დუბაიში „პატარძალი“ შეჭამეს

დუბაიში მიმდინარე გამოფენის „BRIDE Dubai 2018“ -ის სტუმრებმა ტორტი მიირთვეს, რომელსაც პატარძლის ფორმა ჰქონდა. უცნაური ტორტის ავტორი დიზაინერი დები ვინგჰემია. ნამუშევარი წარმოადგენდა ქალის ქანდაკებას, რომელიც საპატარძლო კაბაში იყო შემოსილი. მისი სიმაღლე 180 სანტიმეტრი, ხოლო წონა 120 კილოგრამი იყო. ტორტის ადგილზე მისატანად ექვსი ადამიანი გამოიყენეს.
დიზაინერს “პატარძლის” დამზადებისთვის, 25 კილოგრამი შოკოლადი დასჭირდა, კაბამ კი 50 კილოგრამი საკონდიტრო მასტიკა მოითხოვა. მას ხელით დამზადებული 5 ათასი საკონდიტრო ყვავილი ამშვენებდა და 10 ათასი ასეთივე მასალის „მარგალიტი“. ამას გარდა, სამოსსა და თავსაბურავში იმალებოდა ხუთი ნამდვილი მარგალიტი, თითოეულის ღირებულება 200 ათასი დოლარი იყო.
ვინგჰემმა, თავისი კარიერის განმავლობაში, დაამზადა 16 მილიონი დოლარის ღირებულების ფეხსაცმელი, კაბა ბრილიანტებით, რომელიც 4,8 მილიონი დოლარი ღირდა და ყველაზე ძვირი საქორწილო ტორტი, რომელიც მყიდველს 67 მილიონი დოლარი დაუჯდა.
2017 წელს კი, გაიყიდა ის გამხმარი ნამცხვრის ნაჭერი, რომელიც დონალდ ტრამპის 2005 წლის საქორწინო ცერემონიალიდან იყო შემონახული. ის აუქციონზე 2240 დოლარად გაყიდეს. მანამდე ეს დესერტი მუყაოს ყუთში 12 წელი ინახებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები