„თუ ადამიანს გოეთე ან ჰესე გრანელზე და დოჩანაშვილზე მეტად მოსწონს, მოღალატე და არაპატრიოტია?!“

გუშინ, პატრიოტული გინებებით აღსავსე სტატუსებმა ერთ ფრიად საჭირბოროტო საკითხზე დამაფიქრა. მგონი, საკითხი მთლად ასე ცალსახად და მარტივად არ უნდა იდგეს. თუ ადამიანს გოეთე ან ჰესე გრანელზე და დოჩანაშვილზე მეტად მოსწონს, ნუთუ, ეგ ავტომატურად ნიშნავს, რომ გერმანელი ქართველზე, ან გერმანია საქართველოზე მეტად უყვარს?! თანაც (მით უმეტეს), რომ მოღალატე და არაპატრიოტია?! მაგრამ, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რა არის ფეხბურთი.
თუ ფეხბურთი სპორტია, ე.ი. გარკვეული ესთეტიკა გააჩნია და მაშინ, ალბათ, ბუნებრივი და ნორმალურია, თუ ვიღაცისთვის გერმანული, ფრანგული, ან ბრაზილიური საფეხბურთო სტილი უფრო მოსაწონია (ანუ გემოვნების საკითხია), ვიდრე თუნდაც მშობლიური, ჩვენს შემთხვევაში – ქართული. (მგონი, არავის ვაგინებთ და არც გვიკვირს, თუ ქართულ როკს – ბრიტანულ და ქართულ ჯაზს – ამერიკული გვირჩევნია. მესმის, მთლად იდეალური შედარება არაა, რომ მუსიკას დროშების ფრიალით არ ვუსმენთ და მუსიკალური კონკურსებიც საკმაოდ სულელური რაღაცაა, მაგრამ ეგეც გემოვნების საკითხია. ბოლოს და ბოლოს ჯანსაღ საზოგადოებაში არც სპორტია ბრძოლა, ან ომი (ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს, სადაც მთავარი გამარჯვებაა).
ასევე, მესმის, რომ საბჭოთა კავშირში, სანამ დამოუკიდებლები გავხდებოდით, საერთოდ სპორტი და კონკრეტულად, ფეხბურთი თვითიდენტიფიკაციის, ეროვნულობის გამოვლინების ერთ-ერთი იშვიათი საშუალება იყო. მაგრამ დღეს, როცა სამშობლოსადმი სიყვარულის სიტყვითაც და საქმითაც გამოხატვის უამრავი გზაა, არა მგონია, ასე კატეგორიულად უნდა ვუყურებდეთ იმ რამდენიმე ათეულ და თუნდაც, ასეულ ადამიანს, ვისაც სხვა ქვეყნის საფეხბურთო სტილი ქართულს ურჩევნია (და არა, საზოგადოდ, სხვა ქვეყანა – საკუთარს, თუმცა კამათი ამაზეც შეიძლება). არა, გამაღიზიანებელი ალბათ არის, მაგრამ არც დედის გინებას და მოღალატეების ძახილს იმსახურებენ. აი, თუ საქმე მტერს ეხება, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს დროს რუსეთს უგულშემატკივრებ, მაშინ…
P.S. მე ბავშვობიდან გერმანიას ვგულშემატკივრობ, მაგრამ, საქართველოსთან – არა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს. საერთოდ არაფერს…

ამირან ვადაჭკორია

კომენტარები

სხვა სიახლეები