გოგონა, რომელიც სხეულით გადაეფარა 4 წლის დას და სიცოცხლის ფასად გადაარჩინა – “მაპატიე, რომ დავიგვიანეთ”

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, იტალიაში რენალდოების ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გოგონები ჯულია და ჯორჯია იზრდებოდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ ეს გოგონები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ისინი 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის სიმბოლოებად იქცნენ.

გოგონები არდადეგებს, მშობლებთან ერთად, ქალაქ ამეტრიჩეს მახლობლად,  ერთ-ერთ სოფელში ატარებდნენ. 8 წლის ჯულია და 4 წლის ჯორჯია იმ საბედისწერო დღეს საძინებელ ოთახში ერთად იყვნენ…

მიწისძვრიდან 17 საათიანი ძებნის შემდეგ, გოგონები მეხანძრემ იპოვა. სწორედ მან ნახა პირველმა როგორ იყო უფროსი და პატარას გადაფარებული, ასე გადარჩა 4 წლის ჯორჯია, ჯულია კი…

ახლა ჯორჯია საავადმყოფოშია… მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღარ ლაპარაკობს…

ჯულია 28 აგვისტოს დაკრძალეს, სწორედ ამ დღეს მისი დაიკოს – ჯორჯიას დაბადების დღეც იყო…

გოგონების მშობლები ცოცხლები არიან. დედა ამჟამად საავადმყოფოშია. მამა კი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გრძნობს თავს მაინც, ასე ვთქვათ, ბედნიერია, რომ ერთი შვილი მაინც გადაურჩა ცოცხალი.

მეხანძრის წერილი, რომელმაც ნანგრევებში ჩაფლული გოგონები იპოვა:
“გამარჯობა პატარავ, ვცადე დაგხმარებოდი ნანგრევების ციხიდან დაღწევაში. მაპატიე, რომ დავიგვიანეთ, სამწუხაროდ, სუნთქვა უკვე შეწყვეტილი გქონდა, ვერ გადაგარჩინეთ… მაგრამ იქ, მაღლა, მინდა იცოდე, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რათა როგორმე გამოგვეყვანე. ჩემს სახლში, აქვილაში, დაბრუნების შემდეგ, მეცოდინება, რომ შენი სახით, იქ, ციდან ერთი პატარა ანგელოზი დამყურებს, ღამით კი – მბრწყინავი, კაშკაშა ვარსკვლავი… ნახვამდის ჯულია, მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდი…
ანდრეა”

f286c388e538c7ba7d7a0a64e3ef90df

წყარო:kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები