თბილისი, რომელიც ფურთხის ღირსი არ არის

ყოველ დილით სახლიდან სამსახურისკენ მივისწრაფი. სიტყვა მივისწრაფი ზუსტად მიესადაგება ჩემი დილის სირბილნარევ სვლას. იმისათვის რომ არ დავაგვიანო, სამარშრუტო ტაქსის ბოლო გაჩერებამდე მივდივარ ხოლმე. გზად მაღაზიები, სკოლისკენ მიმავალი ბავშვების ჟრიამული, დილაადრიან უკვე კლიენტების მომლოდინე ტაქსისტები, რამდენიმე გადავსებული ნაგვის ბუნკერი, ტროტუარებზე გაჩერებული მანქანები, ავტოფარეხებში გახსნილი პატარა მაღაზიები გარეთ გამოტანილი ხილბოსტანით და ბევრი სხვა რამ მხვდება.. ყოველ დილით თითქოს მოყირჭებული გარემოა ჩემს ირგვლივ სახლიდან გასვლის შემდეგ–ჩემი დილის თბილისი. დილის გარბენის დროს ჩვევად მაქვს ჩაფიქრებული მივდივარ და მიწაზე ვიყურები, არა იმიტომ რომ მეშინია ფეხი რამეს წამოვკრა ან დავაბიჯო, უბრალოდ მექანიკური მომენტია, შეიძლება არ მინდა ირგვლივ არსებულმა უღიმღამო გარემომ რამდენიმე წუთიანი ფიქრიანი მყუდროება დამირღვიოს, თავში დღის გეგმებს ვალაგებ ხოლმე..თუმცა ამ დროს ყოველ ნაბიჯზე მხვდება ის რაც მყუდროებას მე კი არა, ძენბუძიზმის ყველაზე გასხივოსნებულ მიმდევარსაც კი დაურღვევდა. მიწაზე ვიხედები და ვხედავ რუხ ასფალტს ფურთხებით, მანდარინის ნაფცქვენებით, ქაღალდებით, კიდე ფურთხებით, მერე ბიჩოკებით, მერე კიდე ფურთხებით და კიდე ბიჩოკებით გაფერადებულს…..სადღაც პარკი ფრიალებს, ცოტა მერე სიგარეტის დაგლეჯილი კოლოფი გდია. ეს ჩემი და მრავალი ჩემნაირი თბილისის მკვიდრის ყოველდღიური მარშრუტი ასეთი „მშვენიერებებით“ ისეა მიმოფენილი როგორც სუპერმარიოს გზა სხვადასხვა განსაცდელებით..
ირგვლივ ხომ დაღლილი, გაწამებული და გარობოტებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მექანიკურად აკეთებენ რაღაც მოქმედებებს––აგდებენ ქაღალდებს, იფურთხებიან, ქუჩაში ეწევიან და აგდებენ ბიჩოკებს, მანქანებიდან და ისეც. ეს ყველაფერი წლობით, თითქმის ბალღობიდან მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ უბრალოდ თავში აზრადაც არ მოსდით, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება. ..არა და შეიძლება…
აქვე ვაღიარებ, მე ჩვენი ქალაქის დამნაგვიანებელთა დიდი არმიის ერთ–ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ, არაერთხელ გადამიგდია ეს წყეული სიგარეტის ბიჩოკი ქუჩაში, პარკში, სადარბაზოსთან, ფანჯრიდან. ვაღიარებ და ვხვდები–ნელ–ნელა მეც უნდა შევიგნო რომ ეს ცუდია. ცუდია ყველანაირად და ცუდია იმ თბილისისთვის, რომელიც ჩემთან ერთად იღვიძებს ყოველ დილით, ხანდახან მოყირჭებული პეიზაჟით, მაგრამ რომელიც ერთადერთი ჩემი ქალაქია, რადგან სხვა ქალაქი, ყველაზე ლამაზი და საოცნებო როა სადღაც შორს, ჩემი ვერასდროს გახდება, უბრალოდ იმიტომ რომ მე ამ კონკრეტულ ქალაქში(თბილისში) დავიბადე და ოცდაათი წელია მასთან ერთად ვიღვიძებ და ვიძინებ.
თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვცდილობ ქაღალდები, როგორი მცირე ზომისაც არ უნდა იყოს, არ დავყარო, არც ჩეკებს ვყრი მიწაზე ბანკომატის წინ და არც მზესუმზირას ვყრი; ამას მართლა პრინციპულად ვცდილობ მთელი ცხოვრებაა, მაგრამ მგონი ახლა უფრო მეტს ვეცდები და ჩემს მცდელობას ბიჩოკებზეც გავავრცელებ. ასე მგონია, ჯერ ახლადდაწესებული ჯარიმის შემეშინდება, ზედმეტი 120 გელა სად მაქვს, მერე ეს ნელ–ნელა ჩვევაშიც გადამივა და თუ კი სხვებიც ჩემსავით მოუკლებენ „ბიჩოკებგადაყრამანიას“ თუნდაც ამ ჯარიმების შიშით, ასე მგონია რაღაც ხანში მე პირადად ფრთები არ ამომივა, მაგრამ, რომელიმე ევროპულ ქალაქზე რომ ვამბობთ ხოლმე შურით–აუ რა სუფთა ქალაქია, მერე ჩვენს ერთადერთ და მართლაც განუმეორებელ თბილისზეც ვიტყვით იგივეს სიამაყით. ამავეს აქედან სამშობლოში დაბრუნებული ტურისტებიც იტყვიან. ეს კი ყველას ერთად გაგვიხარდება, ჩვენ ხომ გვიყვარს როცა გვაქებენ…
თუმცა, არსებობს „დამნაგვიანებელთა“ კიდევ ერთი კასტა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ჩემგან და ჩემნაირებისგან. ჩემი კორპუსის ზედა სართულებიდან შუაღამით ნაგვის პარკის გაშხუილების ხმა მე ხომ არა ერთხელ გამიგონია. ამიტომაც ასეთი ქმედების ავტორებზე ვუბნობ. დღეს დილით კი გვერდზე კორპუსის წინ ერთი ასეთი ნაგვით სავსე, გახეული პარკიც შევნიშნე. რა უნდა თქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ასეთ რამეს აკეთებენ? ასეთ ადამიანს სიამოვნებით მივუსჯიდი ერთი წლით ქუჩის დაგვა–დალაგების სასჯელს. ასეთ ადამიანს სიამოვნებით გადავასახლებდი დაუსახლებელ, ხრიოკ ადგილას. ასეთ ადამიანს არ ჩამოვართმევდი არასდროს ხელს. კიდევ ბევრი რამ შეიძლება გავაკეთო ასეთი რამის ჩამდენი ადამიანის მიმართ, რომელიც იმდენად გადაგვარებულია, რომ მსგავსს კადრულობს, მაგრამ მოდით სიმართლე ვთქვათ–ჩემი აზრი მას სულ ფეხებზე კიდია. ამიტომ ასეთი ადამიანები კანონმა მართლაც მკაცრად უნდა დასაჯოს, თუნდაც მცირედით, მაგრამ მკაცრად. იმიტომ რომ სხვანაირად, აღმზრდელობითი შეგონებით მათთან ურთიერთობა უკვე დაგვიანებულია. მათ უნდა გაუღვივდეთ სერიოზული შიში, რომ ფანჯრიდან პამპერსის გადმოსაგდებად ხელი აღარ წაუცდეთ; ახლახანს ჩემს სახლთან, სტადიონზე სადაც მთელი დღე ბავშვები ნავარდობენ, ერთმა ახალგაზრდამ თავის ძაღლს მოასაქმებინა, აბა რა მექნა, აქ უნდოდაო–პასუხი ეს იყო. იმაზე საუბარი რომ უნდა გადაეყარა ის მოსაქმებული, ზედმეტი იყო. ასეთი ადამიანი უნდა დაჯარიმდეს, აბა არა? პატრულს ამაზე მადლობას ნამდვილად ვეტყვი და ტაშსაც დავუკრავ.
ამავე დროს, ვფიქრობ, ქალაქის მესვეურებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზეც უნდა იზრუნონ: მასიურად დაამატონ ნაგვის პატარა და დიდი ურნები, უფრო მეტმა მეეზოვემაც უნდა იმუშავოს. კიდევ მგონია, ჯარიმების შემოღებასთან ერთად, საჭიროა რაიმე საინფორმაციო კამპანიის დაწყება, სადაც ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას, საჭიროა სკოლებში მოსწავლეების გულებამდეც მისვლა, მათთან საუბარი, ოღონდ არა მენტორულად, არამედ ადამიანურად, გულწრფელად და პოზიტიურად. საჭიროა სტუდენტების ჩართვა და დალაგება–დასუფთავების აქციების მოწყობა. ძალიან კარგი იქნება კამპანიაში იმ გორელი სტუდენტი გოგონას ჩართვა, რომელიც მეეზოვედ მუშაობს და ისე იხდის სწავლის ფულს. კარგი იქნებოდა ცნობილი ადამიანები თავიან ძაღლებთან ერთად სადმე შეიკრიბონ და აჩვენონ საზოგადოებას როგორ შეიძლება გაასეირნო ცხოველი და ამავე დროს გარემო არ დააბინძურო..ბევრი რამე შეიძლება რაც ყველა ჩვენთაგანის თვითშეგნებას აამაღლებს და სულში გამჯდარ „დანაგვიანების“ ჩვევებს მოგვიშლის. ამაზე ჩვენი სახელმწიფოს და თბილისის მესვეურებმა უნდა იზრუნონ. მათ ამ კარგ საქმეში უამრავი ადამიანი აყვება, აკი უკვე მოყვა საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჯარიმების შემოღებას. ამის მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ როგორც ჩანს ყველას ერთად მოგვბეზრდა ყოველ დილით ფურთხში, ბიჩოკებში, პარკებში და ძაღლების განავალში გზის გაკვალვა…ალბათ იმიტომაც რომ თან გულის სიღრმეში ყველა ვთანხმდებით– ეს ქალაქი ფურთხის ღირსი არ არის!

10944081_10204460385887385_565841310_n

ელენე ჯანაშია

კომენტარები

სხვა სიახლეები