გულთბილი გურულები და პლაჟზე “ტანგით” წამოსკუპებული კაცები

წყლის საყიდლად რომ ვჩერდები, იქაც კი სიმღერას მთხოვენ

ზაფხულიც მიილია, უმეტესობისთვის არდადეგები დასრულდა და ჩვეულ სამუშაო რიტმს დაუბრუნდა. მომღერალ დათუნა მგელაძეს იმ დროს შევეხმიანე, როცა “დასვენებისგან დაღლილი” ისვენებდა:

– დათუნა, როგორ ხარ?
– დაღლილ-დაქანცული. უკვე 2 დღეა, სახლში ვარ, ვწევარ, ფილმებს ვუყურებ და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვისვენებ.
– შემოქმედებითად დატვირთული ზაფხული გქონდა?
– არც ისე. უბრალოდ, გადავწყვიტე, დასვენებისას ბევრი ადგილი მომენახულებინა, რამაც საბოლოოდ, ძალიან დამღალა. ბოლოს მაინც ზღვისპირეთში დავისვენე – ბათუმში ვიყავი, იქ კი, მოგეხსენებათ, ვერავინ ისვენებს – ყველანი სასიამოვნოდ ვიღლებით.
– ზაფხულობით, განტვირთვისთვის ზღვაზე დასვენება უფრო კომფორტულია და მთაში?
– ახლა ბახმაროში ვიყავი. მოგეხსენებათ, იქ კარგი ბუნება და ჰაერია. ყველაფერი ძალიან მომეწონა, თუმცა მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვა არის: პლაჟი, გართობა, ხალხმრავლობა უფრო მასვენებს, ვიდრე მთაში “გამოკეტვა”. ამ ზაფხულს ასეთი დასკვნა გამოვიტანე (იცინის).
– კიდევ სადმე დაისვენე?
– კი, ოზურგეთში, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში დავისვენე – ბიძასა და ბიცოლას ვესტუმრე. გურული ვარ და გურია ჩემზე დადებითად მოქმედებს. ოზურგეთში ყოფნისას ყოველთვის პოზიტიურად ვიმუხტები…
– დროს როგორ ატარებდი ოზურგეთში?
– მე და ბიძაჩემი სანათესავოში დავდიოდით. ახლობლებმა ძლივს მომიხელთეს. დიდი ხანია, ოზურგეთში არ ვყოფილვარ, იქაურები არ მინახავს. ჰოდა, ბიძაჩემმა ხელი მომკიდა და ყველა და ყველაფერი მომატარა. მერე ჩემს თავზე ვბრაზობდი – ხშირად რატომ არ ვსტუმრობ აქაურობას-მეთქი? ამ ქალაქისგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ.
გურულები სუფრასთან სიმღერას თუ გთხოვდნენ?
– (იცინის) კი, რა თქმა უნდა. სუფრასთან კი არა, სადმე წყლის საყიდლად რომ ვჩერდები, იქაც კი სიმღერას მთხოვენ. სახალხოდ ვიტყვი: როცა მეუბნებიან, – დათუნა, ხომ არ გვიმღერებო, მორჩა, “მეკეტება” – არ არსებობს, რომ ვიმღერო. ბახუსში მყოფი, კარგ ხასიათზე ვარ და სიმღერას თავად ვიწყებ.
– ბავშვობაში ოზურგეთს ხშირად სტუმრობდი?
– კი, რა თქმა უნდა. მაშინ ბებია-ბაბუა ცოცხლები იყვნენ. ძალიან “ჭირიანი” ბავშვი ვიყავი – ყოველთვის რაღაც მტკიოდა. მშობლებს ექიმთან არ მივყვებოდი. მპირდებოდნენ, ოზურგეთში იმ შემთხვევაში წაგიყვანთ, თუ ექიმთან წამოგვყვებიო. ეს პირობა ჭრიდა… ოზურგეთში ბევრი ჩემი თანატოლი იყო. სამწუხაროდ, ახლა ყველანი გაფანტულები არიან. იმ ადამიანებიდან, ვისთანაც ბავშვობაში ვთამაშობდი, ერთის გარდა, აღარავინ დამხვდა…
– გურულები ბავშვობის დროინდელ ამბებს არ გახსენებენ ხოლმე?
– როგორც კი სადმე დამინახავდნენ, მაშინვე იძახდნენ, – დედა, დათუნიე (იცინის)!.. შეიძლება, ზოგმა თავი შეიკავოს – ისე ჩაგიაროს, არაფერი გითხრას, გურულები კი ყველაფერს პირში გეუბნებიან, გეფერებიან… განსაკუთრებულად თბილი სამეზობლო იყო და დღესაც ასეა: გულში ერთმანეთის სიყვარულს ინახავენ, ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთს მხარში უდგანან, საოცარი სითბო და სიტკბო ტრიალებს… იქიდან ბახმაროში წავედი, შემდეგ – შეკვეთილში, მერე – ისევ ბახმაროში, საიდანაც მთიან სოფლებში გადავედი და ბოლოს ბათუმში დავისვენე.
– კარგად ცურავ?
– ცურვაც კარგად ვიცი და ნამზეურიც ძალიან მომწონს. დაბადებიდან შავგვრემანი ვარ, მაგრამ გარუჯვა ყველა ადამიანს უხდება – მესექსუალურება, მელამაზება…
– გასარუჯად მზის გულზე წვები თუ ცურვისას მიღებული რუჯით კმაყოფილდები?
– დროის 20%-ს ცურვას ვუთმობ, 80%-ს – გარუჯვას, შეზლონგზე წოლას…
– საზღვაო სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადები ხოლმე?
– კი, რა თქმა უნდა. ახალი ტატუც გავიკეთე… ზაფხულისთვის ყველა თავისებურად ემზადება – ვარჯიშობენ, დიეტას იცავენ… გამონაკლისი არც მე ვარ.
– საცურაო კოსტიუმებს განსაკუთრებულად არჩევ თუ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია?
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ არ მომწონს, როცა 90-იანი წლების დროინდელი “ტრუსიკით” ბანაობენ. როგორი კარგი ხარისხის ქსოვილისგანაც უნდა იყოს შეკერილი, მგონი, უხერხულია, როცა ზღვაზე საბანაოდ მოკლე, ვიწრო ტრუსით მიდიხარ. თან, რომ იძახიან – რას ამბობ, იცი, რა კარგი ხარისხიაო?! ასეთ რაღაცებზე ძალიან მეცინება: როგორი ბრენდიც უნდა იყოს, ამხელა კაცი პლაჟზე, ფაქტობრივად, ტანგით” რომ ხარ წამოსკუპებული, უხერხულია. ვისაც მოსწონს, ღმერთმა შეარგოს (იცინის). პირადად მე, მუხლს ოდნავ ზემოთ საცურაო შორტები მომწონს. სხვადასხვა ფერის მაქვს. როცა საკმარისად გარუჯული ვარ, თეთრი ფერისას ვიცვამ, მანამდე – შავს. ძირითადად, ჩემთვის საყვარელ ამ ორ ფერს შორის “ვტრიალებ”.
პლაჟზე გოგონების ყურადღებას იქცევ? შენს გასაცნობად, სელფების გადასაღებად თუ მოდიან?
– კი. სხვათა შორის, ამ ზაფხულს რეკორდული რაოდენობის სელფი გადავიღე, რაც მახარებს, რადგან 3 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. ამ ორმა სიმღერამ – “შემოდგომის ფოთლები” და “არ გიცნობდი” – დაკარგული დრო “ამომიქაჩა”.
– როგორი შეგრძნებაა, როცა მაგალითად, ბუნგალოში შენი სიმღერა ჟღერს?
– ბოლო დროს, ბუნგალოებში სულ “მამა, ია ლიუბლიუ გრუზინა” ჟღერდა. არ ვიცი, ეს ტურისტების ბრალია თუ რა ხდება (იცინის). შარშან ზაფხულში სამეგობრო თურქეთშიA ვისვენებდით. როგორც კი სასტუმრო კომპლექსში (რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა) შევედით, ეს სიმღერა გაისმოდა. რატომ არ უნდა გამიხარდეს? ნამდვილად სასიხარულოა, რომ უცხო ქალაქში ყოველდღე შენს სიმღერას აჟღერებენ.
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– კლიპს ვიღებ დუეტზე, რომელიც ერთ გოგონასთან – რუსა სერგიასთან ერთად ჩავწერე. სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გახლავთ, არანჟირების – ძვალი (აჩი ვანიშვილი). კლიპის გადაღებები დაწყებული იყო. შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, თბილისიდან წავედი (დასავლეთ საქართველოში კონცერტები იმართებოდა), მერე კი დასვენება “გადავაბი”. ახლა ისევ სამუშაოდ ვემზადები…

წყარო:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები