომ მოსვლის დღიდან ყველამ შემომთავაზა, ჩვენ დაგეხმარებითო. პირველივე დღეს ვთქვი: თქვენ მასწავლეთ, სად რა არის და როგორ შევამოწმო და მანქანას თვითონ მივხედავ-მეთქი. თუ მძღოლობა მინდა, სხვა ყველაფერიც თვითონ უნდა გავაკეთო. მოკლედ, თუ მწყობრშია ყველაფერი, ავტობუსს ვქოქავ მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გამოსვლამდე და გავდივარ.

– დიდი პასუხისმგებლობაა, ამდენი ადამიანის ბედი გებაროს, მით უმეტეს დღეს, როდესაც თბილისის ქუჩებში მოძრაობა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ხომ?
– ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, მარტო ჩემზე კი არ ვფიქრობ, თითოეული მგზავრისა და მათი ოჯახების წინაშე ვარ პასუხისმგებელი. ამიტომაც ყველა კონტროლიორს ვეკითხები აზრს, როგორ ვმართავ, რამე შეცდომას ხომ არ ვუშვებ და ა.შ. ყველა მეუბნება, კარგად მართავ, ბევრ კაცს ჯობიხარ, ფრთხილიც ხარო. ხაზის ბიჭებსაც აღუნიშნავთ, მგზავრები რომ ამოდიან, შენზე გვეუბნებიან, გოგოა და რა კარგად მართავს ამხელა ავტობუსსო. მიხარია, რა თქმა უნდა.
– რამდენი ბრუნის გაკეთება გიწევთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში? ალბათ ძალიან იღლები.
– სხვათა შორის, არ ვიღლები, შეიძლება, მუშაობა ახალი დაწყებული რომ მაქვს, ამიტომ მეხალისება. ჩემი მარშრუტი ასეთია: გავდივარ გადასასვლელი ხიდიდან, გავივლი ნაძალადევს, სანზონას, კონიაკის დასახლებას და ავჭალაში მაქვს ბოლო გაჩერება. 52-53 წუთი მჭირდება ერთ გზაზე, ანუ 2 საათს ვანდომებ ერთ ბრუნს. დღის განმავლობაში 7-8 ბრუნი გვიწევს, მორიგეს – 9. ზოგჯერ ღამის პირველის ნახევარზე შემოვსულვარ ბაზაზე.
– ბოლო დროს ბევრჯერ გამოითქვა უკმაყოფილება ყვითელი ავტობუსების გაუმართაობასთან დაკავშირებით. რა პერიოდულობით ამოწმებთ ავტობუსებს?
– წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები შეიცვლება, რაც ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, ეს ავტობუსები ძველია და ხშირად გვიწევს აქ მოსვლა შესაკეთებლად. ყოველ 2 კვირაში ერთხელ კი ტექნიკური დათვალიერება ხდება, ყველაფერი მწყობრში რომ იყოს და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ.
– საუბრის ბოლოს, რას ეტყოდით ქალ მძღოლებს?
– თუ გრძნობენ, რომ შეუძლიათ, არ შეეშინდეთ ისეთი საქმის შეჭიდების, რაც მხოლოდ მამაკაცის საქმედ ითვლება, რადგან ქალს ყველაფერი შეუძლია!

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები