ზუგდიდში 24 წლის გოგო თვითმკვლელობისგან გადაარჩინეს – მან ბაჩალიაშვილის საქმის კოპირება სცადა

„ვერტერის ეფექტი“ – ასე უწოდებენ სპეციალისტები მოვლენეს, როდესაც სუიციდი გადამდები და მიმბაძველობითი ხდება.

ცნობილია, რომ გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“-ს გამოქვეყნებას თვითმკვლელობების მთელი ტალღა მოჰყვა და სწორედ აქედან მოდის ტერმინი „ვერტერის ეფექტი“.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სუიციდს ახასიათებს გადადების ეფექტი და თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, მსგავსი თემების აგრესიულმა გაშუქებამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, სწორედ ამის ნათელი დასტურია.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, საკუთარი სახლიდან 24 წლის გოგო გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

გოგონას ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, თუ სად და როგორ მიაგნეს მას.

აღმოჩნდა, რომ გოგომ თითქმის ერთი ერთში გაიმეორა ის სცენარი, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ძირითად ვერსიად განიხილება.

 

მართალია ბაჩალიაშვილის ოჯახი ეჭქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა ამ საკითხის საჯარო განხილვა, ხშირად უმნიშვნელო დეტალებამდეც კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? და თუ ეს მართლაც თვითმკვლელობა იყო, რატომ გაიარა ბაჩალიაშვილმა კილომეტრები და რატომ მოიკლა თავი მაინცდამაინც ტყეში?

კითხვები შესაძლოა ბევრი არსებობდეს, თუმცა, როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ძნელია იმის ახსნა, თუ რა ამოძრავებს იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი?

ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა – ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.

„პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს” – ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მედიას მოგვიწოდებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ სუიციდის, ან შესაძლო სუიციდის ფაქტების გაშუქებას, რადგან ამან დამატებით სხვა ტრაგედიები არ გამოიწვიოს.

„ყოველთვის არის ხოლმე დილემა, როდესაც არსებობს მოვლენები, სადაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. მაგრამ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა, უნდა გათვალისწინოს, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება ვერ გადაწონის ვერანაირი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორიც სუიციდია. არსებობს სპეციალური გაიდლაინი, პროტოკოლები, რომელიც ყველა მედიას გულისფიცარზე უნდა ეწეროს, როდესაც სუიციდი შუქდება.

ე.წ „ქოფი ქათის“ მექანიზმი ძალიან მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვქვს საუბარი სუიციდზე, ფემიციდზე და ზოგადად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე. რატომ? – მედიასაშუალებას ხელი აბსოლუტურად ყველა ტიპის ადამიანამდე მიუწვდება და ჩვენ არ ვიცით ვინ, როგორი მოწყვლადობით, როგორი შინაგანი მდგომარეობით იღებს ამ ინფორმაციას.

ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს „კარნახი“ რა უნდა გააკეთოს. ეს დადასტურებულია, ბევრი შემთხვევა არსებობს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ძალიან იყო გახშირებული სუიციდის ერთ-ერთი ფორმა (არ დავაკონკრეტებ), რომელსაც ინტენსიურად აშუქებდა მედია და პარადოქსული სიტუაციის შემსწრე აღმოჩნდა საზოგადოება. გეომეტრიული პროგრესით იმატებდა მსგავსი ტიპის სუიციდის შემთხვევები და განსაკუთრებით, ეს ახალგაზრდებში ხდებოდა.

როცა დაიწყეს ანალიზი, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ გაეშუქებინათ არც ერთი შემთხვევა. ნახეს, რომ იკლო ჩადენილი ქმედებების რაოდენობამ.

ჩემი კოლეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ სტანდარტები დაამკვიდრონ, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ არასდროს არავინ ითვალისწინებს და ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებთ, გვავიწყდება, რომ არაფრით არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის საპირწონედ გახდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამბის ეთიკურ გაშუქებაში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მაია ცირამუა.

წყარო:https://primetime.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები