ვინ დგას შუფუტინსკის კონცერტის უკან

16 აგვისტოს, ბათუმში, პროექტს „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში რუსი მომღერალი, მიხეილ შუფუტინსკი კონცერტს გამართავს. ბილეთის ფასი 50-დან 130 ლარამდე მერყეობს.

ამბობენ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და უნდა ვიჩქაროთ. სიჩქარის რა მოგახსენოთ, რადგან, ბოლო დროს, რუსი მომღერლების საქართველოში ჩამოყვანას ქართველი მსმენელის არც ისე კარგი რეაქცია ახლავს, განსაკუთრებით კი ქართული შოუბიზნესის წამომადგენლების მხრიდან. უმუშევრად დარჩენილ ქართველ (ნიჭიერ!) მომღერლებს ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა, რატომ შუფუტინსკი, რატომ ლეპსი?

საზოგადოების ნაწილი აზრის გამოთქმას საჯაროდაც არ ერიდება, ზოგიერთის მოსაზრება რადიკალურიც კია.
„აბა, ცხელი შუფუწინსკი გადაიღე, ერო,
ამის ჩამოსაყვანი ფული რომ მქონოდა, ამას არასოდეს არ ჩამოვიყვანდი… სულ სხვა რამეს გავაკეთებდი. ესენი შეგნებულად ადებილებენ ხალხს. აგერ ნახეთ თუ არ გადაიძეძგოს იქაურობა აღტაცებული ქართველი მსმენელით…
სუ სმოკინგებით, ბრილიანტებით და ბიგუძებით მივლენ… თქვენი გზააბნეული პერო მოვტ***“ . – წერს სოციუალურ ქსელში მუსიკოსი მაია დარსმელიძე.

რამდენიმე მუსიკოსს ჩვენც ვკითხეთ აზრი მიხეილ შუფუტინსკის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

მაია კაჭკაჭიშვილი:
– ორგანიზატორებს ვეტყვი, ბევრად უფრო დახვეწილი მუსიკის შემქმნელები ჩამოიყვანონ საქართველოში. შუფუტინსკი ჩემთვის არის მდარეზე მდარე ხარისხის მომღერალი. რა უნდა მომისაჯონ, რომ მე შუფუტინსკის მოვუსმინო.

სტეფანე მღებრიშვილი:
– დემოკრატიულ ქვეყნებში ვერავის აუკრძალავ რომელიმე, შენთვის მიუღებელი მომღერლის მოსმენას. შეიძლება ბევრი ტრანსპარანტებითაც გამოვიდეს, რომ ეს მდაბიო კულტურაა და ამის მოსმენა არ შეიძლება, მაგრამ, მე, როგორც თავისუფალი ადამიანი, პატივს ვცემ იმ ადამიანების გემოვნებას, რომლებსაც უნდათ მოისმინონ ეს მომღერალი. კი ბატონო, ვეთანხმები, რომ მდარე ხარისხის მუსიკაა, მაგრამ გემოვნებაზე ხომ არ დაობენ. შუფუტინსკის სიმღერას მუსიკალური ღირებულება არ აქვს, ენერგეტიკა, ხასიათი ამ მომღერლისგან არის მოძველბიჭო, „ბლატნოი“, ქურდულ სამყაროსთან ასოცირებული. მე შემიძლია შვილს დავუშალო ცუდი მუსიკის მოსმენა, მაგრამ სხვასთან რა უფლება მაქვს. სხვა საკითხია პოლიტიკა. როგორ მაწუხებს ოკუპირებული ტერიტორიები და აქედან გამომდინარე ის ადამიანები, ვინც იმ ქვეყნის მოქალაქეები, შემსრულებლები არიან, ამის მოყოლას დღეს არ დავიწყებ. უბრალოდ, ვერ დაიტევს თქვენი გაზეთი. თუ შუფუტინსკის კონცერტი ბევრი უჯდება ორგანიზატორს, შესაძლებელია, ბევრად უკეთესი შემსრულებლის ჩამოყვანა. ალბათ, ორგანიზატორებმა იციან, ქართველი მსმენელის მოთხოვნა და ამით ხელმძღვანელობენ. საინტერესოა რამდენი მაყურებელი მივა ამ კონცერტზე და რა ფასად გაიყიდება ბილეთები.
– ბილეთის ფასი 50-დან 130 ლარამდე მერყეობს.
– მართლა? უცნაურია.
– აქვე შეგახსენებ, რომ გრეგორი ლეპსის კონცერტმა სპორტის სასახლეში ანშლაგით ჩაიარა.
– ჩვენ ხომ მხოლოდ სადღეგრძელოებში ვიცით პატრიოტიზმი. ფაქტია, რომ თავზე გვახურავენ და მაინც ვაგრძელებთ ამის ატანას. ქართული საზოგადოება უნდა იყოს წინააღმდეგი ყოველგვარი ანტიქართულის. ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ მოაგვარებს.
– მაგრამ რადიკალიზმის მომხრე არ ხარ…
– პროტესტების მომხრე არ ვარ. მაგრამ მე მაქვს ჩემი პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ამას სახელმწიფო აფინანსებს. იმედი მაქვს ეს ასე არ არის, რომ ქართული სახელმწიფო არ სთავაზობს ქართველ მოსახლეობას გასართობად მიხეილ შუფუტინსკის…

როგორც გავარკვიეთ, მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში ტარდება. იმის დასადგენად აფინანსებს თუ არა სახელმწიფო რუსი მომღერლის კონცერტს ბათუმში, პროექტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკა ჯოჯუას დავუკავშირდით.

ეკა ჯოჯუა:
– კონცერტი „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში ტარდება, თუმცა სახელმწიფოს ამ კონცერთში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. ეს არის კომერციული პროექტი, ორგანიზატორია „მიუზიკ ფრომოუშენი“, შესაბამისად, მათ ჰკითხეთ დაფინანსებაზეც. ისინი მხოლოდ სარგებლობენ ჩვენი ინფრასტრუქტურით, თორემ სახელმწიფოს არც ერთი თეთრი მათ ფრომოუშენზე არ დაუხარჯავს.

ჩვენ „მიუზიკ ფრომოუშენის“ ხელმძღვანელს, ნინო დავითაიას ვესაუბრეთ.

– ნინო, მაინტერესებს კრიტერიუმები, რომლითაც მიხეილ შუფუტინსკი ჩამოგყავთ საქართველოში…
– ჩვენ ჩავატარეთ სოციალური გამოკითხვა და უმრავლესობამ სწორედ ამ მომღერლის მოსმენის სურვილი გამოთქვა.
– როგორც ვიცი, თქვენ მიერ ორგანიზებული კონცერტი ტარდება „ფიტ ბათუმის“ ფარგლებში. კონცერტს სახელმწიფო აფინანსებს, თუ კერძო კომპანია?
– ეს „რუსთავი 2“-ის აგორებული ანტიპიარი იყო, რომ შუფუტინსკის კონცერტს ბათუმის მერია აფინანსებდა. სამჯერ გავუმეორეთ ჟურნალისტს, რომ ბათუმის მერია არ აფინანსებს ამ კონცერტს, რომ ეს არის კომერციული პროექტი და არსებობს ამის დოკუმენტაცია, ანგარიშები, რომ არანაირი თანხა ბათუმის მერიას ამ კონცერტში არ გადაუხდია. უბრალოდ, მათ ჰქონდათ თავისუფალი დღე, უნდოდათ ფესტივალი მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო და ამიტომ ჩაჯდა შუფუტინსკის კონცერტი პროექტის ფარგლებში.
– ნინო, დიდი ხანია არსებობს თქვენი კომპანია?
– რამდენიმე თვეა. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი.
– რა გეგმები გაქვთ, კიდევ რომელი მომღერლის ჩამოყვანას აპირებთ?
– „მაშინა ვრემენის“ სოლისტის, ანდრეი მაკარევიჩის ჩამოყვანა გვინდა, ასევე „კომედი ქლაბის“. როცა კომპანიის ბიუჯეტი გაიზრდება და შესაბამისი თანხებიც გვექნება, შევეცდებით ევროპისკენ და ამერიკისკენაც გავიხედოთ და იქაური შემსრულებლებიც მოვიწვიოთ საქართველოში.

მანამ სანამ კომპანია ევროპისკენ გაიხედავს, საქართველოში სულ უფრო მძაფრდება პროტესტი რუსული ესტრადის ვარსკვლავების მიმართ. ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სტუმრობდა. გადაჭედილ სპორტის სასახლეში მაყურებელი ცეკვით ჰყვებოდა გრეგორი ლეპსის სიმღერებს. ვიპ ადგილები ნინო ბურჯანაძის ოჯახსაც ჰქონდა დაკავებული. მე პირადად ფოიეში ვნახე ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა საყვარელი მომღერლის მოსასმენად.
მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გრეგორი ლეპსის ჩამოყვანას ორგანიზებას გრიგოლ გუგეშაშვილი (დოდო გუგეშაშვილის შვილი) უწევდა. ამის გასარკვევად „კვირის პალიტრა“ თავად გრიგოლს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ ორგანიზატორის დამხმარის როლს ასრულებდა და ჟურნალისტი კომპანია „ტრიდა პრომოუშენის“ წარმომადგენელთან საქართვერლოში, ლელა ასლანიკაშვილთან გადაამისამართა. ქალბატონი ლელა მაშინ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დავით ოქიტაშვილს პასუხობდა და გრეგორი ლეპსის დამცველად გამოდიოდა.
„ძალიან მაინტერესებს დავით ოქიტაშვილს რუსი მომღერლების მიმართ პროტესტი როდის შემდეგ გაუჩნდა? – როგორც ვიცი, ყოველთვის მას ჩამოჰყავდა რუსი ხელოვანები… საერთოდ, რუსული პრესა აბსოლუტურად სხვანაირად აშუქებს ყველაფერს და შეგიძლიათ იხილოთ. ქვეყნდება სტატიები, რომ გრიგორ ლეპსმა მხარი არ დაუჭირა პუტინს და არ ჩაშალა უკრაინის გასტროლები. გარდა ამისა, ლეპსი, მოგეხსენებათ, სოჭში გაიზარდა და ოლიმპიადაზე უკრაინის მოვლენების გამო არ იმღერა. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, ქართული მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი რომ ყველაფერს უკუღმა აშუქებს… პირიქით, გრიგორი ლეპსი ქართველია და ყველაზე განსაკუთრებულად ქართული კონცერტისთვის ემზადება. ჩამოდის თავის მეგობრებთან ერთად. ქართველი მსმენელს დიდი სიამოვნებით ელოდება. ყველაფერი დეზინფორმაციაა, ის პუტინის კარის მომღერალი არ არის. ჩვეულებრივი მომღერალია, რომელიც დგას სცენაზე, დარბაზში ვინ იქნება, პუტინი თუ სხვა ვინმე, ეს წინასწარ არავინ იცის…
გრიგორი ლეპსს ყირიმის ანექსიაზე ხელი არ მოუწერია, ამაზეც გამოქვეყნდა სტატიები. ანალოგიური გვარის ხელისმომწერი ნამდვილად იყო, მერე გაირკვა, რომ ეს ვიღაც სხვა იყო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან. ამას სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ“!

მოკლედ, მანამ სანამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ვის ვუსმინოთ და ვის არა, რომელია მდარე ხარისხის მუსიკა და რომელი მაღალი ღირებულების, ბათუმი შუფუტინსკის მასპინძლობს. და როგორც მუსიკოსი მაია დარსმელიძე იტყოდა, ცხელი შუფუტინსკი გადაიღე ერო.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები