დედაქალაქის მერის სამარხვო სუფრა და შინ გატარებული ბედობა – რისი იმედი აქვს ნარმანიას მეუღლეს

 

დავით ნარმანია, ცოლთან ერთად, ახალ წელს ღია ცის ქვეშ უკვე მესამედ შეხვდა. საახალწლო სუფრას კი ოჯახი უფრო მოგვიანებით მიუჯდა. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ოჯახში საახალწლო სუფრაზე, ქათმისა და ინდაურის მაგივრად, თევზის საცივი იდო. სხვა კერძებიც სამარხვო გახლდათ, რადგან მერმა და მისმა მეორე ნახევარმა საშობაო მარხვა შეინახეს.

„ახალ წელს მე, დათო და ბიჭები ღია ცის ქვეშ, თავისუფლების მოედანზე შევხვდით. შემდეგ, მე და ბავშვები სახლში დავბრუნდით, დათომ კი იმ ღამეს ახალი წელი დასუფთავების, მეტროს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მიულოცა და გვიან დაბრუნდა შინ, თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, და, რა თქმა უნდა, სუფრასთან გააგრძელა ახალი წლის აღნიშვნა.

წელს ვმარხულობდით და, შესაბამისად, სუფრაც მოკრძალებული იყო, ტრადიციული ქეიფი არ გამართულა, როგორიც ქართულ ოჯახებშია ხოლმე. გამთენიამდე გასტანა სუფრამ. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ღამით თოვლი წამოვიდა. მართალია, ისეთი არ იყო, როგორიც დასავლეთ საქართველოში იცის და რისიც ყველას გვშურს, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი და ამან სულ სხვა ხიბლი მისცა ახალ წელს“,- განაცხადა თიკა თინიკაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

თბილისის მერის მეუღლის თქმით, ნარმანია ბედობა დღეს სახლში შეხვდა. თუმცა თინიკაშვილი იმედოვნებს, რომ მის მეუღლეს სახლში ყოფნა არ დაებედება. „ბედობა დღეს დავიბედე ბავშვებთან ერთად ჟივილ-ხივილი და მეუღლე სახლში. როგორც იქნა, დათო სახლში იყო და ძალიან კმაყოფილი დავრჩით, მაგრამ იმედი მაქვს, სახლში ყოფნა არ დაებედება, ეს მთლად მთელ წელს არ გასტანს და თბილისელებზე ისევ იზრუნებს“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები