ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთამდე – ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა

(მეოთხე ნაწილი)
მოდით, შევხედოთ ამ ყველაფერს უძველესი ვედური ცოდნის კუთხით, რომელსაც სანსკრიტულად ჯიოტიში ეწოდება. ესაა ცოდნა ყველაფრის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ნაწილად და სფეროდ იყოფა, მაგრამ მისი მთავარი ნაწილია ცოდნა სამყაროს ძალთა შესახებ. ესაა უძველესი ფუნდამენტური ცოდნა, რომელზეც აგებულია დანარჩენი ყველაფერი. ვეცდები, ძალიან მოკლედ და გასაგებად წარმოგიდგინოთ იგი და დავაკავშირო ზემოთ მოყვანილ ცნებებთან. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ახალი ხედვის კუთხე შემოვიტანო სამყაროს ამ ისედაც რთულ სისტემაში.
ერთი (შეგვიძლია მას ვუწოდოთ „ღმერთი“) იყოფა ორ ყველაზე ფუნდამენტურ ძალად, ორ პრინციპად. სანსკრიტულად მათ ეწოდებათ: „სურია“ და „ჩანდრა“. ესაა ცენტრის პრინციპი და პერიფერიის (თანამგზავრის) პრინციპი. ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც მზე და მთვარე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს პრინციპები, პირველ რიგში, სამყაროს მთავარი ძალებია და მზე, მთვარე და სხვა პლანეტები ამ ძალთა მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასტროლოგია განიხილავს ამ ძალებთან კავშირს პლანეტარული განლაგების (ნატალური რუქის) მეშვეობით, მაგრამ ხშირად თანამედროვე ასტროლოგებს ავიწყდებათ, რომ პირველადი და მთავარი სწორედ ძალებია და არა ჩვენი მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები. სინამდვილეში ჯიოტიში ამ ძალების შესახებ ცოდნაა და არა მზის სისტემის პლანეტების. ჯიოტიშის უძველეს ოსტატს შეეძლო ადამიანის ხელისგულზე დაენახა იგივე (პალმისტრი ანუ ქირომანტია), რასაც დღეს თანამედროვე ვედური ან დასავლური ასტროლოგიის მიმდევრები ნატალურ რუკაში ხედავენ. მაშ ასე, სამყაროს მთავარი ძალები:
სურია — ესაა არსებობის ძალა, რომელიც ყოველივეს ცენტრია. იგი ვლინდება ყველა მაკრო და მიკრო-სისტემაში. იგია გალაქტიკის ცენტრი — გალაქტიკაში, იგია მზე — მზის სისტემაში, იგია ბირთვი — ატომში. იგია ის ძალა, რომელიც ნებისმიერი სისტემის ცენტრია და ინარჩუნებს მას, შესაბამისად, მის გარეშე ნებისმიერი სისტემა დაიშლება. ადამიანში — ესაა ის ყველაზე ნატიფი ძალა, რომელიც სიცოცხლეს აძლევს მას და რომლის გარეშეც სხეული უძრავ გვამად იქცევა. თუ შეგრძნებებით განვიხილავთ, სურია ადამიანში — ესაა შეგრძნება: „მე ვარ“, მე ვარსებობ“, „მე გავცემ“.
ჩანდრა — (ქართულად მთვარე) ესაა პერიფერიის პრინციპი, თანამგზავრის პრინციპი. ადამიანში ვლინდება, როგორც ძალა — „მე ვგრძნობ“, „მე შევიგრძნობ“, „მე ვიღებ“. პლანეტა მთვარე ასტროლოგიურად გამოხატავს ამ ძალას, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს, ჩანდრას წარმოადგენს მზის მიმართ. სწორედ ჩანდრაა ყველაზე ნატიფი ძალა მზის შემდეგ. სწორედ ჩანდრა ვლინდება ამის შემდეგ მატერიაში 5 მატერიალურ ძალად, რომლებიც მატერიის 5 ელემენტს (სტიქიას) შეესაბამება:
გურუ (იუპიტერი) — ეთერი
შანი (სატურნი) — ჰაერი
მანგალა (მარსი) — ცეცხლი
შუკრა (ვენერა)— წყალი
ბუდჰა (მერკური)— მიწა
ეს ხუთი მატერიალური ძალა + ორი მთავარი პრინციპი (სურია და ჩანდრა) გვაძლევს სამყაროს შვიდ მთავარ ძალას, რომელიც აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. მატერიაში არის კიდევ ორი ძალა (უფრო სწორად ერთი ძალის ორი პოლუსი), რომელსაც ეწოდება რაჰუ-კეტუ, მაგრამ ამ ძალების დაწვრილებით აღწერილობაზე არ შევჩერდები. ვეცდები ზემოთ მოყვანილ ცნებებთან დავაკავშირო მთავარი ძალები: სურია და ჩანდრა.
სურია — არსია, ჩანდრა — ფორმაა, ჭურჭელია;
სურია — იდეაა, ჩანდრა — იდეის მრავალრიცხოვანი გამოვლინებაა;
სურია — წესრიგია, ჩანდრა — ქაოსია;
სურია — ზე-სისტემაა, ჩანდრა — სისტემა და ქვე-სისტემებია;
სურია — შემოქმედია, ჩანდრა — ქმნილებაა;
სურია — გამცემია, ჩანდრა — მიმღებია;
სურია — იანია, ჩანდრა — ინია;
სურია — სინათლეა, ჩანდრა — სიბნელეა;
სურია — გამცემი, დაღმავალი ძალაა, რომელიც თავისი სინათლით ცდილობს შეაღწიოს და გავრცელდეს ჩანდრაში, შეერწყას მას;
ჩანდრა — მიმღები, აღმავალი ძალაა, რომელიც შთანთქავს სურიას სინათლეს და ცდილობს თავისი სიბნელით გარს მოეფინოს, შთანთქოს იგი, შეერწყას მას;
ნებისმიერი სისტემა მთლიანია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორი ძალა მასში ჰარმონიულადაა, როცა ისინი კონფლიქტში არ არიან ერთმანეთთან. მესამე ძალას, რომელიც ამ ორს ათანხმებს, უწოდებენ ჰარმონიას, სიყვარულს, დიალექტიკას, სიმბიოზს, სინთეზს. მესამე ძალის გარეშე ეს ორი ძალა მუდმივ კონფლიქტში იქნებოდა თავიანთი ურთიერთ-საწინააღმდეგო ბუნების გამო. ადამიანიც სწორედ ამ ორი ძალის ურთიერთ-ბალანსის შედეგად არსებობს.
არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მზის გზაზე (ე.წ. ჩამომავალ ცოდნაზე), არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მთვარის გზაზე (ე.წ. აღმავალ ცოდნაზე). პირველს უმეტესწილად განეკუთვნებიან რელიგიები და სხვადასხვა სულიერი და ეზოთერული სწავლება. მეორეს უმეტესწილად განეკუთვნება მეცნიერება და სხვადასხვა ტანტრისტულ-ოკულტური ეზოთერული სწავლება. და სამწუხაროდ ამ ორ გზას შორის ხშირად კონფლიქტია, რადგან ადამიანის ცნობიერება ჯერ არ განვითარებულა იმ დონემდე, რომ ჰარმონია დაამყაროს და სინთეზი მოახდინოს ამ ორ მიმართულებას შორის. მეცნიერება ხშირად უარყოფს უძველესი დროიდან დატოვებულ „ზემოდან შთაგონებულ“, დაღმავალ ცოდნას, ან იმ ცოდნას, რომელსაც რაღაც გზებით ახლაც ყოველ წამს გვაძლევს სურია, ანუ ზე-სისტემა. და, მეორე მხრივ „ზემოდან“ მიღებული ცოდნის მიმდევრებიც ძალიან ხშირად უარყოფენ აღმავალ, მეცნიერულ ცოდნას, არასერიოზულად თვლიან მას, ხშირად „დემონურსაც“ უწოდებენ, და ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში ესაა ქმნილების, ანუ ჭურჭლის ევოლუცია, და რაც უფრო მეტად ვითარდება ჭურჭელი, მით უფრო მეტ სინათლეს იტევს იგი. სინამდვილეში ეს ორი პროცესი ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ეს დაყოფაც მხოლოდ პირობითია. იანი გადადის ინში, და ინი გადადის იანში…
ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია აქცენტირება გავაკეთო აღმავალ გზაზე, ანუ ქმნილების განვითარების გზაზე, რადგანაც ეს გზა უფრო ახსნადია, ექსპერიმენტულად დამტკიცებადია, ადამიანთა უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია. ამიტომაც ნაკლებად ვეხები ზე-სისტემის (შემოქმედის) აღწერას და ვცდილობ სისტემის, ანუ ქმნილების შესახებ უფრო მეტი ვისაუბრო, და ამ ორი მიმართულების კიდევ ერთი საინტერესო კუთხით საჩვენებლად სწორედ უძველესი — ჯიოტიშის ცოდნა მოვიშველიე, რომელიც სწორედ მზის გზითაა მიღებული, და არა მეცნიერული კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგად, და ამით ვეცადე ამომევსო ცოდნის ამ ორ მხარეს შორის არსებული ნაპრალი.
მაშ, ასე, განვაგრძოთ ჩვენი მოგზაურობა ქმნილების განვითარების კვალდაკვალ…

ავტორი: მამუკა გურული

GeoAstro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები